"დღეს ქართველი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას“
"საქართველოდან იმაზე მეტი ქართველია გასული, ვიდრე წარმოგვიდგენია. მოსალოდნელი შედეგები შემაშფოთებელია", - ასეთია დემოგრაფ ანზორ თოთაძის ვარაუდი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული მოქალაქეების რაოდენობამ 99 974 კაცი შეადგინა. ანზორ თოთაძის განმარტებით, ვინაიდან მიგრანტების დიდი ნაწილი ქვეყნიდან არალეგალურად გადის, შეუძლებელია მათი აღრიცხვა. "ვინ იცის, რამდენი კაცი გადავიდა ამერიკაში მექსიკიდან და ბრაზილიიდან", - დასძენს დემოგრაფი და ამბობს, რომ შეუქცევადი მიგრაცია ქვეყანას დემოგრაფიულ საფრთხეს უქმნის...
- მიგრაცია და შობადობის შემცირება არის ის ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა უგულებელყოფამ შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ქართველი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. თუ დემოგრაფიული ტენდენციები ასე გაგრძელდება, შეიძლება უახლოეს 5-6 წელიწადში საქართველოს ყველა რეგიონი, დიდი ქალაქების გარდა, გაუკაცრიელდეს. არადა, ისტორიულად ქართველი კაცი სამშობლოს, განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, ნებით არ ტოვებდა. საბჭოთა კავშირის დროს ჩატარებული კვლევის მიხედვით, კავშირში მცხოვრები ქართველების 98% საქართველოში ცხოვრობდა, სომხეთში - სომხების მხოლოდ 65%, აზერბაიჯანში კი აზერბაიჯანელების 84%.
- რა იყო ამის მიზეზი?
- ტრადიცია და მენტალობა. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ქართველებს ისეთი მრავალწლიანი კულტურული მცენარეების მოყვანის ტრადიცია გვქონდა, როგორიც ვაზია. ვინაიდან ამ კულტურებს მუდმივი მოვლა-პატრონობა სჭირდებოდა, ქართველი კაცი მიჯაჭვული იყო თავის მიწას. ამავე პერიოდში ჩვენს რეგიონში სხვა ქვეყნები, ძირითადად, მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. ამას გარდა, ქართველებს ყველა სხვა ერის წარმომადგენლისგან გამორჩეული თვისება აქვთ - რაც უნდა კარგად ცხოვრობდნენ უცხო ქვეყანაში, მაინც სამშობლო ენატრებათ და მუდმივად დაბრუნებაზე ფიქრობენ. როგორც წესი, ქართველი ეკონომიკური კეთილდღეობის მოპოვების გამო კერას არ ტოვებდა. ისტორიული და ლიტერატურული წყაროებიდანაც ხომ ვიცით, რომ მხოლოდ ბედუკუღმართობა თუ მოსწყვეტდა ქართველს სამშობლოს და მაშინაც მისი უკანასკნელი სურვილი იყო სამუდამო განსასვენებელი საქართველოს მიწაში ეპოვა.
- შემდეგ რა შეიცვალა ქართველი ხალხის მენტალობაში?
- არაფერი. ქართველი ისევ დამოკიდებულია სამშობლოზე, უბრალოდ, სააკაშვილის მმართველობის დროს ძალიან ცუდი რამ დაემართა ქვეყანას. მართალია, საქართველოში მიგრაციის პროცესი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო, მაგრამ ეს შეუქცევადი "ნაციონალების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა. სააკაშვილი თავისი ინსტიტუციების საშუალებით მიზანმიმართულად ცდილობდა ახალგაზრდებში ეროვნული იდეალების ჩაკვლას. განათლების სისტემის განადგურებით, იდეალების ნგრევით, გურამიშვილის, ჭავჭავაძისა და სხვა ავტორიტეტების შეურაცხყოფით დაანგრია ახალგაზრდების ფსიქიკა და მიიყვანა პრიმიტიულ აზროვნებამდე. ძალიან ადვილია იმ ახალგაზრდების მართვა, რომელთა ოჯახი და სამშობლო მაღალ ღირებულებას არ წარმოადგენს და მხოლოდ საშოვარზეა გადაგებული.
- დღეს რაშია გამოსავალი, როგორ უნდა შეიცვალოს საემიგრაციო პოლიტიკა, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და რა უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებამ, რათა სავალალო შედეგამდე არ მივიდეთ?
