"ბოლო ორი დღე საკვებიც გაგვითავდა... ეს გზა ქართველებმა გავიარეთ“ - კვირის პალიტრა

"ბოლო ორი დღე საკვებიც გაგვითავდა... ეს გზა ქართველებმა გავიარეთ“

ქართველმა მთამსვლელებმა ალპინიზმის "ოსკარი" - "მსოფლიო ოქროს წერაყინი" მოიპოვეს, რაც ქართული ალპინიზმის ისტორიაში უპრეცედენტოა. სამეულმა:­ არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა­ პაკისტანში, ჯერ დაულაშქრავ მწვერვალ სარაგრარზე (7300მ) უმაღლესი­ სირთულის მარშრუტი გაიარეს. მთამსვლელობის საერთაშორისო­ ფედერაციამ ქართველი სპორტსმენების ასვლა წლის საუკეთესო ასვლად დაასახელა.­ ჩემპიონ სამეულს უმაღლეს ჯილდოს - "ოქროს წერაყინს" ნოემბერში საფრანგეთის ქალაქ ბრიანკონში გადასცემენ. "გვინდოდა ისეთი ასვლა გაგვეკეთებინა, რომელიც საქართველოს ალპინიზმისა და ჩვენთვისაც ახალი, წინ გადადგმული ნაბიჯი­ იქნებოდა, ისეთი,­ რომელსაც მთელი მსოფლიო მიაქცევდა ყურადღებას. ბევრმა სცადა სარაგრარზე ასვლა, მაგრამ უშედეგოდ. ამიერიდან ყველამ იცის, რომ ეს გზა ქართველებმა გავიარეთ",­ - სიამაყით გვეუბნება მთამსვლელი ბაქარ გელაშვილი და გვიამბობს ორთვიან ურთულეს ექსპედიციაზე:

- სარაგრარამდე სხვადასხვა დროს ავედით სხვა აუსვლელ მწვერვალებზე: 2017 წელს იყო ლარკია (ნეპალი, ჰიმალაები, 6400მ.) ჩვენს მარშრუტს "პირველი ქართული­ გზა ჰიმალაებში" ერქვა. მაშინაც ნომინირებული ვიყავით "ოქროს წერაყინზე", მაგრამ ამ ასვლამ პრიზი ვერ დაიმსახურა. შემდეგ იყო პანგპოჩე-1 და პანგპოჩე-2 და ჩვენმა სამეულმა ვერც მაშინ მოიპოვა პრიზი. ამ წლების განმავლობაში ვემზადებოდით უფრო რთული მარშრუტის დასაძლევად და ეს აღმოჩნდა სარაგრარი,­ რომლის სიმაღლეც 7300 მეტრია. ბევრი კრიტერიუმი ჯამდება, ბევრ რამეზეა წარმატება დამოკიდებული - ტექნიკური სირთულე, სიმაღლე, ასვლის სტილი... მე დიდად არ ვიყავი მონდომებული, რომ მაინცდამაინც პრიზი აგვეღო, მინდოდა ისეთი­ ასვლა გამოგვსვლოდა, რომელიც საქართველოს ალპინიზმისა და ჩვენთვისაც ახალი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, ისეთი, რომელსაც მთელი მსოფლიო მიაქცევდა ყურადღებას. გამოგვივიდა... წინა წლებში ბევრმა სცადა მწვერვალ სარაგრარზე ასვლა, მაგრამ უშედეგოდ. ამიერიდან ყველამ იცის, რომ ეს გზა ქართველებმა გავიარეთ.

- რა დრო მოანდომეთ ამ ურთულესი გზის გავლას და ჩამოსვლას?

- ექსპედიცია 2 თვემდე­ გაგრძელდა. სანამ მთას მიუახლოვდები, ბევრი საორგანიზაციო საკითხია მოსაგვარებელი. როცა მთაზე დავიწყეთ ასვლა, მარშრუტის გავლას 8 დღე და 7 ცივი და სუსხიანი ღამე მოვანდომეთ. ტემპერატურა არ იყო ძალიან დაბალი, ვინაიდან ზაფხულში ვიარეთ, ზევით მინუს 15 გრადუსი იყო. მარშრუტისთვის 8 დღეც ბევრი იყო, მთაზე დიდხანს ყოფნა­ შეუძლებელია. მწვერვალიდან ჩამოსვლას დაახლოებით 25 საათს მოვუნდით. ჩვენ 25 აგვისტოს ვიყავით ბარფიზე (6833 მ. სიმაღლის მთა), სარაგრარზე კი 9 სექტემბერს - ესაა მწვერვალების დღეები.

