„ნაკლებია ალბათობა, ენერგორესურსების ფასები ჩვენთან მკვეთრად გაიზარდოს“ - კვირის პალიტრა

„ნაკლებია ალბათობა, ენერგორესურსების ფასები ჩვენთან მკვეთრად გაიზარდოს“

რუსეთი უკრაინაში ინტენსიურად ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, ენერგოობიექტებს. ცხადია, მთავარი პრობლემა ადამიანების სიცოცხლეა, რომლებიც რუსეთის აგრესიას ეწირებიან. თუმცა მეორე პრობლემაა ის, თუ ამით როგორ ცდილობს პუტინი ევროპისთვის დამატებით ძალიან არსებითი პრობლემების შექმნას, განსაკუთრებით კი მოახლოებული ზამთრის წინ. რუსეთის ომი უკრაინაში და ამით გამოწვეული შედეგები რა გავლენას მოახდენს მსოფლიო Eეკონომიკაზე და როგორ აისახება ეს საქართველოზე, ამის შესახებ ეკონომისტ ზვიად ხორგუაშვილს ვესაუბრეთ:

უკრაინაში ომი, როგორც ჩანს, გახანგრძლივდება. ამ ვითარებაში ფასების ზრდა გაგრძელდება, განსაკუთრებით ენერგორესურსებზე. რუსეთს კი სურს წარმოაჩინოს, რომ ევროკავშირი იშიმშილებს და გაიყინება, მაგრამ ასე არ იქნება, რადგან ენერგორესურსების მომარაგების დიდ ნაწილს ანაცვლებს ნორვეგია, ამავე დროს აქვთ რეზერვები და არც ისე ცოტა, უპირველესად კი გერმანიას. ამის მიუხედავად, ფასები გაიზრდება და მაღალი ინფლაციაც გაგრძელდება. პრობლემა კი ის არის, თუ როგორი პოლიტიკა ექნებათ როგორც ევროზონის ქვეყნებს, ასევე ამერიკას, რადგან ასეთი მკვეთრი ინფლაცია არ არის მხოლოდ იმის ბრალი, რომ ენერგორესურსები გაძვირდა. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ: თუ გვაქვს 100 ლარი და აქედან 20 ლარს ვხარჯავდით საწვავზე და უცბად მოგვიწია 40 ლარის დახარჯვამ, ეს ნიშნავს, რომ დანარჩენი რაღაცებისთვის თუ გვქონდა 80 ლარი, ახლა დაგვრჩება 60 და ვამცირებთ მოთხოვნას, რადგან ვეღარ ვყიდულობთ. ხოლო როდესაც ამ სხვა რაღაცებზე მოთხოვნა მცირდება, ფასებიც იკლებს და საშუალო ინფლაციას აბალანსებს. ამიტომ ინფლაციის მთავარი წყარო მაინც ის არის, რომ პანდემიიდან მოყოლებული ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეზერვებიდან ბაზარზე კოლოსალურად დიდი თანხები გამოიტანა. ახლა კი იმის საპასუხოდ, რომ მსოფლიო არაფორმალურად რეცესიაში უკვე არის, ამერიკაში უკვე გაზარდეს და კიდევ გაზრდიან ფედერალური რეზერვების საპროცენტო განაკვეთებს. ეს ეკონომიკას შეანელებს, მაგრამ ფასების ზრდა აღარ გაგრძელდება

- ანუ დღეს მსოფლიო ეკონომიკის მთავარი გამოწვევა რეცესიაა?

