"უკრაინის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდის აღიარება მოულოდნელი და დაუჯერებელი იყო“ - კვირის პალიტრა

"უკრაინის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდის აღიარება მოულოდნელი და დაუჯერებელი იყო“

18 ოქტომბერს უკრაინის უმაღლესმა­ რადამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად­ აღიარა და ჩეჩენი ხალხის გენოციდი დაგმო.­ დადგენილებას მხარი დაუჭირა 287-მა დეპუტატმა. უკრაინა ასევე მოუწოდებს გაეროს წევრ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გამოიძიონ იჩქერიაში რუსეთის დანაშაულები, დამნაშავეებს პასუხი აგებინონ და ქვეყანა რუსეთის ოკუპირებულად აღიარონ.

თუმი დიშნი (ნონა ხანგოშვილი), სათემო კავშირი "პანკისის კეთილდღეობისათვის" ხელმძღვანელი: - ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა. ჩეჩნეთის თავისუფლებისთვის სამასწლიანი ბრძოლის გზაზე­ მსოფლიოს საერთაშორისო ტრიბუნიდან ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა და რუსეთის მიერ ოკუპაცია ერთდროულად აღიარეს. უკრაინის სახით მთელი ცივილიზებული სამყარო ებრძვის დიდ ბოროტებას. უკრაინის მიერ ჩეჩნეთის გენოციდის აღიარება მოულოდნელი და დაუჯერებელი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ოცდაათი წელი ვებრძოდით ამ საშინელ ურჩხულს. პირველ წლებში იმედი გვქონდა, რომ მსოფლიო დაინახავდა მის სისასტიკეს­ და ხმას ამოიღებდა, არ გაგვწირავდნენ, მაგრამ არა, თვალს ხუჭავდნენ, რუსეთის "შიდა საქმედ" მიიჩნევდნენ. ჯოჰარ დუდაევი ამბობდა, დადგება დრო და ეს ევროპის შიდა საქმე გახდებაო. დადგა კიდეც. დღეს მსოფლიომ ხმა ამოიღო უკრაინის დამსახურებით!.. ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვით­ მათ, ვინც სამშობლოს სიყვარულსა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა, ასევე უდანაშაულო ქალებს, ბავშვებს, რომლებიც რუსებმა სასტიკად აწამეს, ქუჩებში, სახლებში, ციხეებში ჩახოცეს. მათი თავგანწირვა ამაო არ ყოფილა. ყოველდღე იმაზე ფიქრით ვცოცხლობდით, რომ ოდესმე ამ ბოროტების დასასრული დადგებოდა.

ალბათ, ეს არის თავისუფლების მზე. ჩვენი წინაპრები წინასწარმეტყველებასავით­ ამბობდნენ, თავისუფლების მზე საქართველოდან ამოვაო. მათ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოსთან და ანდერძად დაგვიტოვეს, საერთო ფესვებს, სულიერ კავშირებს გავფრთხილებოდით. ჩეჩნეთის ბედი და მისი მომავალი დამოკიდებულია საქართველოზე, თუ საქართველო შევა ევროპაში, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ კავკასია საბოლოოდ თავს დააღწევს რუსეთის იმპერიას. არც საერთო­ მტერთან ბრძოლაში თავისუფლებისკენ ლტოლვა, სულისკვეთება­ და თავგანწირვაა გასაკვირი. ეს კავკასიის ბედია.

- რუსეთის ხელისუფლება, ეფ-ეს-ბე და მისი მთავარი შემსრულებელი კადიროვი დამო­უკიდებელი ჩეჩნეთის ხმის ჩახშობას წლების განმავლობაში ცდილობდნენ. რა შეიცვლება უკრაინის აღიარების შემდეგ?

- ორი უმძიმესი ომი გადავიტანეთ. წარმოუდგენელი ტანჯვაა, როდესაც თავად ხარ ამ საშინელების მომსწრე. ახლობლები,­ ნათესავები, მეგობრები გიყვებიან, რა გადაიტანეს იმ ჯოჯოხეთში. ოჯახის რამდენი წევრი დაკარგეს, როგორ ბომბავდნენ­ მათ, როგორ გამოჰქონდათ ცხედრები ნანგრევებიდან შიშველი ხელებით, როგორ გადაურჩნენ სიკვდილს. ვერც ერთ წიგნში ვერ წაიკითხავთ, ვერც ფილმებში ნახავთ. ინტერვიუში ნახევარს ან მესამედს ჰყვებიან. მათ მონაყოლს ჩეჩნეთში უამრავი უფლებადამცველი შეეწირა. ისინი მხოლოდ ადამიანის უფლებებს კი არ იცავდნენ, მათ გადარჩენასაც ცდილობდნენ. გმირი უფლებადამცველები ცალკე ისტორიაა და ისეთივე გმირები არიან, როგორც უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც ორივე ომს აშუქებდნენ. მათი გადაღებული ვიდეოფირები­ ჩეჩენი ერის გენოციდის უტყუარ მტკიცებულებებად დარჩა. ჯოჰარ დუდაევი თითქოს წინასწარმეტყველებდა იმას, რაც ახლა ხდება. თუნდაც ამ ჩანაწერებით მიხვდა ხალხი, რომ ყოველთვის სიმართლეს ამბობდა, ასევე იმ უკრაინელი ჟურნალისტების დამსახურებით, რომლებიც რუსეთ-ჩეჩნეთის ორივე ომს აშუქებდნენ, სიმართლე გაიგო.

