„დამნაშავე დაუსჯელი არც ერთ სისტემაში არ უნდა დარჩეს“ - კვირის პალიტრა

„დამნაშავე დაუსჯელი არც ერთ სისტემაში არ უნდა დარჩეს“

ბატონ ნიკო ლეკიშვილის, როგორც თბილისის მერისა და სახელმწიფო მოხელის გახსენებას, ერთი მიზეზი აქვს: ურთულეს პერიოდში მოვიდა თანამდებობაზე: 1993-1995 წლებში თბილისის მერად, 1995-98 წლებში კი საქართველოს სახელმწიფო მინისტრად, ამის მიუხედავად, მისადმი აგრესია ნაკლებად იგრძნობოდა. პირიქით, თბილისის მერებს შორის ხშირად სწორედ მას ასახელებენ საუკეთესოდ. ბატონ ნიკოს ამ თემასა და დედაქალაქში შექმნილ მდგომარეობაზე ვესაუბრე.

- ბატონო ნიკო, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მერობა კრიმინალებით სავსე დედაქალაქში შედგა, შეიძლება ითქვას, ადამიანი თავს მორალურად ისე განადგურებულად არ გრძნობდა, როგორც დღეს. რატომ? ყოველდღიური სტრესი იყო ნაკლები თუ თუნდაც ჩამონგრეულ სახელმწიფოში მეტი დაცულობა­ იგრძნობოდა?

- სტრესები როგორ არ იყო, პირველივე დღეს კაბინეტში რომ შევედი, შეიარაღებული კაცი დამხვდა და შენობაც შეიარაღებული ხალხით იყო სავსე. იმ კაცს რომ ვკითხე, აქ რატომ ხარ-მეთქი, მითხრა, აქ ხომ შტაბია, კომენდანტი ვარო. მაშინ ის ხალხი იქიდან კი გადავიყვანეთ, მაგრამ მდგომარეობას ასე უცებ რა გამოასწორებდა. ერთხელაც რომ დამირეკეს, ქუჩაში ხალხი ერთმანეთს ხოცავს, რაიმე იღონეო, რა უნდა მეღონა, მაშინვე იქ წავედი და ქუჩაში უკვე 5 ცხედარი დამხვდა, დანარჩენები კი აქეთ-იქიდან ავტომატებს ესროდნენ ერთმანეთს. რა უნდა მექნა, მაშინ ჩვენს პოლიციას რევოლვერებიც არ ჰქონდა, ამიტომ ხელები ავწიე და შუა ქუჩაში­ დავდექი, ბიჭებო, აღარ ისროლოთ-მეთქი. ამ მომენტმა სროლა კი შეაჩერა, მაგრამ იმ ხალხმა ცოტა ხანში მაინც დახოცა ერთმანეთი.­ აი, ასეთი სიტუაცია იყო. თუმცა საზოგადოებას მაინც ჰქონდა შენარჩუნებული ერთმანეთის გვერდით დგომის უნარი. ჯერ კიდევ იყო იმის განცდა, რომ ცუდი საქმის ჩამდენს ხელი ჩამოსართმევად არ უნდა გაუწოდო, არ უნდა მიესალმო, რაც დღევანდელ თბილისში ნაკლებად იგრძნობა. რაც მთავარია, მედია იყო გაცილებით პატიოსანი და ისედაც მძიმე პროცესებს უფრო არ აღვივებდა. კი, ჩასაფრების ცდები როგორ არ იყო. მაგალითად, 19 ნოემბერს მერად რომ დავინიშნე, უკვე 23 ნოემბერს დაწერეს გაზეთში, ნიკო ლეკიშვილი მოვიდა და პურის პრობლემა ვერ მოაგვარაო. თუმცა მსგავსი რამ მაინც იშვიათი იყო. მიუხედავად გაჭირვებისა, ადამიანს მეორის იმედი მაინც ჰქონდა, რის გამოც მორალურად გატეხილად არ გრძნობდა თავს. ასე რომ არ ყოფილიყო, გარშემო ისეთი ნგრევა იყო, შეიძლებოდა გული გაგხეთქოდა. როდესაც მერობის პირველივე დღეებში მთაწმინდიდან ნარიყალას ჩათვლით მთელი გაძარცული თბილისი მოვიარე, მართლაც კინაღამ გული გამისკდა. "ქართვლის დედასაც" კი შემოცლილი ჰქონდა ლითონის ფირფიტები - მოიპარეს. არადა, მაშინ არც ფული გვქონდა­ და თითქმის არც კერძო ბიზნესი არსებობდა, რომ ამ გაუბედურებული მდგომარეობისთვის სწრაფად მოგვევლო. თუმცა, როდესაც რუსთაველის აღდგენა დავიწყეთ, ისევ ჩვენ შორის აღმოჩნდა ხალხი, რომელმაც გაუხმაურებლად გაიღო თანხები ამ საქმისთვის. მაშინ დავთქვით, ამაზე არ ვილაპარაკოთო, და არც გვილაპარაკია.

