ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთში რუსული გაზის ჰაბი შეიქმნება - კვირის პალიტრა

ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთში რუსული გაზის ჰაბი შეიქმნება

იმ დროს, როცა დასავლეთს რუსეთისთვის სანქციები აქვს დაწესებული, ოთხჯერ ააფეთქეს ორივე "ნორდსტრიმი", რაც ანალიტიკოსების თქმით, მხოლოდ პუტინის ინტერესებში შედის და ევროპა შესაძლოა მოახლოებულ ზამთარში ენერგორესურსების პრობლემის წინაშე დადგეს, ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთში რუსული გაზის ჰაბი შეიქმნება.

"თურქეთი იქნება ბუნებრივი აირის ჰაბი. მე და პუტინი ამ საკითხზე ჩვენს ბოლო შეხვედრაზე შევთანხმდით. ჩვენ აქ, თურქეთში შევქმნით რუსეთიდან მომავალი გაზის ჰაბს", - თქვა ერდოღანმა და დასძინა, რომ "საკუთარი სიტყვებით პუტინმა მსოფლიოს განუცხადა, რომ ევროპას საკუთარი ბუნებრივი აირის მიღება თურქეთისგან შეუძლია".

მანამდე, 12 ოქტომბერს, პუტინმა ილაპარაკა რუსეთის ბუნებრივი აირის შავი ზღვის რეგიონში გადატანისა და თურქეთის გაზის ჰაბად გადაქცევის შესაძლებლობის­ შესახებ. ამის შემდეგ კი ერდოღანმა აზერბაიჯანიდან თურქეთში დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ ომის დასასრულებლად რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების მოსაზრება მოლაპარაკების შესახებ შეიცვალა. როგორც ერდოღანი აღნიშნავს, "პუტინი ახლა ბევრად რბილი და ღიაა მოლაპარაკებისთვის, ვიდრე ადრე". რაც შეეხება ზელენსკის, ერდოღანის თქმით, მოლაპარაკების დროს მან იგრძნო, რომ "არც მას აქვს ასეთი წინააღმდეგობები და ამ საკითხის გადაჭრის მომხრეა". უკრაინული მედიის ინფორმაციით, ერდოღანი ზელენსკის "კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების" აუცილებლობაზეც ესაუბრა.

ცნობისთვის: უკრაინის პრეზიდენტმა­ პუტინთან მოლაპარაკებაზე უარი მას შემდეგ­ თქვა, რაც რუსეთმა სექტემბერში­ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსია გამო­აცხადა და ამ კვირაში უკრაინის ქალაქებს­ დაესხა თავს. 4 ოქტომბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, უკრაინა პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარს ამბობს.

ერდოღანის განცხადებამდე კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ABC News-სთან მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ "პუტინი არ არის დაინტერესებული მნიშვნელოვანი დიპლომატიით". ბლინკენის თქმით, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი ჯერ არ არის მზად დიპლომატიისთვის, აშშ-ის მიზანია უკრაინის გვერდში დგომა მანამდე, სადამდეც საჭირო იქნება, და იმის უზრუნველყოფა, რომ პოტენციურ მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინას ძლიერი პოზიცია ექნება.

რას ნიშნავს ერდოღანის ინიციატივა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არის თუ არა ეს მსოფლიო ლიდერობაზე პრეტენზია და რა გავლენა ექნება­ საერთაშორისო დღის წესრიგზე მის ქმედებებს, სად აღმოჩნდება საქართველო ამ პროცესებში, რონდელის ფონდის მკვლევარს ზურაბ ბატიაშვილს ვესაუბრეთ:

- პუტინს ბევრი პარტნიორი აღარ დარჩა, ვინც მას შეხვდება. თურქეთიკი არის ქვეყანა, რომელთანაც მას, ასე ვთქვათ, საუბარი ჯერ კიდევ შეუძლია. თურქეთის მხრიდან კი ამას ცალსახად ეკონომიკური სარჩული უდევს - ქვეყანას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვს და ერდოღანი მდგომარეობას თუ ვერ გამოასწორებს, რამენაირად გააუმჯობესებს მაინც, მით უმეტეს, რომ თურქეთში მაის-ივნისში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ეს მაშინ, როცა ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა, უმუშევრობა გაზრდილია და დოლართან მიმართებაში თურქული ლირა გაუფასურებულია.

