"გთავაზობთ, რომ არესტოვიჩის, პოდოლიაკის სისულეების მოსმენა შევწყვიტოთ" - კვირის პალიტრა

"გთავაზობთ, რომ არესტოვიჩის, პოდოლიაკის სისულეების მოსმენა შევწყვიტოთ"

არესტოვიჩი ამბობს, რომ თურმე უკრაინამ საქართველოში ძალების პროეცირება თუ ინტერვენცია უნდა მოახდინოს - სულ რომ ამას ფიქრობდე, ამის ღიად და სახალხოდ თქმა არა მხოლოდ უვიცობაა, არამედ რაღაც ფსიქიატრიულ პრობლემასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, - ეს შეფასება ჟურნალისტებთან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.

სამხარაძის განცხადებით, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ერთი ქვეყნის მხრიდან მეორე ქვეყნის მიმართ აგრესია რა ფორმით განხორციელდება.

“არესტოვიჩის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან თუ ვიმსჯელებთ, სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი, მას ასეთი რამ თავში როგორ მოუვიდა. არესტოვიჩი გვპირდება, რომ თურმე უკრაინა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებს. მგონი, აბსურდის თეატრში ვართ. გთავაზობთ, რომ არესტოვიჩის, პოდოლიაკის სისულეების მოსმენა შევწყვიტოთ - ამაზე კომენტარების კეთებაც აღარ ღირს. მომავალ კვირას საპარლამენტო დელეგაცია ზაგრებში, ყირიმის პლატფორმაზე მიემგზავრება, რომელიც მოგეხსენებათ, რომ არის უკრაინის მხარდასაჭერი პლატფორმა. შეხვედრა იქნება რადას თავმჯდომარე სტეფანჩუკთან და მასთან ამ საკითხს დავსვამთ, თუმცა მისი პასუხი წინასწარ ვიცით, რომ ეს არის არასერიოზული ადამიანის არასერიოზული განცხადება და ამიტომ ეს განცხადება სერიოზულად არ უნდა მივიღოთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი ერთ-ერთ “იუთუბ” არხზე გამართულ დისკუსიაში აცხადებს, რომ “უახლოეს მომავალში, როდესაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი უნდა გადაერთონ საქართველოს “შველაზე“. ჟურნალისტის კომენტარზე, რომ საქართველოში 300 ათასი რუსი იმყოფება და 300 ათასი რუსი 3 მილიონი ქართველიდან ანუ 10%, ქართველებისთვის დიდი პრობლემაა, არესტოვიჩმა უპასუხა: “ეს არის კატასტროფა, მითუმეტეს, პრორუსული მთავრობის გათვალისწინებით, რომელსაც არ აქვს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილებები და გაანადგურა ყველაფერი, რაც შექმნა სააკაშვილმა, სადაც კორუმპირებული პოლიცია, სადაც ყველაფერი იყიდება, როგორც თავად ქართველები ამბობენ და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი პრობლემაა. ჩვენ მოვახდენთ იქ ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის გადარჩენა, სომხეთის გადარჩენა, ყველას გადარჩენა. ეს კარგი ისტორიაა, რადგან მილიონი ჩვენი ნაომარი ბიჭისა და გოგოსთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა სივრცეში. მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციური ოპერაციები, ჰუმანიტარული ოპერაციები და ა.შ.“, – განაცხადა ოლექსი არესტოვიჩმა.