უკრაინელებისთვის უნიტაზების მოპარვის შემდეგ რუსმა სამხედროებმა შვედებს საგზაო ვიდოკამერებიც აწაპნეს, დრონებზე დასაყენებლად? - კვირის პალიტრა

უკრაინელებისთვის უნიტაზების მოპარვის შემდეგ რუსმა სამხედროებმა შვედებს საგზაო ვიდოკამერებიც აწაპნეს, დრონებზე დასაყენებლად?

შვედეთის უსაფრთხოების პოლიციის განცხადებით, რომელიც შეიძლება თავიდან დაუჯერებელიც კი მოგეჩვენოთ - ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში შვედეთის ავტობანებიდან მოიპარეს ასამდე ერთეული Canon-ის ფირმის ძვირად ღირებული (თითოეული 21 ათასი დოლარის ფასის) სათვალთვალო ვიდეოკამერა, რომლებიც ავტობანების გასწვრივ განთავსებულ ბოძებზე, დაცულ რკინის კორპუსებში იყო განთავსებული და იდენტური ვიდეოკამერები აღმოჩენილი იქნა... უკრაინაში ჩამოგდებულ რუსულ „ორლან-10“ ტიპის სადაზვერვო დრონებში...

ის, რომ რუსი ოკუპანტები ჯერ ქართველებს გვპარავდნენ უნიტაზებს, ახლა კი უკრაინელებს ტოვებენ სანტექნიკის ამ აუცილებელი ატრიბუტის გარეშე, დიდი ხანია, ცნობილია, მაგრამ, ფაქტობრივად, უკვე ნატოს წევრი ქვეყნის ავტობანებიდან იმ სათვალთვალო ვიდეოკამერების, რომლებმაც თავად უნდა დააფიქსირონ ავტობანზე მომხდარი ყველა მოქმედება, მასობრივად მოპარვა და მათი შემდგომ თავის სადაზვერვო დრონებზე დაყენება, მართლაც რომ მოფიქრებისა და განხორციელების უმაღლესი პილოტაჟია!

2-orlani-1666343904.png
შვედეთის ავტობანზე ბოძზე დამაგრებული სპეციალური რკინის კორპუსი, საიდანაც ძვირადღირებული სათვალთვალო ვიდოკამერა მოიპარეს

უნიტაზებზე რა გითხრათ, მაგრამ თანამედროვე დასავლური ვიდეოკამერების მართლაც დიდ დეფიციტს განიცდის რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი (თუმცა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ რუსეთში უნიტაზების ფასმა 50-70% -ით მოიმატა, როგორც იმპორტულზე, ისე - ადგილობრივი წარმოებისაზე, რადგან შეიზღუდა თეთრი კაოლინის იმპორტი რუსეთში, რომლისგანაც მზადდება უნიტაზები) - თუკი აქამდე რუსეთში ორმაგი ან, სულაც, სამხედრო დანიშნულების თანამედროვე დასავლური წარმოების პროდუქცია, მართალია, შემოვლითი გზებით, მაგრამ დიდი პარტიებით შედიოდა, სანქციების გამკაცრების შედეგად, რუსეთის საგარეო და სამხედრო დაზვერვის ემისრებს, თითქმის, სათითაოდ უწევთ ასეთი მოწყობილობების ყიდვა სხვისი სახელით და შემდგომ - რუსეთში გადაგზავნა.

ამიტომაც შვედეთის უსაფრთხოების პოლიციის განცხადება, რომ მათი ავტობანებიდან მოპარული ძვირად ღირებული და, შესაბამისად, მაღალი ხარისხის სათვალთვალო ვიდეოკამერები შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა აღმოაჩინეს ჩამოგდებულ რუსულ სადაზვერვო „ორლან-10“-ებში, სრული რეალობა შეიძლება გახლდეს.

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა 91 ერთეული რუსული „ორლან-10“ ჩამოაგდეს, რაც ვიდეოფოტო გადაღებებითაა დადასტურებული. დიდი ალბათობით, რუსებს უფრო მეტი „ორლანი“ აქვთ დაკარგული უკრაინის ტყეებში (ერთი მათგანი ორი დღის წინ ადგილობრივმა მაცხოვრებელმა იპოვა, ტყეში შეშის შეგროვებისას), რაც ჯერ აღმოჩენილი არ არის.

3-orlani-1666343958.png
უკრაინელების მიერ ჩამოგდებული მორიგი რუსული ორლან-10“, რომლის „შიგნეული“ ნატოს ქვეყნებში წარმოებული და სანქცირებული თანამედროვე აპარტურითაა გამოტენილი...

და ყველაზე საინტერესო, იცით, რა გახლავთ? - ყველა ჩამოგდებული „ორლანი“ თითქმის რაღაცით განსხვავდება ერთმანეთისგან - ერთი დანიშნულების, მაგრამ სხვადასხვა დასავლური ფირმის წარმოების დეტალები უყენია და მართლაც რჩება იმის შთაბეჭდილება, რომ რუსეთის არმიაში ყველაზე მრავალრიცხოვან სადაზვერვო დრონებს თითქოს იმ დასავლურ დეტალებს უყენებენ აწყობისას, რომელსაც იმ მომენტში... იშოვნიან.

პ.ს. ისე, დააკვირდით რუსული „ორლან-10“-ის სილუეტს სტატიაში გამოქვეყნებულ ფოტოზე, შეიძლება გამოგადგეთ ამოსაცნობად, რადგან რუსი ოკუპანტები სწორედ ასეთ დრონებს სისტემატურად იყენებენ ცხინვალის, ახალგორისა თუ გალის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მიმდებარე (და არა მარტო) ქართული ობიექტების დასაზვერად...