- თქვენგან მსმენია, რომ თვით პოლიტიკოსებსაც კი დახმარებიან უანგაროდ.

- კი. ამაზეც მითქვამს და სიამოვნებითაც. მახსოვს, როდესაც ახალი წლის წინ შევარდნაძემ დამირეკა, ახალ წელს პური არ გვექნება, რუსებმა გაზი გადაგვიკეტესო, თავზარი დამეცა. ამასობაში მეპურეებმაც მითხრეს, საწვავი მაინც რომ გვქონდეს, პურს "ფარსუნკებზე" გამოვაცხობთო. მაგ­რამ როგორ უნდა გვქონოდა ეს საწვავი, როდესაც ფული არ გვქონდა?! მაშინ აზერბაიჯანში მცხოვრები ჩემი მეგობრები­ გამახსენდა და დავურეკე, მანდ საწვავი თუ აქვთ-მეთქი? მაშინ ხომ თავად ბაქოც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. როდესაც­ მითხრეს, საწვავი ნამდვილად არისო, უკვე შევარდნაძეს ვთხოვე, დაერეკა ჰეიდარ ალიევისთვის და საწვავი ეთხოვა. შევარდნაძემ მითხრა, მე ვერ დავურეკავ, თავად წადი აზერბაიჯანში საწვავის სათხოვნელადო. რაღას ვიზამდი, მე და მძღოლი წავედით, ღამის 10 საათზე ჩავედით სრულიად ჩაბნელებულ ბაქოში და მეგობრებმა წამიყვანეს ალიევთან, რომელიც მაშინვე­ გამოვიდა­ შესახვედრად, როგორც კი გაიგო, რომ მასთან თბილისის მერი იყო ჩასული. ჩვენი ამბავი­ რომ ვუამბე, გაზი გვაქვს გადაკეტილი და პურს საახალწლოდაც ვეღარ ვაცხობთ-მეთქი, მაშინვე მკითხა, კი მაგრამ, რატომ თავად შევარდნაძემ არ დამირეკაო. ვუთხარი, ეგ არ ვიცი-მეთქი. მართლა არ ვიცოდი. იქნებ იმიტომ, რომ ფული არ გვქონდა?­ მაგრამ ალიევის იმედი რომ არ ჰქონოდა, ბაქოშიც ხომ არ გამგზავნიდა?­ მოკლედ, იქვე ჩემი ინიციატივით დავამატე, სამაგიეროდ, მითხრა, რომ კარგი ადამიანი ხართ და აუცილებლად დაგვეხმარებით, ოღონდაც­ ახლა ფული არა გვაქვს, თუმცა პატიოსან სიტყვას გაძლევთ, გაზაფხულზე გადაგიხდით-მეთქი. ალიევს აღარაფერი უკითხავს, მაშინვე გვერდით ოთახში გავიდა, პატარა­ სუფრა გააშლევინა და საწვავის ქარხნის დირექტორი გამოიძახა, საწვავი­ თუ გაქვთო. იმან უთხრა, კი, როგორ არაო. მოკლედ, ბაქოდან საწვავით დატვირთული მთელი შემადგენლობა გამოგვიგზავნეს, რაც კარგა ხანს გვეყო.

- როცა ასეთ ამბებს ისმენ, ადამიანობის გაუფასურების შეგრძნება ნამდვილად ქრება, რისი ნაკლებობაც დღეს თუნდაც დედაქალაქში ვიზუალურადაც კი იგრძნობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საარსებო სივრცეში ჩაკვეხებულ კორპუსებსა და მახინჯ ნაგებობებს შორის დადიხარ, საიდანაც თითქოს სუნთქვის საშუალებაც განიდევნა.