ადვილი წარმოსადგენია, რას განიცდიან ის ჩეჩნები, რომლებმაც ის ომები გამოიარეს, ახლა კი, მათი შვილები იმ უკრაინელების წინააღმდეგ საომრად მიჰყავთ...

რუსეთმა ასი კადიროვი რომ დასვას ჩეჩნეთში, თავისუფლების სიყვარულს ვერ ჩაკლავს. ეს თუნდაც უახლესმა ისტორიამ დაგვანახა, როდესაც ახალგაზრდა იუსუფ თემირხანოვმა შური იძია პოლკოვნიკ ბუდანოვზე, რომელმაც 17 წლის ელზა კუნგაევა მოკლა. მის დაკრძალვაზე უამრავი ხალხი მოვიდა, სოლიდარობას გამოხატავდნენ.

350 ათასზე მეტი ჩეჩენი ევროპასა და ამერიკაში ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს, მათ რიცხვს ყოველწლიურად ემატებიან ახლანდელი ჩეჩნეთიდან დევნილები. არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, რომ უცხოობაში დაბადებულ-გაზრდილი ჩეჩნები სხვანაირი, ევროპული მენტალობის იქნებოდნენ, მაგრამ 2019 წლის თებერვალში სტრასბურგში ევროპაში ჩეჩნების ასამბლეას დავესწარი, ჩეჩენთა დიასპორას შევხვდი და გამაოცა იქ გაზრდილმა ახალგაზრდობამ. მაშინ დავრწმუნდი, რომ ჩეჩნურ გენს გადაშენება არ უწერია... უკრაინის ომი ტრაგედიაა. ჩეჩნებსა და ქართველებს კარგად გვესმის, რას ნიშნავს ომი რუსეთთან, მაგრამ­ დღეს ეს ტრაგედია ჩეჩნებისთვის იჩქერიის დროშის აფრიალებას ნიშნავს, რაც ჩვენთვის თავისუფლების სიმბოლოა. დიახ, რუსეთის დასუსტება დიდი სტიმულია და ამის დასტურია ის, რომ ომის დაწყებისთანავე დაარსდა შეიხ მანსურისა და ჯოჰარ დუდაევის სახელობის ბატალიონები. კიდევ ერთ ბატალიონს ქმნის გამოცდილი საველე მეთაური რუსტამ აჟიევი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში ასობით თანამოაზრე და თანამებრძოლი ჰყავს.

- ცნობილია, რომ უკრაინის ომში ყველაზე დიდი დანაკარგი ჩრდილოეთ კავკასიამ,­ კერძოდ, დაღესტანმა და ჩეჩნეთმა განიცადა. დაღესტანში ქალებიც კი გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე, თუმცა პოლიციამ დაარბია...

- თავიდან რატომღაც დაუჯერებელი­ გვეჩვენა, რომ რუსეთი ფრონტის წინა ხაზზე­ ჩრდილოკავკასიელებს გზავნიდა, მაგრამ თანდათან განვითარებულმა მოვლენებმა ამაში დაგვარწმუნა. არც გამკვირვებია, რადგან რუსეთის კავკასიაში შემოსვლა­ მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება - "კავკასია კავკასიელების გარეშე". ამის მისაღწევად ხომ წლების განმავლობაში ყველანაირ ვერაგულ გზას იყენებდნენ. ჩეჩნეთმა და კავკასიელების დიდმა ნაწილმა დაახლოებით სამასი წლის განმავლობაში სამი დიდი გენოციდი გამოიარეს: პირველი­ რუსეთ-კავკასიის ომების დროს, როდესაც ბრძოლას გადარჩენილები XIX საუკუნის 60-იან წლებში სხვა ჩრდილოკავკასიელებთან, განსაკუთრებით ჩერქეზებთან ერთად, მუჰაჯირებად აქციეს, რაც ოქტომბრის რევოლუციის დასრულების შემდეგაც გრძე­ლდებოდა. კავკასიის ომების შემდგომ, როდესაც რუსეთმა, ფაქტობრივად, დაიპყრო რეგიონი, მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც თავის მიწაზე რუსეთის ბატონობას არ ურიგდებოდა, ადვილად წამოეგო რუსეთთან საიდუმლოდ შეთანხმებული ოსმალეთის იმპერიის ხელისუფალთა პროპაგა­ნდას. სამშობლო მიატოვა და ოსმალეთში გადასახლდა... ურთულესი გზა გაიარეს, დიდი ნაწილი განადგურდა. გადარჩენილები­ უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებულ სირიასა და იორდანიაში დამკვიდრდნენ... მეორე გენოციდი საბჭოთა კავშირის დროს, 1944 წლის 23 თებერვალს დაიწყო. ორი კვირის განმავლობაში მთელი­ ერი აყარეს საკუთარი მიწიდან და სატვირთო ვაგონებით გაუყენეს შორეულ გზას. სტალინის ბრძანებით გადასახლებული­ 650 ათასზე მეტი კაციდან 180 ათასი ჩეჩენი და 30 ათასი ინგუში დაიღუპა. შემდეგი 13 წლის განმავლობაში ყაზახეთში გაუსაძლის პირობებსა და შიმშილობას 300 ათასზე მეტი შეეწირა.­ მესამე გენოციდი პირველი და მეორე რუსეთ-ჩეჩნეთის ომებია.

