ვინ და როგორ დანიშნავს გენერალურ პროკურორს - კვირის პალიტრა

ვინ და როგორ დანიშნავს გენერალურ პროკურორს

პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ პირველი მოსმენით მიიღო კონსტიტუციაში ცვლილება, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის განსხვავებულ დროებით წესს ითვალისწინებს.

პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ანუ 90 ხმით. თუ ამ წესით პარლამენტი გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, მაშინ გენერალური პროკურორის არჩევა მოხდება სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით და ამ შემთხვევაში გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა იქნება ერთი და არა ექვსი წელი, როგორც ეს 90 ხმით არჩევის შემთხვევაშია გათვალისწინებული. ამასთან, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორის არჩევისას მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არა უადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს. ეს ზუსტად ის სქემაა, რაც ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას შარშან გამოიყენეს და რამაც ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა, რადგან მმართველ პარტიას არც ამჯერად დასჭირდა სხვების თუნდაც ფორმალური თანხმობა. ეს საშიშროება დგება გენერალური პროკურორის არჩევის შემთხვევაშიც.

"ერთი წლის წინ ჩვენ გამოტანილი გვქონდა ზუსტად იდენტური პროექტი და მაშინ პირადად ჩემი და ჩვენი გუნდის ინიციატივა იყო, რომ ამოღებულიყო ის ტექსტი, რომელსაც ახლა ხელახლა წარმოგიდგენთ. ამოღების მიზეზი მარტივი იყო - ის დოკუმენტი, რომელიც დღეს იქნება წარმოდგენილი, მთლიანად შეუსაბამოა სამართლებრივ პრინციპებსა და მმართველობის ლოგიკასთან. ის კრიტიკული შენიშვნები, რაც გვქონდა ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ერთი წლის წინ, ძალაში რჩება. თუმცა არის ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი, 12 პუნქტი, და სწორედ იქ არის ასახული შესაბამისი რეკომენდაცია, რათა არ შევაფერხოთ კანდიდატის სტატუსის მიღება, 12 პუნქტის შესრულება, ევროინტეგრაციის პროცესი. ამისათვის არის აუცილებელი ამ კანონპროექტის მიღება. ამ მიზეზით წარმოვადგენთ ამ პროექტს და უმრავლესობის გაცხადებული პოზიციაა, რომ ჩვენი მხრიდან ექნება სრული მხარდაჭერა, მიუხედავად იმ სამართლებრივი და მმართველობითი პრობლემებისა, რომელიც არის ამ დოკუმენტში დაფიქსირებული", - განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

იმის გამო, რომ ეს საკითხი არის ევროკავშირში გაწევრებისთვის დათქმულ 12-პუნქტიან პირობაში, ოპოზიციამ მხარი დაუჭირა და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 18 ოქტომბერს პირველი მოსმენით 126 ხმით მიიღეს. რამდენად არის ეს ნორმები სტანდარტების შესაბამისი, უზრუნველყოფს თუ არა პარტიული ინტერესების ჩამოშორებას და ჩათვლის თუ არა ევროკავშირი ამ პუნქტს შესრულებულად, ამ საკითხებზე „სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილს ვესაუბრეთ.

- შეიძლება ბევრი რამ დაწერო ფურცელზე, მაგრამ, თუკი არ არსებობს მზაობა იმისა, რომ ამას დაემორჩილო, ანუ ძალაუფლება შეზღუდო, ბუნებრივია, ფიქციად დარჩება. სამწუხაროდ, ასეთი ქმედებები ძალიან ჭარბად არის და საკონსტიტუციო ცვლილებები გამონაკლისი არათუ არ არის, პირიქით, ასეთი გადაწყვეტილებების სათავეშია. ბოლო ყველა საკონსტიტუციო ცვლილებას ეს გასდევდა წითელ ხაზად, პოლიტიკური მიზანშეწონილობით, პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით იყო პროცესი წარმართული და გადაწყვეტილებაც მიღებული. შესაბამისად, პროცესში ჩართული მხარეებიც პარტიული სარგებლის მისაღებად უდგებოდნენ ყველა საკითხს.

- მთავარი პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებულ ცვლილებაში არსებითად მიუღებელი რა არის?

- შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რაღაც შეთანხმება შედგა და ისე უყარეს კენჭი ამ ცვლილებას. შესაძლოა თითოეულ ჩართულ მხარეს რაღაცის მოლოდინი ჰქონდა ან აქვს ამ პროცესისგან. ვფიქრობ, გამოყენებული იქნება კონსტიტუციით განსაზღვრული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციური ცვლილებები ორ სესიაზე უნდა იქნეს მიღებული და პარლამენტი ახალ წლამდე აჩვენებს, რომ აი, დაიწყო პროცესი, დაუჭირეს კიდეც მხარი პირველ და შესაძლოა მეორე მოსმენაზეც, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ გაზაფხულზე იმავეს არ გაითამაშებენ, რაც უკვე გაკეთდა მაჟორიტარულ სისტემაზე. ე.წ. ამბოხებულ დეპუტატებს ვგულისხმობ. მათი მეშვეობით ჩააგდეს ცვლილება. ამის ნიშნები უკვე არის ე.წ. განდგომილი დეპუტატებით უმრავლესობის ფორმალურ რღვევაში. შესაბამისად, მივიღებთ ხელოვნურ, კვაზიპროცესს იმისთვის, რომ ევროკავშირსა და ჩვენს მეგობრებს დავანახოთ, თითქოს ვიწყებთ რაღაცას და საბოლოოდ ისევ მოვატყუოთ.

- პრინციპი, რაც იცვლება, რამდენად მისაღებია სწორედ ამ დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით?

- არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენნაირი დემოკრატიის პირობებში ეს კარგად იმუშავებს და რაც მთავარია, დაგვაზღვევს პოლიტიკურად ლოიალური პროკურატურისგან. ჯერ კიდევ 2013-14 წლებში­ დავწერე, თუ რა არის წამალი სხვადასხვა ინსტიტუტის და ამ შემთხვევაში, პროკურატურის რეალური დამოუკიდებლობის. არა ის, თუ მთავარ პროკურორს ვინ, როგორ და რა წესით დანიშნავს, არამედ ის, რომ რიგითი პროკურორის უფლებამოსილება გაიზარდოს მისი დაცვის გარანტიისთვის; მეორე - პროკურატურის რეფორმას უნდა მიებას გამოძიების რეფორმა. დღეს პროკურატურა სახელმწიფოს ადვოკატია, რადგან საქმეებს სხვა სტრუქტურები იძიებენ, სასამართლოში კი საქმე პროკურატურას მიაქვს. პრობლემა ის არის, რომ პროკურატურა თავადაც არის გამომძიებელი და შესაბამისად ვეღარ აკონტროლებს რამდენად სტანდარტების დაცვით ჩატარდა გამოძიება. კარგი იქნება, თუკი პროკურატურის კომპეტენციაში მხოლოდ თანამდებობრივი­ საკითხები დარჩება და დანარჩენი, გადავა სხვა ინსტიტუტებზე.

ამ რეფორმის არსი ის იქნება, რომ ძლიერი უფლებების მქონე პროკურორი იმ საქმეს, რომელიც არ იქნება დასაბუთებული და გამოიკვეთება პოლიტიკური მიკერძოების ნიშნები, სასამართლოში არ წაიღებს და მის ამ გადაწყვეტილებაში ზემდგომი ვერ ჩაერევა. ჩვენ დღეს გვაქვს სისტემა, სადაც ყველაფერი უწყების პირველი პირია და მსჯელობა მიდის იმის გარშემო, რომ ეს პირველი პირი თუ იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური, ქვემდგომებიც ასე იქნებიან. ასე წარმოუდგენიათ პოლიტიკური მიკერძოებულობის პრობლემის მოგვარება. ინსტიტუციური დამოუკიდებლობის აღმშენებლობა თუ გაძლიერება რიგითიდან უნდა დავიწყოთ. შემდეგ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია პირველი პირის შეცვლის თუ დანიშვნის წესის სხვადასხვა მოდელის განხილვა, მაგრამ თუკი სისტემა არ ვარგა, ღარიბაშვილი იქნება,­ შოთაძე თუ სხვა რაღაც უფლებებით აღჭურვილი, ამას რა მნიშვნელობა აქვს, ეს ხომ სისტემას არ შეცვლის? ჩვენ სისტემური დამოუკიდებლობა გვჭირდება, პოლიტიკურად ნეიტრალური. ეს კი კონკრეტული უწყების სისტემური ნაწილების სიძლიერით უნდა იქნეს მიღწეული და არა მარტო პირველი პირით.ჩვენი პოლიტიკური კულტურის გათვალისწინებით, არა ვარ დარწმუნებული, რომ კოალიციური პერსპექტივის თვალსაზრისით პოლიტიკისგან დაცული იქნება პროკურატურის პირველი პირის შერჩევა, რომ თუნდაც თავად კოალიციაში არ იქნება განსხვავებები და კოალიციის დომინანტი არ შეეცდება დღევანდელი ჩანაწერის სათავისოდ, პარტიული ინტერესებით გამოყენებას, რომ მისადმი ლოიალური პირი ჰყავდეს მთავარ პროკურორად. ეს საკითხია დღეს აქტუალური და დროა, მოკლე კი არა, გრძელვადიან პერსპექტივაზე ვისაუბროთ, თუ როგორი მდგრადი ინსტიტუტი უზრუნველყოფს ობიექტური გამოძიების შედეგად წარმართული საქმეების სასამართლოში წაღებას.

რუსა მაჩაიძე