- ამასობაში წყალი და საკვები ხომ არ გამოგელიათ?

- დიდ ექსპედიციებს ყოველთვის ახლავს დიდი გუნდი, რომელიც საბაზო ბანაკამდე მისვლას უზრუნველყოფს, მაგრამ იქიდან მთამსვლელები მარტო რჩებიან. საბაზო ბანაკი 4300 მეტრზე იყო, იქიდან მარტო­ გვიწევდა სხვადასხვა ინვენტარისა და საკვების ტარება. ჯერ აკლიმატიზაცია შევისწავლეთ, შემდეგ მთა დავზვერეთ და მერე გადავწყვიტეთ ასვლა. ბაზიდან­ გასვლამ არაერთხელ მოგვიწია, სანამ სარაგრარზე ავიდოდით, ჯერ ბარფიზე ვიყავით. მას იქაურები "ჰინდიკუშის პატარძალს" ეძახიან, როგორც ჩვენს მყინვარწვერს "ხევის პატარძალს". ექსპედიციაში­ იმდენი პროდუქტი მიგაქვს, მსუბუქად რომ იყო. მთავარია­ წყალი (რომ არ გამოშრე), გაზი და ქურა (ყინულის გასალხობად), სუპი, შოკოლადი, ცოტა თხილეული და სხვა, რაც ენერგიას გმატებს. საკმარის ენერგიას მაინც ვერ გამოიმუშავებ, რადგან სიმაღლეზე ენერგიის აღდგენა ძალზე რთულია. ბოლო ორი დღე საკვებიც გაგვითავდა... მარშრუტის დასაწყისში ქვემოთ ცოტა უმი მაკარონი გვქონდა დატოვებული და ჩამოსვლისას ერთმანეთს ვეუბნებოდით, აბა, სწრაფად, ქვემოთ საჭმელი გველოდებაო. ვოცნებობდით თუნდაც 1 კოვზ მაკარონზე, ოღონდ რაღაც გვეჭამა. მას შემდეგ უფრო შეგვიყვარდა მაკარონი.

mta2-1666518273.jpg

- ალბათ, უსაზღვრო სიხარულია მწვერვალზე ფეხის დადგმა...

- რთული მარშრუტის დაძლევის შემდეგ სიმსუბუქის, სიმშვიდისა და ბედნიერების შეგრძნება გაქვს, მიზანს მიაღწიე, შენ უკვე იქ ხარ და ამ სიმაღლიდან ბედნიერი თვალებით უცქერ ულამაზეს გარემოს.­ თითქოს ამოისუნთქე, აი, ეს შეგრძნება გეუფლება. ალპინისტები ცოტა გიჟები ვართ (იცინის). ჩვენი პროფესია სახიფათოა, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობ ყველა საფრთხე აიცილო, არ შეგეშინდეს. ისე აზრიანად უნდა იმოძრაო, შენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს.

- სად გაიმართება დაჯილდოება და კიდევ რომელი მწვერვალი გაქვთ დასალაშქრავი?­

- დაჯილდოება 18-20 ნოემბერს გაიმართება საფრანგეთის ალპებში, ყველაზე მაღალ ქალაქ ბრიანკონში. სხვათა შორის, ამ ექსპედიციის შემდეგ ჰიმალაებში კიდევ ავედით მწვერვალ მაკალუზე (8484 მეტრზე), უჟანგბადოდ. ქართველი მთამსვლელებისთვის ესეც პირველი ასვლა იყო ამ მწვერვალზე. სარაგრარს რაც შეეხება, ჩვენამდე იქ არავინ იყო ნამყოფი, ამიტომაც ატყდა ერთი ამბავი. გეგმებს რაც შეეხება, ალბათ, წავალთ ყველგან, საითაც გული გაგვიწევს. ჯერ სამივენი საქართველოში ვართ, არჩილი ამჟამად მყინვარწვერზეა.