- ეკონომიკაში რეცესია უკვე დაწყებულია. ამერიკის ეკონომიკა მცირედით, მაგრამ მაინც შემცირდა და როდესაც არ იზრდება, ესეც უკვე რეცესიას ნიშნავს. რეზერვებიდან ბაზარზე ფულის გატანამ განაპირობა ინფლაცია. ევროპის ქვეყნების ეკონომიკები, აშშ-ისგან განსხვავებით, მკვეთრად დაასუსტა ლოკდაუნმა. ამერიკა ამას შედარებით კარგად გადაურჩა, რადგან დიდი ლოკდაუნი არ ჰქონია. თუმცა, მისი და სხვა ქვეყნების ეკონომიკებიც გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და ცხადია, მასზეც იმოქმედა ლოკდაუნმა. რასაც ნამდვილად უნდა ველოდოთ, არის ის, რომ ენერგორესურსები უფრო გაძვირდება. ოპეკ-ის ქვეყნები ამბობენ, მოპოვება უფრო უნდა შევამციროთო, რაც ცუდად იმოქმედებს ფასებზე, გაზრდის. თუმცა არ შეიძლება თქმა, რომ ევროკავშირი საშინელ დღეშია. კი, ენერგორესურსები ევროპაში ხუთჯერ გაძვირდა, მაგრამ ხალხს იმხელა შემოსავალი აქვს და ენერგორესურსებზე იმდენად მცირე ნაწილი ეხარჯება, რომ საშინელ მდგომარეობაში ჩავარდნაზე ლაპარაკიც ზედმეტია. დიახ, ფასები გაიზრდება, მაგრამ ეს თავიდანვე ყველამ ვიცოდით, როდესაც რუსეთს სანქციებს უწესებდნენ. მთავარი ის არის, რომ ეს გაცილებით დიდი დარტყმაა რუსეთზე, ვიდრე ზარალობენ დასავლური ქვეყნები. მთავარი ის არის, რომ ევროკავშირის და ამერიკის ეკონომიკები ისეთი ძლიერია, ამ გამოწვევას შედარებით ადვილად გაართმევენ თავს და ისეთი არაფერი მოხდება, რომ ამან პოლიტიკა შეაცვლევინოს, თუნდაც რუსეთის მიმართ.

- პრევენციისთვის რამის გაკეთება არ შეიძლებოდა?

- როგორ არა. მაგალითად, ენერგორესურსების მომარაგებასთან დაკავშირებული ევროკავშირის პროგრამები, მაგრამ კოვიდიდან მოყოლებული არასწორი პოლიტიკა ჰქონდათ. ეკონომისტების დიდი ნაწილის აზრით, და მეც ვიზიარებ მას, საჭირო იყო მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. თანამედროვე პოლიტიკური ელიტების ჩვევაა, ეკონომიკას ბევრ ფულს აყრიან, რათა კრიზისს გადაურჩნენ, მაგრამ სინამდვილეში ეს კრიზისს, პირიქით, წელავს. ასეთივე მდგომარეობა გვქონდა 2008-2009 წლებშიც - გლობალური ფინანსური კრიზისი იყო.

- ახლა ფინანსური კრიზისია თუ ეკონომიკური?

- ერთი და იგივეა, უბრალოდ, იმ პერიოდის კრიზისს სახელი მოუფიქრეს იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი დაიწყო აქტივების გაბერვითა და ფასების დაცემით. ახლანდელი რეცესია უფრო მეტად 1970-იანი წლების პერიოდს ჰგავს, როდესაც ამერიკაში პირველად მოიგონეს ტერმინი "სტაგფლაცია", რაც სტაგნაციისა და ინფლაციის ნაჯვარია. ბიზნესციკლები ხასიათდება იმით, რომ ან გაქვს ინფლაცია და შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ან თუ გაქვს სტაგნაცია, ინფლაცია არა გაქვს. 1970-იან წლებში კი იმდენი ფული ბეჭდეს, რომ მივიღეთ სტაგფლაცია - ანუ ჯერ იყო სტაგნაცია და გადაიზარდა ინფლაციაში. ახლაც მსგავსი სიტუაციაა, ეკონომიკაში ძალიან ბევრი ფული "ჩაასხეს".

- როგორც ამბობდნენ, პანდემიის დროს კრიზისი გამოიწვია მიწოდების ჯაჭვების რღვევამ. ახლაც იგივე პრობლემაა?

- ორი სკოლა არსებობს, რომლებიც სხვადასხვანაირად ხსნიან კრიზისებსა და ბიზნესციკლებს. ერთი ამბობს, რომ კრიზისი განაპირობა მიწოდების ჯაჭვების რღვევამ. ჩემთვის უფრო მისაღებია მეორე სკოლის ახსნა, რომ კრიზისი გამოიწვია არა მარტო მიწოდების შემცირებამ, არამედ მოთხოვნის შემცირებამ ყველაფერზე, გარდა საკვებისა. ადამიანები შინ სხედან და იზრდება მოთხოვნა საკვებზე, მაგრამ მკვეთრად მცირდება მოთხოვნა ისეთ რაღაცებზე, სადაც საქმე ინვესტიციას შეეხება. გაჩერდა ინვესტიციები, რაც ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორია. ამიტომ მე იმ აზრს უფრო ვიზიარებ, რომ კრიზისი უფრო ამის გამო იყო და არა იმიტომ, რომ მიწოდება შემცირდა, რადგან მოთხოვნაც მკვეთრად იყო შემცირებული. სინამდვილეში, ინფლაცია მაღალია სწორედ კოვიდის გამო. ახლაც კრიზისის მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ ინვესტიციები გაჩერდა, ქვეყნები ომზე არიან გადართული და ეკონომიკაზე ნაკლებად ზრუნავენ.

