"ჩემმა მეუღლემ ჩემ გამო დაანება თავი პროფესიას - ოპერაში ყველაზე ახალგაზრდა ბალერინა იყო... ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა" - კვირის პალიტრა

"ჩემმა მეუღლემ ჩემ გამო დაანება თავი პროფესიას - ოპერაში ყველაზე ახალგაზრდა ბალერინა იყო... ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა"

22 ოქტომბერს ფილარმონიის წინ მსოფლიოში აღიარებული ქართველი თვითნასწავლი ვირტუოზი გიტარისტის, ბატონ თემურ ყვითელაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ის ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტია. მისი რეპერტუარი გამოირჩევა საკუთარი კომპოზიციების ორიგინალურობით, აგრეთვე ქართული და მსოფლიო კლასიკური მუსიკის ინდივიდუალური ინტერპრეტაციით და შესრულების ვირტუოზული, იმპროვიზაციული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მანერით. მას სოლო კონცერტები გამართული აქვს ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორიცაა: „Carnegie Hall“, „Birdland“ , „Iridium“, „La Ve Lee“, „The Baked Potato“ და სხვა. თემურ ყვითელაშვილი სხვადასხვა დროს იყო და არის მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სახე, სპეციალური სტუმრის სტატუსით გამოდიოდა ლეგენდარულ გიტარისტებსა და მუსიკოსებთან ერთად. ის მონაწილეობს მსოფლიოს ცნობილ გამოფენებში, ატარებს მასტერკლასებს, კითხულობს ლექციებს. ხშირად ატარებს კონცერტებს ფილარმონიისა და კონსერვატორიის დიდ დარბაზებში, "ივენთ-ჰოლში", ასევე­ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, არის თბილისისა და ახალციხის საპატიო მოქალაქე...მსმენელის წინაშე გიტარისტი ოპერისა­ და ბალეტის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ბენდის მონაწილეობით გრანდიოზული კონცერტით წარდგა. თაყვანისმცემლებმა მისი განახლებული პროგრამა მოისმინეს. საღამომ მოულოდნელი სიურპრიზით ჩაიარა - მაყურებლის წინაშე პირველად წარდგა როგორც დირიჟორი პატარა თემურ ყვითელაშვილი. ეს იყო კონცერტი, რომელიც ქართველ მსმენელს ძალიან დიდხანს ემახსოვრება. "კვირის პალიტრა" დიდი სიყვარულითა­ ულოცავს თემურ ყვითელაშვილს ამ შესანიშნავ დღეს და გთავაზობთ ინტერვიუს ფილარმონიის დარბაზიდან, სადაც ცოტა ხნის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

- გილოცავთ, ბატონო თემურ, ამ დიდ სიხარულს! როგორია პირველი ემოციები?

- მოგესალმებით და უღრმეს მადლობას გიხდით ყურადღებისათვის. ყველაზე დიდი ვარსკვლავი ხალხის აღიარება და სიყვარულია. ეს მართლა ძალიან დიდი ხანია მაქვს და ვამაყობ ამით, მაგრამ ოფიციალურად დადასტურებაც, რა თქმა უნდა, უზომოდ სასიხარულოა და მადლობელი ვარ კულტურის სამინისტროსი, მერიისა და საქართველოს კულტურის პალატის, რადგან ასეთი დონის კონცერტის ჩატარებას დიდი სახსრები სჭირდება. ამ ყველაფერს მარტო­ მე ვერ შევძლებდი და ამისათვის მათ უღრმესი მადლობა. ყველა ჩემი კონცერტი თანაბრად საპასუხისმგებლო და საპატიოა, რადგან ყოველთვის განსაკუთრებით ვეკიდები ხოლმე. ჩემი ცხრა წინა სოლო კონცერტიდან ეს იყო მეათე და საიუბილეო. სადაც კი ჩემი სახელი და გვარი გაჟღერდა და თუკი რაიმე დამჭირდა, ყველა გვერდით დამიდგა. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება თითოეული ადამიანისა და მსმენელის წინაშე. გულით ვატარებ მთელი ჩემი ცხოვრება ამ ადამიანების სიკეთეს და სიყვარულს.

- როგორ ფიქრობთ, ამ დიდი წარმატების უკან რა დგას?

- მე ისე მიცხოვრია, არასოდეს ცხვირი არ ამიწევია, არაფერს გავუგიჟებივარ, თვალი არაფერზე გამქცევია და აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ხალხის სიყვარულიც ბუნებრივად მოვიდა.

yvitel2-1666530413.jpg

- მგონი, თქვენ და გიტარა ერთად დაიბადეთ...

