"საქართველოს ხელისუფლება ჩირგვებშია - როდესაც ვამბობთ, უკრაინული მხრიდან რატომ კეთდება განცხადებები, ისიც უნდა დავუმატოთ, რის ფონზე კეთდება" - კვირის პალიტრა

"საქართველოს ხელისუფლება ჩირგვებშია - როდესაც ვამბობთ, უკრაინული მხრიდან რატომ კეთდება განცხადებები, ისიც უნდა დავუმატოთ, რის ფონზე კეთდება"

ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინის ქალაქები დაიბომბა, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს არა თუ დაგმობის წერილი არ გამოუქვეყნებია, სამძიმრის წერილიც ვერ გაბედეს, რომ გამოექვეყნებინათ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ზურაბ ბატიაშვილის თქმით, უკრაინაში ქალები და ბავშვები იხოცებიან და ამ დროს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ჩირგვებშია გაქცეული.

„ხელისუფლება მიდგომებს დიდი ალბათობით არ შეცვლის. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინის ქალაქები დაიბომბა, ბოლო დაბომბვა მაქვს მხედველობაში და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს არა თუ დაგმობის წერილი არ გამოუქვეყნებია, სამძიმრის წერილიც ვერ გაბედეს, რომ გამოექვეყნებინათ. ამას პოლიტიკოსობა არც სჭირდება, ეს ადამიანური მომენტია, როცა ქალები და ბავშვები იხოცებიან. სად არის აღმასრულებელი ხელისუფლება ჩირგვებშია გაქცეული ხომ?“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ზურაბ ბატიაშვილმა გადაცემაში ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც უკრაინელებს ქართველებიც გადარჩენაც მოუწევთ.

ზურაბ ბატიაშვილის თქმით, არესტოვიჩმა აღნიშნული განცხადება იმ ფონზე გააკეთა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობა გაზრდილია და სავარაუდოდ ამან გამოიწვია მისი გაბრაზება.

„როდესაც ვამბობთ, რომ იქითა მხრიდან რატომ კეთდება ასეთი განცხადებები, ესეც უნდა დავუმატოთ, რის ფონზე კეთდება ასეთი განცხადებები. განცხადება კეთდება, მაშინ, როდესაც აქ ათასობით რუსული კომპანია შემოდის და ნახეთ მონაცემები როგორ არის გაზრდილი ვაჭრობის მონაცემები რუსეთსა და საქართველოში. ამათ ხელში მოსალოდნელიც იყო, ერთ ღამეში გავიღვიძეთ და დილით ქარხნები იყო აშენებული, რომელიც შევიტანეთ რუსეთში? რა ხდება, საიდანაა გაზრდილი ეს ვაჭრობა? ამას ხომ ყველაფერს ხედავენ და ამ ფონზე არესტოვიჩი, რა თქმა უნდა, გაბრაზდება, ხედავს, რომ რუსეთთან, რომელსაც დაწესებული აქვს სანქციები, შენთან ვაჭრობა გაეზარდა“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.