- მიწები არ უნდა გავყიდოთ, მიწის გაყიდვა სამშობლოს გაყიდვის ტოლფასია. კაცობრიობის ისტორია მიწისათვის ბრძოლაა. დღეს მიწის დიდ მასივებს ყიდულობენ ჩინელები, არაბები, პაკისტანელები... მიწისა და სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა "ნაციონალებმა" დაიწყეს. "ქართულ ოცნებაზე" ამბობენ, რუსეთუმეები არიანო, და ამ დროს თავად მიჰყიდეს რუსეთს ყველაფერი. სოფლებში საუკეთესო მიწები ისე მიჰყიდეს უცხოელებს, რომ გლეხებს არც ატყობინებდნენ. შესაბამისად, გლეხებს აღარც საძოვრები დარჩათ და აღარც სამარაგო მიწები. მცირემიწიან, დემოგრაფიული პრობლემების მქონე ქვეყანაში ამის გაკეთება ქვეყნის ღალატის ტოლფასია. პასუხისმგებლიან ხელისუფლებას ადგილზე გლეხის დამაგრების მიზნით უფასოდ უნდა გადაეცა მიწები, რომლებიც ოდესღაც ისედაც მათ წინაპრებს ეკუთვნოდათ. ტექნიკითაც თუ დაეხმარებოდნენ, არათუ ქვეყნიდან, სოფლიდანაც არსად წავიდოდა ეს ხალხი. შეიძლება ითქვას, სააკაშვილმა სოფლიდან გააძევა გლეხები. მნიშვნელოვანი პრობლემაა ისიც, რომ დღეს თბილისში უამრავი ახალი კორპუსი შენდება. უამრავი ბინა მზადდება გასაყიდად. ქართველების დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო მოსალოდნელია, რომ კანონში არსებული ხარვეზების, სხვადასხვა ხრიკისა და ფიქციური ქორწინებების შედეგად იქ, ძირითადად, უცხოელები დასახლდნენ. გასაგებია, რომ გლობალიზაციის პროცესია, ისიც მესმის, რომ ადამიანის ეროვნული ნიშნით შეზღუდვა არ შეიძლება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ პატარა ერი ვართ და დემოგრაფიულად სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ.
პირველ რიგში, ახალგაზრდებმა უნდა გაიაზრონ საფრთხე. სამწუხაროდ, ისინი ძირითადად, საშოვარზე არიან გადაგებული, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ ეპოქაში, ოჯახი და სამშობლო მათთვის მაღალ ღირებულებებს აღარ წარმოადგენს.
- დემოგრაფიულ სურათს ბოლო დროს რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლაც შეცვლის?
- არა მგონია. საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში 435 000 რუსი ცხოვრობდა. 2014 წელს ჩატარებული აღწერით გაირკვა, რომ ქვეყანაში 24 000 რუსიც კი აღარ იყო. ჩვენი საზოგადოების ნაწილს, ალბათ, ის აშფოთებს, რომ ქალაქის ქუჩებში დღეს ძალიან ბევრი რუსი გვხვდება, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ საქართველოში ბოლო დროს ძალიან განვითარდა ტურიზმი, რუსებს კი დასავლური ქვეყნების დიდ ნაწილში აღარ უშვებენ. ზოგიერთი რუსი აქ ომსაც გამოექცა, უმრავლესობა საქართველოს მხოლოდ სატრანზიტოდ იყენებს.
- გარდა იმისა, რომ მრავალრიცხოვანია საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული და სომხური თემი, ამასთან, სისტემატური ხასიათი მიიღო არაბების, ჩინელების, ინდოელებისა და პაკისტანელების ჩამოსახლებამ. ხომ არ არის იმის საფრთხე, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოში არაქართველმა მოსახლეობამ ეთნიკურ ქართველებს გადააჭარბოს?
- ჯერ ამის საფრთხე არ არის, იმიტომ, რომ 2014 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 86% ეთნიკური ქართველია, მხოლოდ 14% იყო არაქართველი ეთნოსი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი არ შეიცვლება. თუ პროცესი უმართავი გახდება და ქართველების შეუქცევად ემიგრაციასთან ერთად უცხოელების შეუქცევადი მიგრაცია გაგრძელდება, გაგრძელდება მიწების უცხოელებზე მიყიდვაც. დიდი ალბათობით, ქვეყანაში 20 წლის შემდეგ დემოგრაფიული სურათი შეიცვლება და ეთნიკური ქართველი ეროვნულ უმცირესობაში აღმოჩნდება.
„თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ერთ დიდ სასაფლაოდ გადაიქცევა“
გია ხუხაშვილი: - თუ როგორი შეიძლება იყოს ქვეყნის დემოგრაფიული სურათი 20 ან თუნდაც 10 წლის შემდეგ, ეს ძალიან ბევრ სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორზეა დამოკიდებული... დღევანდელი ტენდენციები კი სახარბიელოს არაფერს გვიქადის. საფრთხეს უფრო თვალნათლივ დავინახავთ, თუ იმას გავაანალიზებთ, რომ ქვეყნიდან ქართველების მიგრაციის პარალელურად უცხოელები სისტემატურად შემოდიან და სახლდებიან. შეიძლება ეს დღეს ხელშესახებ პრობლემად არ გვეჩვენებოდეს, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ძალიან მწვავე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით.
- როგორ შეიძლება შევაჩეროთ ქართველების მიგრაცია?
- ქართველების მიგრაცია შეყოვნდება და შეჩერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ბაზარი შეიცვლება. ამბიციური და განათლებული, ასევე ნაკლებად განათლებული, მაგრამ ეკონომიკური სიკეთეების მაძიებელ მოქალაქეთა რიცხვი ძალიან იზრდება. ესენი არ არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც ობიექტური ან სუბიექტური მიზეზების გამო მიჯაჭვული არიან სამშობლოზე. როგორც მოგეხსენებათ, ადამიანს ორი ძირითადი ფასეულობა აქვს: თავისუფლება და ღირსება. ხშირად სწორედ ამ ფასეულობების დეფიციტის გამო იწყება სისტემური მიგრაცია, რაც დღეს ხდება კიდეც. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, მაშინ ათი წლის შემდეგ შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე მივიღოთ აბსოლუტურად განსხვავებული დემოგრაფიული სურათი, სადაც ეთნიკური ქართველები უმცირესობაში ვიქნებით.
- ქვეყნის შრომით ბაზარზე კონკრეტულად რა ცვლილებებია საჭირო?
- ქართველები საქართველოდან მხოლოდ იმიტომ კი არ მიდიან, რომ სამუშაო ადგილები არ არის, ხშირად უცხოელ მიგრანტებს კონკურენციას ვერ უწევენ. იმ ფულიან უცხოელებს, რომლებმაც ქართველებთან კონკურენციაში უპირატესობა მოიპოვეს, თავიანთი ნათესავები მოჰყავთ, ქმნიან ანკლავებს და მრავლდებიან. ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი საემიგრაციო პოლიტიკის შეცვლა და ეკონომიკური განვითარებაა. ერთადერთი, რაც საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ წარმატებას უზრუნველყოფს, მწარმოებლური სექტორის განვითარება, დამატებითი ღირებულებისა და სამუშაო ადგილების შექმნაა. ძალიან ცუდია, რომ ამდენი წლის განმავლობაში პროფესიული განათლების სისტემაც ვერ შევქმენით. არიან მაღალტექნოლოგიური გიგანტები, რომლებსაც, ყველაფრის მიუხედავად, აწყობთ საქართველოს შრომითი ბაზარი, მაგრამ ხედავენ, რომ აქ კვალიფიციური მუშახელი არ არის, კვალიფიკაციას კი ვერავინ მიიღებს, თუ ქვეყანაში პროფესიული განათლების სისტემა არ იქნება.
- იმ ქართველებს რატომ არ უჩნდებათ საქართველოში საქმის წამოწყების სურვილი, რომლებმაც უცხოეთში ცოდნა, გამოცდილება ან ფული დააგროვეს?
- იმიტომ, რომ აქ განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავენ. ურჩევნიათ საქართველოში უძრავი ქონება დააგროვონ, რომ სიბერე აქ გაატარონ. გამოდის, ეს ხალხი საქართველოში იმისთვის მოდის, რომ ქართულ მიწას მიაბაროს სული. თუ ასე გაგრძელდება, საქართველო ერთ დიდ სასაფლაოდ გადაიქცევა. ქართველი შრომისუნარიანი, ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები უცხოეთში, სხვების აშენებულ ქვეყნებში კი არ უნდა გარბოდნენ ადგილის დასამკვიდრებლად, საკუთარ ქვეყანაში იწყებდნენ ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის.
ხათუნა ბახტურიძე