- კი, კი, ასეა, რაც თავი მახსოვს, სულ ვუკრავ. 10 წლიდან ვუკრავ. არასოდეს­ ყოფილა ეს კომერციული პროფესია, ჩემი ცხოვრებაა, მოწოდება. სულ ვამბობ, რომ "სამართალმა პური ჭამა". ამაში, რა თქმა უნდა, ფულის კეთებას არ ვგულისხმობ.­ იყო დიდი არტისტი და ჯიბეში ბევრი ფული გედოს, გამორიცხულია. წესიერი­ ცხოვრებითა და მაღალი ხელოვნებით ფულს ვერ იშოვი. მე გულწრფელად ვიცხოვრე და ასევე გავაგრძელებ, რადგან ამან ისეთი ნაყოფი გამოიღო, როგორზეც ბევრი არტისტი ვერ იოცნებებს მსოფლიოში. მხედველობაში მაქვს ჩემი წარმატება­ - დაწყებული ჩემი შემოქმედებით და დამთავრებული დარბაზებითა და ბრენდებით. ვფიქრობ, ესეც კანონზომიერად მოხდა - ბევრ რამეზე ვთქვი უარი და ამიტომაც მივიღე ეს ყველაფერი ღვთისაგან საჩუქრად. ესეც უნდა ვთქვა - რამდენ დიდ ქვეყანასა და დარბაზში დამიკრავს, მაგრამ ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგომა სულ სხვა განცდაა.

- ვიცი, რომ განსაკუთრებულია თქვენი მეგობრობა მის უწმინდესობასთან.

- დიახ, ახლაც თვითონ დამიბარა და კონცერტის წინ დამლოცა. საოცარი ადამიანია, ამას რამდენიმე სიტყვაში ვერ ჩატევ, შეუძლებელია. მე ბედნიერი ვარ მასთან ურთიერთობით. ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს. ჩვენი ასეთი თბილი, მამაშვილური ურთიერთობა წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როცა ვარ საქართველოში და ამას უწმინდესი გაიგებს ხოლმე, მაშინვე მიხმობს. არ ყოფილა დიდი დღესასწაული საქართველოში, რომ მის გვერდით არ ვყოფილიყავი. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მისი უწმინდესობის თხოვნით გაკეთებული "ავე მარია" ჩემს მუდმივ რეპერტუარშია. ეს უდიდესი პატივია. მისი უწმინდესობა ჩემს არაერთ კონცერტს დასწრებია. ეს რად ღირს? ამას ხომ ფასი არა აქვს.

yvitel-1666530413.jpg

- თქვენი ოჯახიც გაგვაცანით...

- ყოველთვის ვერიდები ჩემი ოჯახის ქება-დიდებას, მაგრამ ახლა რომ არ ვთქვა, არ შემიძლია. ჩემმა მეუღლემ ჩემ გამო დაანება თავი პროფესიას - ის ოპერაში ყველაზე ახალგაზრდა ბალერინა გახლდათ. ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა, რისთვისაც უზარმაზარ მადლობას ვუხდი. ეს ადვილი არ არის, დამიჯერეთ.

yvitel3-1666530413.jpg

ყოველთვის მოკრძალებულად ვცხოვრობდით, ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს. ჩვენი მიზანი თავიდანვე ის იყო, რომ შვილები ყოფილიყვნენ კარგი მოქალაქეები და წარმატებული თავიანთ საქმეში. მადლობა ღმერთს, ორივე შვილი ასეთია: მაია კარგი იურისტი დადგა, პატარა თემური უკვე კარგი დირიჟორია. სხვათა შორის, ძალიან ვღელავდი, როგორ გაართმევდა თავს ჩემი კონცერტის დირიჟორობას და ამწუთას უზომოდ ბედნიერი და ამაყი ვარ.

- პანდემიის თემას გვერდს ვერ ავუვლით...

- პანდემიამ მსოფლიოს ყველა მოქალაქეზე იმოქმედა და არც მე ვიყავი გამონაკლისი. რამდენიმე დიდ დარბაზში დაგეგმილი კონცერტი მოვხსენი. გაჭირვება არაერთხელ გაგვივლია, თუმცა ყოველთვის ვაკეთებდი ჩემს საყვარელ საქმეს. ახლაც, ამ ორი წლის განმავლობაში, სწორედ ამ საღამოსთვის ვმუშაობდი. ამიტომ ეს ორი წელი არ დამიკარგავს.

- ამ გადასახედიდან თქვენს ცხოვრებაში რამეს თუ შეცვლიდით?

- აბსოლუტურად არაფერს, იმიტომ, რომ ჩემთვის ყველაზე ღირებული იყო ჩემი ცხოვრების წესი და პრინციპები. შემდეგი იყო მუსიკა. ჩემთვის უმთავრესია თავმდაბლობა და წესიერება. ეს თუ აქვს ადამიანს, მის პროფესიონალიზმსაც ექნება ფასი. სწორედ ამ ჩემი პრინციპებით იმავე გზას გავივლიდი.

რუსუდან შაიშმელაშვილი