„ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში შედის, რომ ჩვენს რეგიონში სიმშვიდე იყოს“ - კვირის პალიტრა

„ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში შედის, რომ ჩვენს რეგიონში სიმშვიდე იყოს“

რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია გამოქვეყნდა. 48-გვერდიანი დოკუმენტი ასახავს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხედვას ქვეყნის საშინაო და საგარეო გამოწვევებზე და იმას, თუ როგორ აპირებს თეთრი სახლი მათთან გამკლავებას. ამერიკის კონგრესის მანდატით გამოცემული დოქტრინა ერთდროულად იდეოლოგიურიც არის და პრაგმატულიც. მასში მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებად დასახელებული არიან ჩინეთი და რუსეთი. უსაფრთხოების სტრატეგია აჩვენებს "ავტოკრატიულ და დემოკრატიულ" სახელმწიფოთა მსოფლმხედველობას შორის ბრძოლაში ბაიდენის ადმინისტრაციის სანავიგაციო გზებს; ყველა ტიპის ქვეყანასთან მუშაობის სურვილს; პანდემიის, კლიმატური ცვლილებების, ინფლაციის და სხვა გლობალური საფრთხეების დაძლევის მცდელობას. ანალიტიკური ცენტრ "ჯეოქეისის" საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ნიკოლოზ ხატიაშვილი­ აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში საქართველოზე ჩანაწერს აფასებს და ამბობს, რომ ის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ კავშირებსა და ნათლად ასახავს საქართველოს დიდ როლს აშშ-ის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ დღის წესრიგში.

- აშშ-ის ახალ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში საქართველოზე ჩანაწერი ნათლად ასახავს საქართველოს დიდ როლს აშშ-ის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ დღის წესრიგში და ხაზს უსვამს ჩვენს ორმხრივ სტრატეგიულ მეგობრობას. ამ ძალზე მნიშვნელოვან ჩანაწერში საუბარია საქართველოსთვის მხარდაჭერაზე, ევროკავშირის გზაზე.­ წინა წლებში გამოტანილი დასკვნებისა და გამოცდილების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ამერიკა დოკუმენტში ასახავს­ რაიმეს, ეს არასდროს რჩება ფარატინა ფურცლად. ამას ყოველთვის მოჰყვება ხოლმე პრაქტიკული დახმარება. ახლა, როდესაც ევროინტეგრაციის გზაზე ვდგავართ, ამერიკის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩანაწერი სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებში ამერიკული დიპლომატიის ჩართვაზე. ამერიკა და დასავლეთი დიდი ყურადღებით აკვირდებიან ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და უკრაინაში მიმდინარე ომის გამო უფრო მნიშვნელოვანი ხდება შავი ზღვის აუზი. ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში შედის, რომ ჩვენს რეგიონში სიმშვიდე იყოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთის ალტერნატიული გზა საქართველოზე გადის, ცხადი ხდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი როლი დასავლეთისთვის.

- როგორც თქვით, როდესაც ამერიკა დოკუმენტში ასახავს რაიმეს, ეს არასდროს რჩება ფარატინა ფურცლად. კონკრეტულად როგორ კონვერტირდება ჩვენს ქვეყანაში ამერიკული დახმარება?

- ამერიკული დახმარება უპირველესად­ გამოიხატება დემოკრატიის გაძლიერებასა და ინსტიტუციურ განვითარებაში. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირში გაწევრებისათვის ამ მიმართულებით არის რეფორმები გასატარებელი, მოსალოდნელია, ამერიკა ფინანსურად დაგვეხმაროს და გამოცდილებაც გაგვიზიაროს.

- სახელდობრ რა სფეროებს მოიცავს დახმარება?

- თავდაცვასა და უსაფრთხოებას, სოფლის მეურნეობას, განათლებას...

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უსაფრთხოების სტრ­ატეგიის დოკუმენტში არის ჩანა­წერი, სადაც ხაზგასმულია ოკუ­პანტი ქვეყნისგან მოსალოდნელი­ საფრთხეები,­ შეიძლება თუ არა გვქონდეს მოლოდინი, რომ გადმო­გვცენ ისეთი თავდაცვითი­ შეიარაღება,­ როგორიც­ არის, მაგალითად, რაკეტ­საწინააღ­მდეგო თუ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები,­ დრონები, ტანკსაწინააღმდეგო სა­რაკეტო სისტემები?

- როდესაც აშშ-ის უსაფრთხოების დოკუმენტში სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებაზეა საუბარი, გასაკვირი არ იქნება, რომ ახალი შეიარაღება მოგვაწოდონ. რეალობას ნამდვილად არ არის ეს აზრი მოკლებული.

- არც ნატოში გაწევრებაა რეალობას მოკლებული?

- თქვენ წარმოიდგინეთ, არა. ტექნიკურად ჩვენი ქვეყანა ნატოს სტანდარტებს­ დიდი ხანია შეესაბამება. უბრალოდ, ამ კუთხით პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები. ნატოს წევრებს შორის არიან ქვეყნები, რომლებიც სკეპტიკურად უყურებდნენ საქართველოს გაწევრებას ალიანსში. უკრაინის ომის შემდეგ ბევრმა მათგანმა შეიცვალა პოზიცია, რადგან დაინახეს, რომ სიმძიმის ცენტრი შავი ზღვისკენ გადადის. ნატოს 2022 წლის კონცეფციაშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შავი ზღვის უსაფრთხოებას. შესაბამისად, იზრდება საქართველოს, როგორც რეგიონული და საერთაშორისო მოთამაშის როლიც.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ ახლა ევროკავშირის პრიორიტეტია­ შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ენერგორესურსებზე და ალტერნატიული გზები გამონახოს, დავინახავთ, რომ საქართველოს როლი მნიშვნელოვნად იზრდება როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ პატარ-პატარა­ გარემოებების ერთობლიობამ ნელ-ნელა შეარბილა სკეპტიკოსების განწყობა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ომში უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნატოში გაწევრებას აღარ შეეწინააღმდეგებიან. ვფიქრობ ეს დრო არც ისე შორს არის.

ხათუნა ბახტურიძე