- ალპინისტურმა ჟინმა როდის შეგიპყროთ ბიჭები?

- არჩილი ბავშვობიდანვე, რადგან მისი დედ-მამა და ბიძაც მთამსვლელები­ იყვნენ. გიორგიმ ცოტა მოგვიანებით დაიწყო­ - ბოტანიკურ ბაღში­ იკრიბებიან­ მეკლდეურები­, მთამსვლელები და იქ ვარჯიშობენ. მერე დაიწყო მთაში სიარული. მე 2007 წლის იანვარში მყინვარწვერზე პირველად ვიყავი­ სასრიალოდ (ბავშვობიდან თხილამურებით ვსრიალებ) და ისე მომეწონა, მანამდე თუ ვფიქრობდი, რომ სრიალი იყო ყველაზე დიდი სიამოვნება, ისეთი სილამაზე იყო, მივხვდი, რომ მის გარდა ყოფილა მთამსვლელობა. მახსოვს, 5 წლის ვიქნებოდი, როცა ბავშვებმა გამოვიგონეთ თამაში, რომელსაც "მთამსვლელობა" დავარქვით, პატარ-პატარა სიმაღლეებზე დავძვრებოდით. ეტყობა, მთამსვლელობის ჟინი თავიდანვე მქონდა.

ჩვენ, სამივენი, მთამ დაგვამეგობრა, ჯერ არჩილი, მოგვიანებით გიო გავიცანი. 10 წელია ყველგან ერთად ვართ. სხვათა შორის, კარგად დავდივარ სამთო ველოსიპედითაც.

- გატყობთ, გუნდურად მუშაობა კარგად გამოგდით, რა არის ამისთვის მთავარი?

- სრული ნდობა გვაქვს ერთმანეთის - მთამსვლელისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს საქმე ძალიან უნდა გიყვარდეს, ცოტა აზარტულიც უნდა იყო. აუცილებელია ძლიერი ფსიქოლოგია, ვინაიდან ამტანი უნდა იყო.

- როგორ შეხვდნენ თქვენს გამარჯვებას საქართველოში?

- ჩვენი ექსპედიცია სპორტის სამინისტრომ დააფინანსა. ვფიქრობ, ამ ფაქტის შემდეგ ალპინიზმს უფრო მეტი ყურადღება­ მიექცევა, რათა მომდევნო თაობებმა არ ნახონ ის, რა წვალებაც ჩვენ გამოვიარეთ. რაღაც უნდა გაგვეყიდა, მაგალითად, სახლი, ან ბანკიდან გამოგვეტანა სესხი, მთაში რომ წავსულიყავით. ახლა ეს საკითხი გამოსწორდა და იმედია, ბევრს ექნება საშუალება და ხელშეწყობა მთამსვლელობაში­. კავკასიელები ვართ, ამდენი მწვერვალი და მთა გვაქვს და სირცხვილიცაა, ეს სპორტი ჩვენში არ იყოს პოპულარული, არ ჰქონდეს ხელშეწყობა. ვფიქრობ, ჩვენი გამარჯვება სხვებს მოტივაციას აუმაღლებს და მომავალში არაერთი წარმატებული ალპინისტი გვეყოლება.

- რატომ აპროტესტებთ გამოთქმას "მწვერვალის დაპყრობა"?

- ცოტა გვეშინია ამ სიტყვის, ვერ ვახსენებთ, რადგან როცა ადამიანი ამხელა­ სივრცეში ხარ, როგორ შეიძლება რამის დაპყრობასთან გქონდეს საქმე. დაპყრობის ნაცვლად, მთამსვლელები დალაშქვრას უფრო ხმარობენ, ან ამბობენ: "ვიყავი მწვერვალზე"... "დაპყრობას" თითქმის არავინ იყენებს. ან როგორ შეიძლება მთაზე ასვლას ეს სიტყვა ესადაგებოდეს, რადგან თუ მოუნდა, წამში გაგაქრობს.