"პრობლემა ის არის, რომ ამ საქმეში დასავლეთის ხელიც ჩანს“ - კვირის პალიტრა

"პრობლემა ის არის, რომ ამ საქმეში დასავლეთის ხელიც ჩანს“

"საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა შესაძლოა უფრო გამწვავდეს", - ანალიტიკოსების ეს მოსაზრება მას შემდეგ გავრცელდა, რაც საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავებს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის 19 ოქტომბრის ბრძანებულებით სანქციები დაუწესდა. სანქცირებულთა შორის არიან: ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი ტიტე მამაცაშვილი. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ ქართველი ბიზნესმენები, დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.

განახლებული სია 256 კაცისგან შედგება.­ რა იქნება ამის შემდეგ, როგორ წარიმართება უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობა, მოჰყვება თუ არა უკრაინულს დასავლური სანქციები, ამ და სხვა საკითხებზე უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- ძნელია თქმა, უკრაინულ სანქციებს დასავლური მოჰყვება თუ არა, მაგრამ თუ "ნაციონალების" მუქარის შემცველ განცხადებებს გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული საქმე აქამდეც მივიდეს. როგორც ჩანს, ამისთვის დიდი შრომა გასწიეს არა მარტო უკრაინაში მყოფმა ქართველებმა და ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა, არამედ დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილმაც.­ ერთი შეხედვით, უკრაინის სანქციებს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ პრობლემა ის არის, საქმეში დასავლეთის ხელიც ჩანს. მე როგორც ვიცი, ჩხარტიშვილისა და სხვა ბიზნესმენების სანქცირებაც იგეგმება. ყველაფერი იქით მიდის, რომ სანქციები ივანიშვილამდეც მივა. მართალია, ეს იოლი არ იქნება და ძალიან სერიოზული არგუმენტები დასჭირდება, მაგრამ მის წინააღმდეგ მოქმედი ჯგუფი ყველაფერზეა წამსვლელი. ამ ჯგუფმა ხაბეიშვილის პირით გაახმაურა, რომ სანქცირებულთა სიაში­ მყოფ პირებს რამდენიმე­ კვირა აქვთ, რათა ივანიშვილს გაემიჯნონ. ესე იგი ეს ხალხი დღეს ოლიგარქები არიან და პოლიტიკაზე აქვთ გავლენა, მაგრამ თუ ივანიშვილს გაემიჯნებიან, აღარც ოლიგარქები იქნებიან, აღარც პოლიტიკაზე ექნებათ გავლენა. გამოდის, იმიტომ კი არ სანქცირდებიან, რომ მართლა ოლიგარქები არიან, უბრალოდ, ასე სურს "ნაცმოძრაობას". როდესაც უკრაინის სასარგებლოდ მოქმედებს­ ვინმე, მაშინ ოლიგარქობა პრობლემა არ არის? პირადად ზელენსკი იყო დაინტერესებული იმით, რომ აბრამოვიჩისთვის სანქციები მოეხსნათ, უბრალოდ, ამერიკამ სრულად არ გაითვალისწინა მისი სურვილი, მხოლოდ ნაწილობრივ მოუხსნეს რუს ოლიგარქს სანქციები. გასაგებია, რომ აბრამოვიჩი ჩართული იყო ხორბლის გატანის საქმესთან დაკავშირებულ მოლაპარაკებაში, მაგრამ... მოკლედ, სანქციები პოლიტიკური შანტაჟის საგნად იქცა.

- "ნაცმოძრაობას" ამხელა გავლენა აქვს უკრაინულ და დასავლურ პოლიტიკურ ელიტაზე, რომ მისი ინტერესების გამო უკრაინა პოლიტიკურ შანტაჟზე მიდის?