- თავადაც მიჭირს ასეთი­ თბილისის­ ნახვა. მართალია, გამიგონია, თურმე ნიკო ლეკიშვილმაც დაარიგა ტერიტორიები კორპუსების ასაშენებლად, მაგრამ ეგ ტყუილია. პირიქით, სულ ვნანობ, თბილისის მერის პოსტზე რომ არ დავრჩი­ და სხვაგან გადავედი, მით უფრო მაშინ, როდესაც­ პოლიტიკოსი არ ვიყავი. ასე რომ მოვქცეულიყავი, იქნებ შემძლებოდა დედაქალაქი დღემდე უკეთესად მოსულიყო. 2000 წლამდე არსებობდა თბილისის­ დაგეგმარების გეგმა, რომელიც მშენებლობებს განსაზღვრულ ადგილებში კრძალავდა. მაგალითად, სპორტული მოედნების გასხვისება და ფუნქციის მოშლა კატეგორიულად აკრძალული იყო. ამჟამად რა ხდება? კორპუსები თითქმის სტადიონების ტერიტორიებზე შენდება. კლდეებიც კი ჩამოჭრეს, რაც ტექტონიკური ძვრების წინამორბედი შეიძლება იყოს. ზოგიერთი ნაგებობა შეიძლება უსახურობის სიმბოლოდაც იქცეს. მაგალითად, რუსთაველის მიმდებარედ მრავალსართულიანი მონსტრი რომ აშენდა, ის. ეგ მონსტრი მთაწმინდის ხედსაც ფარავს და პირიქით, მთაწმინდიდანაც ფარავს თბილისის ხედს. არადა, ყველა ქალაქს აქვს და უნდა ჰქონდეს საკრალური ადგილი, საიდანაც ამ ქალაქს სრულყოფილად იგრძნობ. ასეთი თბილისისთვის მთაწმინდაა და სწორედ მისი ხედი დამახინჯდა.

- უცხოეთში არის ქალაქები, სადაც მსგავს გიგანტურ ნაგებობებს უკვე დემონტაჟს უკეთებენ. იქნებ ჩვენთანაც დადგეს ეს დრო.

- ეგ გამორიცხულია 50-60 წელიწადს მაინც, სანამ ქვეყანა ისე არ გამდიდრდება, რომ კერძო ქონებით მოსარგებლე ხალხს სამაგიერო ფართობი მისცენ. ასე რომ, ამ სურათს უნდა შევეგუოთ.

- ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიაზეც უნდა ვისაუბროთ... კახა კალაძისთვის თქვენი საარჩევნო მხარდაჭერა ცნობილია, ბევრი­ ამ ტრაგედიაში მის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს.

- სინამდვილეში ყველა ამ საუბრის საფუძველი პოლიტიკაა და არა მისი გა­კეთებული­ საქმეები. თუ დანაშაულში მის ნამდვილ პასუხისმგებლობაზე მიდგა საქმე, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს კანონის ყველა ნიუანსის გათვალისწინებით.

- გამოძიებამ რამდენიმე პირი უკვე დააკავა. თუმცა ზოგი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს...

- მე ერთი რამ ვიცი - ენით აუწერელი ტრაგედია მოხდა. სწორედ ამიტომ უნდა წარიმართოს გამოძიება გულდასმით. ნაჩქარევი გამოძიება ნიშნავს, რომ მსგავსი უბედურებები კიდევ გვექნება. მაგალითსაც გეტყვით - 1990 წლის 1-ლ ივნისს თბილისის ფუნიკულიორის საბაგიროდან ვაგონი ჩამოვარდა, მაგრამ დამნაშავეები ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს გამოვლინდნენ და სასჯელიც მიეგოთ. გამოძიება რვა თვეს მიმდინარეობდა, რომ მსგავსი უბედურება აღარ განმეორებულიყო.

- ანუ კომუნისტური სისტემის დამნაშავეები­ დამოუკიდებელ საქართველოში დაისაჯნენ.

- დიახ. დამნაშავე დაუსჯელი არც ერთ სისტემაში არ უნდა დარჩეს.

- როგორ ფიქრობთ, მაინც რა მოხდა, რა იყო იმ ტრაგედიის მიზეზი, რომელსაც თბილისი ვერასოდეს დაივიწყებს?

- მე ვერ შევძლებ იმის თქმას, რა იყო მიზეზი, არა მაქვს ამ საკითხზე ლაპარაკის უფლება. გამოძიებამაც უნდა იფრთხილოს. იმ შადრევანში არათუ ელექტრობა, მისი თითოეული სანტიმეტრი დეტალურად უნდა შემოწმდეს. უცხოეთში არსებობს შადრევნები, რომელთაგან ზოგში ჩასვლა აკრძალულია, ზოგში კი არა. ვაკის შადრევანს თბილისის მერად ჩემი მუშაობის პერიოდშიც ჰქონდა შემოვლებული დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლის მოაჯირი - გადასვლა აკრძალული იყო. არ ვიცი, რატომ მოხსნეს, მაგრამ ფაქტია, რომ ის აღარ არსებობს, უბედურება კი მოხდა, რისი გამოსწორებაც აღარ შეიძლება.