იმ ფონზე, როდესაც რუსეთს სანქციები­ აქვს, თურქეთი მისთვის დანარჩენ სამყაროსთან ეკონომიკური კავშირის მნიშვნელოვანი საკვანძო პუნქტია. რუსეთის ბევრმა მოქალაქემ თურქეთში გახსნა კომპანიები და იქიდან დაიწყო ოპერირება. ამავე დროს თურქეთის საბანკო სისტემით ხდებოდა თანხების გადარიცხვა, რაც რუსულ რუბლს ამყარებდა.

დასავლეთი იმუქრებოდა, რომ შესაძლოა თურქეთისთვის მეორადი სანქციები­ დაეწესებინა და ეს შეხვედრა, რომელიც თქვენ ახსენეთ, გაიმართა კოორდინაციისთვის, თუ ენერგეტიკაში რა შეიძლება გაკეთდეს. განცხადებები კი გაკეთდა,­ მაგრამ ერთია განცხადება და მეორე რეალობა, რადგან ახლა თურქეთისა და რუსეთის დამაკავშირებელი 2 ხაზი ძალიან მცირე მოცულობისაა და თუ გინდა ჰაბი მართლაც გახდე, ახალი გაზსადენი უნდა გაიყვანო, რაც არა ერთი და ორი წლის ამბავია. ისიც საკითხავია, გაზსადენის გაყვანაში ვინ ჩადებს ფულს. ძალიან­ საეჭვოა, რომ დასავლელმა ინვესტორებმა რუსეთთან დამაკავშირებელი ახალი გაზსადენი დააფინანსონ. თურქეთს საამისო სახსრები არა აქვს. თუ რუსეთმა გადაწყვიტა ამის დაფინანსება, მეორე­ პრობლემა ის არის, რომ დასავლური ტექნოლოგიებია საჭირო, დასავლური კომპანიების ჩართვა, რაც ასევე გამორიცხულია. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ჰაბის შექმნისთვის საცავები უნდა აშენდეს. დღეს თურქეთში ამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა არ არსებობს. დამატებითი პრობლემაა ისიც, რომ არ არის თურქეთიდან ევროპასთან დამაკავშირებელი იმ გამტარიანობის გაზსადენები, რომლებიც ჰაბად ქცევის შემთხვევაში იქნება საჭირო. და ბოლოს, ამ ყველაფრის ფონზე ევროპის ქვეყნებს სურთ კი რუსული გაზის შეძენა? ასე რომ, პრობლემების მთელი კასკადია, რომელიც არც დროში, არც პოლიტიკურად და არც ფინანსურად მოგვარებული არ არის.

- ყოველივე ეს ერდოღანმა ხომ კარგად იცის და მაშინ პოლიტიკურად რა მოიგო?

- ვფიქრობ, ეს უფრო სურვილების დეკლარირება იყო. ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელთა მოგვარება ამ ეტაპზე შეუძლებელია. რაც შეეხება პოლიტიკურ სარგებელს, ამ განცხადებების უკან შესაძლოა იდგეს მხოლოდ ის, რომ საკუთარ მოქალაქეებს არჩევნების წინ მისცეს იმედი. ჩემი აზრით, მთავარი მაინც ის ეკონომიკური ურთიერთობებია, რაც რუსეთს და თურქეთს აქვთ და რაზეც დახურულ შეხვედრაზე იმსჯელეს. ის მილიარდობით დოლარი, რომელიც ახლა თურქეთში შედის, თურქეთის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

- ამ ვითარებაში, როდესაც ერდოღანსაც სურს მსოფლიო ლიდერობა და პუტინსაც და ერდოღანი პუტინისთვის სასარგებლო განცხადებებს აკეთებს, ამ დროს კი ეწინააღმდეგება დასავლეთის ინტერესებს, მის ამ ამბიციებს რა პერსპექტივა აქვს? არ ნიშნავს, რომ ის პუტინის გავლენაშია?