- "ნაცმოძრაობას" უკრაინის მთავრობაში იმაზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე საქართველოში წარმოუდგენიათ. ამაზე ზურაბ ადეიშვილის საერთაშორისო აქტივობებში ჩართულობაც მოწმობს. უკრაინაში ასევე გავლენა აქვთ დავით საყვარელიძეს და კიდევ რამდენიმე "ნაციონალს". ცოტა ხნის წინ პრაღაში მყოფ რამდენიმე უკრაინელ კოლეგას ვესაუბრე. ერთმა სანქციების შესახებ ძალიან საინტერესო რამ მითხრა - ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ერთმა ხელმა არ იცის, მეორე რას აკეთებსო. მანაც დამიდასტურა, რომ ადეიშვილს, საყვარელიძესა და სხვა "ნაციონალებს" დიდი გავლენა აქვთ უკრაინის ხელისუფლებაში. ისინი დავით არახამიასთან არიან აფილირებული და უკრაინის მთავრობა, მათ შორის ზელენსკიც ხშირად სწორედ მათ ინფორმაციას ეყრდნობა. სიცრუეა, თითქოს დასავლეთი საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმირებული არ არის და უკრაინაში მოქმედ "ნაციონალებს" ეყრდნობა, მაგრამ ფაქტია, რომ "ნაციონალები" "კარგად" მუშაობენ. იაგო ხვიჩიას თქმის არ იყოს, "ნაცები" აქ არ ვარგიან, თორემ იქ ძალიანაც კარგად მუშაობენ.

- მახსოვს, აზრი იმის შესახებ, რომ ზელენსკის სააკაშვილის საქართველოში დაპატიმრება ძალიანაც გაუხარდა, ის მისი გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებებს მხოლოდ ფორმალურად აკეთებსო. ახლა რა მოხდა, რა ღირებულება შეიძინა მისთვის სააკაშვილმა?

- ზელენსკისთვის არც ახლა აქვს სააკაშვილს მაღალი ღირებულება, საქმე სხვაგვარადაა. თქვენ იცით, რომ მსახიობი ზელენსკისგან პრეზიდენტი იგორ კოლომოისკიმ შექმნა, სააკაშვილი და კოლომოისკი კი მეგობრები იყვნენ. იმ პერიოდში პოლიტიკურ წრეებში ხშირი იყო საუბრები იმის შესახებ, რომ ზელენსკის გუნდისთვის­ სააკაშვილი პრობლემა იყო, რადგან ყველაფერში ერეოდა და ნერვებს უშლიდა მათ, თუმცა იძულებული იყვნენ, აეტანათ. მეტიც, სააკაშვილის პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებაც კი მოუხდათ და ანტიკორუფციული ორგანიზაციის ხელმძღვანელად დანიშნეს. ახლა კიდევ უფრო ვარ დარწმუნებული, რომ ზელენსკი სააკაშვილის დაპატიმრებით ძალიანაც კმაყოფილი იყო, მაგრამ იმაშიც დავრწმუნდი, რომ ასე არ ფიქრობდა ის გუნდი, რომლებიც აფილირებული არიან ჩემ მიერ ნახსენებ ქართველებთან.

ხელისუფლებამ თავის დროზე ვერ მოახერხა ისე ემუშავა, რომ ახლა ასეთი პრობლემების წინაშე არ დავმდგარიყავით.­ ვიცი, იტყვიან, ჩვენ კარგად ვიმუშავეთ, მაგრამ უკრაინაში მყოფ "ნაციონალების" გუნდს დასავლელი პოლიტიკოსების ერთი ნაწილი უმაგრებდა ზურგსო. კი ბატონო, ასეა, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც შეიძლებოდა სიმართლის მიტანა იქ, სადაც­ საჭიროა.­ ხომ გაგიგონიათ, შეძახილმა ხე გაახმოო. იმდენს უძახიან "ოცნებას" პრორუსულს, ხალხი იჯერებს. განსაკუთრებით, იმათზე მოქმედებს, ვინც ომში იბრძვის.

- ერთია, უკრაინაში მყოფი "ნაციონალების", ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესები, მაგრამ სახელმწიფოებრივ დონეზე უკრაინას რამდენად აწყობს ახლა მეგობარ ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭება? ისიც საინტერესოა, ევროინტეგრაციის გზაზე დამდგარ საქართველოს რას მოუტანს იმ ქვეყანასთან დაპირისპირება, რომელიც დღეს დასავლეთის უპრეცედენტო მხარდაჭერით სარგებლობს?