- ზოგმა უკრაინის გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი მუხტის დაწყების წინა პირობად ჩათვალა...

- განსაცდელისას ჩრდილოკავკასიელები ყოველთვის ერთად იყვნენ. გავიხსენოთ თუნდაც შეიხ მანსური, იმამ შამილის ბრძოლა, ბაისანგურ ბენოელი და სხვ. ამჯერადაც ერთად დადგებიან. მთავარია, კავკასიამ ამ ურჩხულისგან დაიხსნას თავი, შემდეგ კი თავისით დალაგდება ყველაფერი. ამას შეძლებს ის თაობა, რომელიც სწორედ ამ ქარტეხილებში ჩამოყალიბდა. მათ უფრო მეტი დიპლომატიური უნარი აქვთ და რაც მთავარია, მათ მხარში უდგანან უხუცესები, რაც კავკასიაში ყოველთვის უდიდეს ძალას წარმოადგენდა.

„90-იან წლებში იჩქერიის დამოუკიდებლობა მხოლოდ საქართველომ აღიარა“

იჩქერია ჩეჩნეთის აუღიარებელი რესპუბლიკაა, რომელიც მისმა პირველმა პრეზიდენტმა ჯოჰარ დუდაევმა გამოაცხადა 1991 წელს. 1994-1996 წლებში, ჩეჩნეთის პირველი ომის პერიოდში, რუსეთის ჯარები იჩქერიის კვლავ რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნებას შეეცადნენ, თუმცა მათი ცდა უშედეგოდ დასრულდა. საბოლოოდ რუსეთმა რესპუბლიკიდან ჯარები გაიყვანა და ფაქტობრივად, რესპუბლიკის დამოუკიდებელი ხელმძღვანელობა აღიარა. თუმცა 1999 წელს ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო, რომლის შედეგადაც "მეამბოხეები" გაანადგურეს და ჩეჩნეთი ისევ რუსეთის კონტროლს დაექვემდებარა. 2000 წელს რუსეთმა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია ლიკვიდირებულად, მისი ხელმძღვანელები კი ტერორისტებად გამოაცხადა.საზოგადოებრივი მოძრაობა "თოლამის" ხელმძღვანელის ჯამბულატ სულეიმანოვის თქმით, "ეს გადაწყვეტილება პასუხია რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, ანუ უკრაინამ ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა... გვესმის, რომ ჩეჩნეთის სუვერენიტეტის აღიარება სწრაფად არ მოხდება, თუნდაც იმიტომ, რომ დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებაც კი ძალიან რთული პროცესია, მაგრამ ჩეჩენი ერისა და ჩრდილოკავკასიელებისთვის უდიდესი მორალური სტიმულია. ისინი­ ორმაგ წნეხში არიან. რუსეთის გარდა, ადგილობრივი მმართველობების, კადიროვისა და მისნაირების რეჟიმში­ ცხოვრობენ. ამიტომ ახალი ბრძოლის დასაწყებად, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის იბრძოლონ, ჩეჩნებისთვის ბევრს ნიშნავს... ახლა სხვა რეალობაა, 90-იან წლებში იჩქერიის დამოუკიდებლობა მხოლოდ საქართველომ (და ავღანეთმაც, რომელიც თალიბების კონტროლქვეშ იყო) აღიარა, რომელიც თავად დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის პროცესში იყო, მაგრამ ახლა სხვა რეალობაა - იჩქერიის ოკუპაცია, გაეროს წევრმა, დამოუკიდებელმა და დემოკრატიულმა სახელმწიფომ ცნო. იმედი არსებობს!".