- თურქეთი არის ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან ლაპარაკიც შეუძლია და დასავლეთთანაც. თუმცა ამ შესაძლებლობას წითელი ხაზებიც აქვს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია მოახდინა და დაიწყო სასიცოცხლო მნიშვნელობის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა, უკრაინამ განაცხადა, რომ პუტინთან სალაპარაკო აღარაფერი აქვს. ამიტომ ერდოღანის განცხადებები ზელენსკისა და პუტინის შეხვედრაზე აცდენილია რეალობას, უფრო სურვილის კატეგორიაში გადის. დღეს ყველაზე რთულია შეხების წერტილების მოძებნა რუსეთსა და უკრაინას შორის. რუსულ პირობებზე არავინ აპირებს დათანხმებას და ამიტომ ძალიან ძნელად მესახება, რომ ერდოღანს ეს გამოუვიდეს, ყოველ შემთხვევაში, ახლა.

- ირანის უკრაინაში რუსეთის სასარგებლოდ გააქტიურებას დაემთხვა ერდოღანის ეს განცხადებები და ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თურქეთი ირანს აჩვენებს, რომ მას ამ რეგიონში არაფერი ესაქმება?

- ამ მომენტისთვის ირანი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც რუსეთს იარაღს აძლევს, თუ არ ჩავთვლით ბელორუსის მოძველებულ საბჭოთა ტექნიკას. ირანი რუსეთს უფრო თანამედროვე ტექნიკით ეხმარება და მისი მიზანი გასაგებია - სურს რუსეთთან, რომელიც მისი მთავარი მოკავშირეა, პოზიცია გაიმყაროს. ცხადია, რუსეთს ეს დრონები მაინც ვერ უშველის და სიტუაციას ვერ შეატრიალებს. ამიტომ არა მგონია, თურქეთს ახლა რეგიონში ირანის გაძლიერების ეშინოდეს, მით უმეტეს, რომ ირანს თავისი პრობლემები აქვს, ქვეყანაში პროტესტი არ განელებულა. ამასთან, ახლახან დაიწყო აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო წვრთნები სამხედრო ტექნიკის მონაწილეობით. ცხადია, ეს არის მესიჯი, თუკი აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის საკითხი დადგება, ისინი განზე არ დარჩებიან. განზე არ დარჩებიან არც თურქეთი და არც ისრაელი, რომლებიც აზერბაიჯანს უჭერენ მხარს.

- ყოველივე ეს ჩვენთვის რა საფრთხეებს ან პერსპექტივას ქმნის?

- ცხადია, ეს კიდევ ერთი დამატებითი საკითხია, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, რათა ჩვენს სამეზობლოში არ გაჩაღდეს ახალი დიდი კონფლიქტი. იმედია, აზერბაიჯანი და სომხეთი შეძლებენ იმ დოკუმენტის გაფორმებას, რომლის პრინციპებზე შეთანხმდნენ და რომელიც გულისხმობს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას. თუ ეს ერთ-ორ თვეში ვერ მოხერხდება, შეიძლება კიდევ ერთი კონფლიქტი ვიხილოთ ჩვენს რეგიონში.

ამ დროს კი ჩვენ სად ვართ, კაცმა არ იცის. ამიტომ განსაკუთრებით საფრთხილოა ის, რაც ჩვენს გვერდით ხდება. ამ ვითარებაში რუსეთთან რაღაც ფარულად გარიგებებსა და მოლაპარაკებაში რომ ხარ, აღარავინ გაპატიებს.

რუსა მაჩაიძე