- არესტოვიჩის განცხადება, რომ უკრაინა მალე ქართველებს დაიხსნის და მათ მილიონამდე მებრძოლს პოსტსაბჭოთა­ სივრცეში საქმე გამო­უჩნდება,­ უკრაინელების გამხნევებისთვის იყო გამიზნული. ის არასერიოზული კაცია და ვიცი მისი საქართველოს ხელისუფლებასთან დამოკიდებულება როგორია, მაგრამ სომხეთსა და აზერბაიჯანთან რაღა უნდა? რაც შეეხება დავით არახამიას "მგზნებარე" ფრაზას - "თავისუფალ ქართველ ხალხს გაუხარდება, რასაც ახლა გაცნობებთო", არა მგონია, საქართველოში ის დიდი სიყვარულით სარგებლობდეს.­ პირიქით, დამოკიდებულება­ მკვეთრად უარყოფითია.­ ვიცით, რას საქმიანობდა ის ომამდე. ყველა ვიცნობთ მის ბიოგრაფიაში არსებულ შავ ლაქებს. იყო დრო, რუსეთში რუსების ერთგული იყო, მერე სხვების ერთგული გახდა.

- საქართველოში არისტოვიჩს ზოგიერთი­ პოლიტიკოსი პრეზიდენტის ოფისის მრჩევლად მოიხსენიებს, ზოგიერთი, მათ შორის "ნაციონ­ალებიც", თვითმარქვიას უწოდებს. ჩვენც გვახსოვს, მას უთანხმოება ჰქონდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან, ისიც ვიცით, რომ აზოვის პოლკის მებრძოლები ემუქრებოდნენ... ვინ არის სინამდვილეში არესტოვიჩი?

- არესტოვიჩი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტატგარეშე თანამშრომელია. თვითმარქვია რომ იყოს, დიდი ხნის წინ ჩააკმენდინებდნენ ხმას. სამთავრობო გუნდი მისგან დისტანცირებულია, მაგრამ სინამდვილეში ის მათი გამხმოვანებელია. ამიტომაც არის შტატგარეშე თანამშრომელი. სამაგიეროდ, არახამიას აქვს თანამდებობა - რადაში მმართველი ფრაქციის ლიდერია... ეს ხალხი უაღრესად გამაღიზიანებლად იქცევა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ივანიშვილის შევიწროება უნდათ, მაგრამ ისე მოსდით, ცხენს ვერ შესწვდნენ და უნაგირი დაამტვრიესო.

- ვის აძლევს ხელს საქართველო-უკრაინის დაპირისპირება?

- დაპირისპირება არც უკრაინას აძლევს ხელს და არც საქართველოს. ჩემი ინფორმაციით, ერთ კვირაში ერთი ევროპული ქვეყნის დედაქალაქში უკრაინის რადისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ დიდი სურვილის მიუხედავად, ვეღარ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ამ ურთიერთობის დალაგება, მით უფრო იმ შემთხვევაში, თუ ეს სანქციური თამაში გაგრძელდება. აღიარებს თუ არა ამას საქართველოს ხელისუფლება, მოცემულობა არ შეიცვლება - ეს დაპირისპირება საქართველოს უმძიმეს დარტყმას მიაყენებს.

- საქართველოში ხელისუფლების ცვლილება უკრაინას რას არგებს?

- არაფერს. საქართველოს გავლენები რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინიმალურია. თუ ის ხელისუფლება მოვა, რომელიც ომს დაიწყებს, კი ბატონო, ორი-სამი კვირით შეუქმნის რუსეთს დისკომფორტს და ამით დამთავრდება ყველაფერი. - საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა რაღა საჭიროა, როდესაც დასავლეთში რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკების გზით დასრულებაზე საუბარი უფრო და უფრო აქტუალური ხდება? ზელენსკიმ თავად განაცხადა, რომ დასავლეთში ბევრი მოღვაწეა, რომელიც მოგვიწოდებს, რუსეთს გავუგოთო.

- მთლად ასეც არ არის საქმე. უკრაინა ახლა იმ მდგომარეობაში არ არის, რომ მისი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ადვილი იყოს.

- იმისდა მიუხედავად, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსეთი ენერგოსისტემებს ბომბავს?- თუ რუსეთმა უკრაინის ენერგორესურსების 50% დაბომბა (სხვათა შორის, ბევრი აღარ დარჩა) უკრაინის ეკონომიკა გაჩერდება. ჰუმანიტარული კატასტროფის ნიშნები ისედაც იკვეთება. ევროპა ფინანსურ დახმარებას კი უწევს, მაგრამ ამ დახმარებასაც სჭირდება რეალიზება. სამაგიეროდ, სამხედრო თვალსაზრისით აქვს უკრაინას დიდი უპირატესობა. რუსეთმა ძალიან დააგვიანა მობილიზაცია, არც ადამიანური რესურსი ჰყავს იმისთვის, რომ 1300-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე აბრძოლოს და ტექნიკურადაც ბევრად ჩამორჩება უკრაინის არმიას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯარის დიდ ნაწილს აღარ უნდა ომი.

