რას ამბობს ადვოკატი, რომლის დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა, ლაღიძის ქუჩაზე ხელყუმბარა ისროლა - კვირის პალიტრა

რას ამბობს ადვოკატი, რომლის დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა, ლაღიძის ქუჩაზე ხელყუმბარა ისროლა

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული პირის ადვოკატის გიორგი ბარდაველიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი აცხადებს, რომ ყუმბარა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად გამოიყენა და არათუ განზრახ მკვლელობის მცდელობა, არამედ არავისთვის ზიანის მიყენება არ სურდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ, 24 ოქტომბერს წარუდგენენ.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გუშინვე შევხვდი. მისი პოზიცია არის ის, რომ არანაირი განზრახვა არ ჰქონია ვინმესთვის ზიანი მიეყენებინა. მკვლელობის მცდელობის განზრახვა არ ჰქონია, არათუ მკვლელობის მცდელობის, არამედ ზიანის მიყენებისაც. უბრალოდ, როდესაც აპირებდნენ მის მიმართ რიგ იძულებითი ღონისძიებების გამოყენებას და მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა, შემდეგ რაც მოხდა ყველამ იცით... ეს ხელყუმბარა მას ჰქონდა თუ იმ პირებს წაართვა, ჯერ არ ვიცი. ამ ეტაპზე მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, რადგან გამოძიებას არ შევუშალო ხელი, როგორც შსს-ის, ისე ალტერნატიულ გამოძიებასაც, რომელსაც დაცვის მხარე ატარებს და რიგ მასალებს აგროვებს. კატეგორიულად შემიძლია ვთქვა, რომ დანაშაულის მოტივი და განზრახვა არ ჰქონია. მისი ქმედება განპირობებული იყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წარმოდგენა არ აქვს, ამ პირებს რა მოტივი ამოძრავებდათ. მათთან კონფლიქტში მყოფი პიროვნება არ ყოფილა და არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია. მისთვის უცნობი პირები იყვნენ“,-განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. როგორც უწყება აცხადებს, ბრალდებულს ლაღიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ოთხ პირთან, რა დროსაც მათი მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა, რომლის აფეთქების შედეგად 3 პირი დაშავდა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ოთხ პირთან, რა დროსაც მათი მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა 3 პირი: 1994 წელს დაბადებული ლ.ბ., 1991 წელს დაბადებული გ.ა. და 1983 წელს დაბადებული გ.ზ.

სამივე მათგანს საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს”,- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"