"დღეს ფრონტის ხაზი გადის იმაზე, თუ ევროპა როგორ გაუმკლავდება ზამთარს“ - კვირის პალიტრა

"დღეს ფრონტის ხაზი გადის იმაზე, თუ ევროპა როგორ გაუმკლავდება ზამთარს“

თუკი "ნორდსტრიმის" აფეთქებით ევროპაში შექმნილ ენერგოპრობლემებს გავითვალისწინებთ, ცხადი ხდება, რომ პუტინს სწორედ ევროპის "გაყინვის" იმედი აქვს. კრემლის ეს პოლიტიკა რას მოუტანს რუსეთს, როგორ გაუმკლავდება ამას ევროპა და რა სცენარებით შეიძლება განვითარდეს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგი, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ.

- რუსები ცდილობენ, მაქსიმალურად გამოიყენონ ის ფაქტორი, რომ სხვის ტერიტორიაზე ომობენ და მას აჩანაგებენ. მაქსიმალურად ცდილობენ იმ უპირატესობის გამოყენებას, რომელიც აქვთ. ზამთარში უკრაინელების გათბობა სერიოზული პრობლემა იქნება. თავად ევროპას უჭირს ენერგორესურსები და უკრაინას როგორ დაეხმარება. რუსეთი ერთდროულად ორივეს ურტყამს - ევროპასაც და უკრაინასაც. ცხადია, ეკონომიკის საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უკრაინის ფიზიკურ გადარჩენაზე იქნება საქმე. ეკონომიკას გარედან დაეხმარებიან, მაგრამ გათბობის საკითხი ძალიან გამწვავდება და ეს უკრაინაში გაცილებით მძიმე იქნება, რადგან იქ ზამთარი უფრო მკაცრი იცის. თუ უკრაინამ ეს ტესტი ჩააბარა ამ ზამთარში, ალბათ, რუსეთს აღარ დარჩება არანაირი ბერკეტი.

უკვე გაირკვა, რომ რუსეთზე შეგნებულად ჩამოკიდება გერმანიის სტრატეგიული შეცდომა იყო, რაც სინამდვილეში იმას გულისხმობდა, რომ უნდა დამორჩილებოდა რუსეთის წესებს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა და არ დაემორჩილა, პუტინმა ფაქტის წინაშე დააყენა, გათიშა გერმანიაც და საერთოდ, ევროპაც. გათიშავს ზამთარშიც, რადგან "ნორდსტრიმის" აფეთქება, წესით, ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს, რომ თავისი ძალა აჩვენოს და მიზანს მიაღწიოს.

- რა გარიგებაზე შეიძლება წავიდეს ამ ბერკეტის გამოყენებით რუსეთი, რას მოითხოვს უკრაინისა და ევროპისგან?

- უპირველესი მოთხოვნა იქნება უკრაინის იარაღით მომარაგების შეწყვეტა და ევროპამ აიძულოს უკრაინა, რომ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, დათმოს ანექსირებული ტერიტორიები, მაგრამ ცხადია, არ დათმობენ. ალბათ, კრემლში ფიქრობენ, ევროპას მოსახლეობა რომ გაეყინება, იქით შეგვეხვეწება გარიგებასო. პუტინმა იცის, რომ ევროპა თავისი მოსახლეობის აზრს ანგარიშს უწევს და ჩანს, ამის იმედი აქვს...

- ეს ხომ ევროპის მარცხი იქნება?

- რა თქმა უნდა, გამოდის, ის თავის პრინციპებზე იტყვის უარს რუსეთის ენერგოშანტაჟის გამო. ეს კი თავის დროზე იმ შეცდომის ბრალია, როცა რუსეთს მიებნენ და არ დაიწყეს ფიქრი დივერსიფიკაციაზე.

- ევროპაში ტარდება საზოგადოებრივი აზრის კვლევები, სადაც გამოკითხულთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ თანახმანი არიან მძიმე პირობებზე, ოღონდ არ დათმონ ეს ფასეულობები. ეგეც არ იყოს, ევროპას საშუალოდ 93%-ით აქვს შევსებული გაზის მარაგები. შეიძლება ზამთარში ევროპელების განწყობა ისე შეიცვალოს, რომ ქვეყნების ლიდერებს ფასეულობების დათმობამ მოუწიოთ?

- მარაგები კი შეავსეს, მაგრამ მერე აფეთქდა ორივე "ნორდსტრიმი" და რას იყენებდნენ? ლოგიკურად, გაზის დახარჯვა მარაგიდან მოუწევდათ. ისიც საკითხავია, როგორ ზამთარზეა გათვლილი მარაგი.

- ამერიკამ განაცხადა, რომ ევროპას თავისი მარაგებიდან მისცემს...