- ეკონომიკის გაჩერებით უკრაინა მოახერხებს სამხედრო უპირატესობის შენარჩუნებას?

- ბევრი რამ არის დამოკიდებული­ კლიმატზე. ხერსონის ოლქში ძალიან უჭი­რთ რუსებს და შემოდგომის იმ სეზონს ელოდებიან, როდესაც უამინდობის გამო გზები გაფუჭდება და გადაადგილება გართულდება. ასეთ შემთხვევაში დამუხრუჭდება უკრაინელების შეტევა და ბრძოლა საარტილერიო დუელით გაგრძელდება. რუსებს ხერსონში საქმეს დივერსიული ჯგუფების აქტიურობა ურთულებს. შემოდგომის ბოლოსკენ დივერსიულ ჯგუფებსაც გაუჭირდებათ მუშაობა, იმიტომ, რომ მწვანე საფარი გაქრება. ახლა ვითარება ასეთია: უკრაინას აქვს უზარმაზარი ფინანსური რესურსი, ჰყავს ნატოს სტანდარტების არმია, მეტ-ნაკლებად მაღალი ხარისხის ტექნიკა, მაგრამ უჭირს ეკონომიკურად... რუსეთს კი ჰყავს არმია, რომლის დიდი ნაწილი იძულებით არის ფრონტზე, ჰყავს უამრავი დეზერტირი, რომლებიც მოდებული არიან მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს, და უკვე ძალიან შეზღუდულია ტექნოლოგიურად. სანქციების გამო თავად ვეღარ იღებს ტექნოლოგიებისთვის საჭირო დეტალებს და იძულებულია ირანიდან წამოიღოს დრონები... დასავლეთს ახლა ამ ომის დამთავრება­ რომ უნდოდეს, დაამთავრებდა კიდეც. როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში არიან ძალები, რომლებსაც­ ომის მანამდე გაგრძელება სურთ, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებენ. ეს კი არის ჩინეთის ეკონომიკის მაქსიმალურად შეზღუდვა (რაც ნაწილობრივ მიღწეულია კიდეც - რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა ჩინეთის ეკონომიკას ძალიან დაარტყა), რუსეთის დასუსტება და დასავლეთის ლოიალურ პარტნიორად გადაქცევა.

- ამ ვერსიაში ჩვენი როლი როგორია?

- საქართველო ისევ დასავლეთის საყრდენად მოიაზრება. ამაზე მეტყველებს ამერიკის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია. თუმცა არიან ძალები, რომლებსაც აქ უფრო დამჯერი მთავრობის მოყვანა სურთ.

- ამ ძალებმა, წესით, უკვე უნდა იცოდნენ, რომ სააკაშვილი მაინცდამაინც დამჯერი ფიგურა არ არის. ვისზე აქვთ გათვლა?

- მართალი ხართ, სააკაშვილი როგორი დამჯერიც არის, 2008 წელს გამოჩნდა. მაგრამ მგონი, დასავლეთს ამაზე პასუხი არა აქვს. რომ ჰქონდეს, გამოჩნდებოდა. ამიტომაც ლაპარაკობს მუდმივად გაერთიანებაზე­ ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი, მაგრამ არ გამოდის ეს. რატომ? იმიტომ, რომ სურთ თუ არა ეს სხვა ოპოზიციონერ­ ლიდერებს, მაინც "ნაცმოძრაობის" დღის წესრიგში არიან. "ნაციონალები" კი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. ამასთან, "ნაცმოძრაობის" ბევრი ლიდერი სხვა ოპოზიციური ძალებისთვისაც მიუღებელია, ხოლო "ნაცმოძრაობის" ზოგიერთი ლიდერი თავად "ნაცმოძრაობის" წევრებისთვის. ასეთი რთული სურათია. ამიტომ მე რომ დასავლელი პოლიტიკოსების ადგილზე ვიყო, ახალ დასაყრდენს მოვძებნიდი.

ხათუნა ბახტურიძე