- როგორ გაგრძელდება ეს რეცესია?

- ეკონომიკას არ უყვარს წინასწარმეტყველება, სამაგიეროდ, შეგვიძლია წარსული ავხსნათ და ეს დაგვეხმარება გზების პოვნაში. წარსულის ახსნა კი გვეუბნება, რომ მთავარი პრობლემა პანდემიის დროს არასწორი მონეტარული პოლიტიკა იყო და აგრეთვე ის, რომ მთლიანად გააჩერეს ყველაფერი. როდესაც ეს ყველაფერი გაჩერდა, გადავედით დანაზოგების დახარჯვაზე. რადგან ისიც შევჭამეთ, ინვესტიციებიც ვეღარ გაკეთდა, ამას ბევრი ფულის ბეჭდვა დაემატა, რაც მოკლევადიანად კი იძლევა დადებით შედეგს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში უარეს შედეგებს იწვევს.

- ის, რომ რუსების შემოსვლით გვქონდა ერთჯერადი ეფექტი, ამას გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი გავლენა არ ექნება?

- ერთი კატეგორიის ხალხს გაუჩნდა მცირე შემოსავალი და ეს კარგია, მაგრამ ეს სტაბილურად არ იქნება.

- თქვენი აზრით, როგორი ზამთარი გველოდება ევროპასა და საქართველოს?

- ჩვენთან ძალიან ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ფასები ენერგორესურსებზე მკვეთრად გაიზარდოს, მაგრამ ინფლაციის ტემპი შენარჩუნდება და ამას ბევრი მიზეზი აქვს. პირველი ის არის, რომ მონეტარული პოლიტიკა არ გამკაცრებულა; მეორე - აგვისტოს ჩათვლით ინფლაცია თითქოს მცირდებოდა, სექტემბერ-ოქტომბერში კი ისევ იზრდება, რაც იმის საპირისპიროა, რასაც ცენტრალური ბანკი გეგმავდა; მესამე - საქართველოზე მსოფლიო ინფლაციაც ახდენს გავლენას. ასე რომ, იმპორტი აუცილებლად გაგვიძვირდება. ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ ეროვნულმა ბანკმა უფრო გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა, რასაც არ და ვერ იზამს ბევრი მიზეზით. ერთი მიზეზი ის არის, რომ დამოუკიდებელი არ არის და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ემორჩილება. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ხელს შეუშლის ფულის ბეჭდვას - ანუ ბანკმა ან უნდა გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი, ან თქვას, რომ მთავრობა ძალიან ბევრ შიდა ვალს არ უნდა იღებდეს. მთავრობა შიდა ვალს კომერციული ბანკებისგან იღებს, ისინი კი ფულს ეროვნული ბანკისგან იღებენ, რაც ბაზარზე ფულის მასას ზრდის. ეს კი ინფლაციის ერთ-ერთი მიზეზია. მეორე პრობლემა ის არის, რომ ინფლაცია სულ რომ ქვემოთ ჩამოიყვანო, ნომინალური ფასები მაინც გაიზრდება - ინფლაციის პრობლემა არსად წავა, თუ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა არ გაატარეს.

- რეფინანსირების განაკვეთი თუ გაიზარდა, ეს ისევ მოსახლეობას არ დააწვება?

- ეს მოსახლეობას სესხებს გაუძვირებს, მაგრამ არჩევანი ხომ იმაზე უნდა გავაკეთოთ, გაძვირდეს სესხი თუ უფრო მეტად გაგვიძვირდეს საკვები. რა გვირჩევნია, მაგალითად, 100 ლარიდან 10 ლარით მეტი გადავიხადოთ სესხში თუ საჭმელი გაძვირდეს ისე, რომ 100 ლარიც კი არ ეყოს და ვერც საჭმელი ვიყიდოთ და ვეღარც სესხი გადავიხადოთ? ამიტომ უკეთესია, ერთი რაღაც ნაკლებად გაძვირდეს და არა ყველაფერი და თან უფრო მეტად. ამ დღეში რომ ვართ, ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა.

რუსა მაჩაიძე