- საამისო ინფრასტრუქტურის აწყობასაც ხომ დრო სჭირდება? თან სად ის, მილსადენით რომ მიედინება, და სად ის, გემით რომ ჩაიტან. ამიტომ ევროპას მხოლოდ ამერიკის დახმარება არ ეყოფა, დამატებითი რესურსები სჭირდება. ლაპარაკი იყო აფრიკიდან გაზსადენის გაყვანაზე და ცხადია, ამასაც დრო სჭირდება. ამაზე თავის დროზე უნდა ეფიქრათ და რუსეთს არ ჩამოჰკიდებოდნენ.

- ვთქვათ, დასავლეთს რუსეთისთვის დათმობამ მოუწია, ეს რა საფრთხეებს შექმნის?

- ეს გააჩენს იმ შეგრძნებას, რომ აზრი არა აქვს რუსეთისთვის წინააღმდეგობას და ჯობს თავიდანვე დაუთმო, ვიდრე ამხელა მსხვერპლზე წახვიდე. ეს იქნება რუსეთის სტრატეგიული გამარჯვება. რა თქმა უნდა, დასუსტდება, ამ ომმა და ამდენმა სანქციამ გამოფიტა, მაგრამ თუ მიაღწია გამარჯვებას ევროპაზე, ეს ძალიან მძიმე იქნება მთელი მსოფლიოსთვის. დღეს ფრონტის ხაზი გადის იმაზე, თუ ევროპა რისთვის არის მზად.

- რატომ არ იზრუნა ევროპამ, რომ რუსეთს ამ ბერკეტების გამოყენების საშუალება არ მისცემოდა?

- დიახ, ეს პრობლემაა ომამდე უნდა მოგვარებულიყო. ევროპის ქვეყნები, უპირველესად კი გერმანია, რუსულ გაზზე დამოკიდებული გახდნენ იმ გათვლით, რომ ის იაფი და უსაფრთხო იყო. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ეს სავსებით შეგნებულად კეთდებოდა იმ მოსაზრებითა და იმედით, როდესაც რუსეთი მიებმებოდა ევროპას ეკონომიკურად, ურთიერთდამოკიდებულების გამო, რუსეთი რაღაც დონეზე ცივილიზებული მოთამაშე გახდებოდა. სწორედ ამ გათვლამ არ გაამართლა და ეს გერმანელების ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომა აღმოჩნდა, რასაც ახლა მთელი ევროპა იმკის, რადგან გერმანია ევროპის ეკონომიკური ლოკომოტივი იყო, ასევე არაფორმალური პოლიტიკური ლიდერიც. სხვათა შორის, ახლაც ასეა.

- ყოველივე ამის გარდა, ელოდნენ, რომ პუტინს შიდა დაპირისპირებაც გამოაცლიდა ნიადაგს. ამის სტიმულირება მაინც ხომ შეეძლოთ?

- ამ ზღაპრების დაიჯერეს, რომ პუტინს რუსეთშივე დაუპირისპირდებოდნენ. ამის შანსი კიდევ იყო მარტში, როდესაც­ რუსეთის არმიამ კატასტროფული მარცხი­ განიცადა და უკან დახევა მოუხდა, მაგრამ მაშინ პუტინმა ეს გადააგორა და ალბათ, ასეთი შანსი კიდევ დიდხანს არ მიეცემათ.­ ცხადია, თუ ფრონტზე რუსეთისთვის ისეთ­ივე ან იმაზე უარესი კატასტროფა არ დატრიალდება, როგორიც იყო მარტში.

- ატომური იარაღის გამოყენების მუქარა იყო კიდევ ერთი ბერკეტი რუსეთის ხელში.­ თქვენი აზრით, შეძლო დასავლეთმა ამ საფრთხის განეიტრალება?

- ჯერ არ სჭირდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ეს პოლიტიკურად და მორალურად ძალიან ძვირად კი დაუჯდება, მაგრამ ამის გამო რუსეთს მესამე მსოფლიო ომს არავინ დაუწყებს და ეს კრემლმა მშვენივრად იცის. თუმცა ამას უკიდურეს შემთხვევაში გააკეთებენ. ჯერ ზამთარში ევროპის გაყინვის იმედი აქვთ.

- რა შეიძლება იყოს ისეთი ბერკეტი, რომელიც დასავლეთს მოუტანს გამარჯვებას?

- ეს დამოკიდებულია ევროპელების­ გამძლეობაზე ამ ზამთარში. ჩვენ რაც 1990-იანებში გამოვიარეთ, მათ დიდი ხანია, კოშმარშიც არ უნახავთ. ცხადია, დიდი დისკომფორტი ექნებათ. ამას როგორ გადაიტანენ, ამაზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული. უკრაინელები უფრო გაუმკლავდებიან ზამთარს, ახლა მთავარი ევროპელების გამძლეობაა. ეს გადაწყვეტს ამ ომის ბედსაც და რუსეთის მომავალსაც.

რუსა მაჩაიძე