"კატოს სიზმრები“ ევროპის პრესტიჟულ ფესტივალებში მონაწილეობს“ - კვირის პალიტრა

"კატოს სიზმრები“ ევროპის პრესტიჟულ ფესტივალებში მონაწილეობს“

მამა-შვილის ურთიერთობაზე ბევრი დაგვიწერია და, ალბათ, კიდევ ბევრი დაიწერება, მაგრამ ყველაზე სამაგალითო­ და ჩემთვის პირადად გულის ამაჩუყებელია­ ცოტნე რუსიშვილისა და მისი ქალიშვილის, კატოს ამბავი. "ჰოდა, ერთხელ ნიტა წავიდა და კრეფდა ყვავილებს", - ასე იწყება 3 წლის კატო რუსიშვილის მამის თხოვნით ძილის წინ სახელდახელოდ გამოგონილი ზღაპარი. მამამ კატოს ნაამბობი მალულად ჩაიწერა, ცოტა ხნის შემდეგ კი ამ ზღაპარზე მულტფილმი გადაიღო და კატოს ხმით გაახმოვანა. რა გასაკვირია, რომ ინტერნეტით გავრცელებულ ამ მულტფილმს, ასიათასობით მოწონება ერგო. გავიდა წლები და კატომ და მისმა მამიკომ ახალი ანიმაცია შემოგვთავაზეს - "ნინძა ბუ", ოღონდ ამჯერად დედიკო და პატარა ძამიკო ანდრიაც აიყოლიეს მის შექმნაში. მულტფილმისთვის სიმღერაც ერთად დაწერეს, შემდეგ კატოს შესრულებით ეს სიმღერა ოჯახურ ანიმაციურ პროდუქტშიც ახმიანდა. ამ მულტფილმსაც არანაკლები მოწონება და "გულები" ერგო. ამჯერად იმაზე უნდა გიამბოთ, თუ როგორ აქცია კატომ მოყვარული­ ანიმატორი მამა პროფესიონალ ანიმატორად. დღეს ცოტნე რუსიშვილის­ რეჟისორობით გადაღებული "კატოს სიზმრები" ევროპის რამდენიმე პრესტიჟულ ფესტივალში მონაწილეობს.

- ერთხანს იუსტიციის სამინისტროში­ ვმუშაობდი, თუმცა ახლა ანიმაციაში გადა­ვინაცვლე, "კატოს სიზმრების" რეჟისორი და ანიმატორი ვარ. 3 წლის რომ იყო კატო, მაშინ­ შედგა მულტფილმში შესული დიალოგი. ვაძინებდი და სიზმრებზე გამიბა საუბარი.­ ჩაწერილი მქონდა ტელეფონში და საგულდაგულოდ ვინახავდი. მაშინ ანიმაციას თუ გავაკეთებდი ამ ჩანაწერზე, არც მიფიქრია. მოგვიანებით გავიცანი სტუდია "ანიმატორის" თანამშრომლები და მათ დამაკავშირეს კომპანია "20 შტეპს Pროდუცტიონს"-ის ხელმძღვანელ ვლადიმერ კაჭარავასთან. მას მოვასმენინე ჩანაწერი და ვუთხარი, რომ ვაპი­რებდი ანიმაციის გაკეთებას. მოეწონა­ იდეა, პროექტად შევკარით და საქართველოს კინოცენტრში ყოველწლიურ მოკლემეტრაჟიანი ანიმაციის დასაფინანსებელ კონკურსზე გავედით. ოთხმა­ პროექტმა მოიპოვა დაფინანსება, მათ შორის ერთი ჩვენი იყო. ასე შეიქმნა სტუდია "ანიმატორის" ჩემი 10-წუთიანი მულტიპლიკაციური ფილმი "კატოს სიზმრები", რომელიც უკვე რამდენიმე ფესტივალზე მოხვდა. განსაკუთრებით მახარებს, რომ პორტუგალიაში ანიმაციური ფილმების ფესტივალზე "CINANIMA " 2022 ვაჩვენებთ.

- რაზეა "კატოს სიზმრები"?

- ჩემი და კატოს დიალოგია, მიყვება, "ბოროტული სიზმრები" მესიზმრებაო,­ მერე კონკრეტულად მიამბობს, რა ესიზმრება.

- დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვან პრიზებს მოიპოვებთ პრესტიჟულ ფესტივალებზე... ისე, მამების კონკურსიც რომ ტარდებოდეს, პირველობაში ვერავინ შეგეცილებოდათ...

kato2-1666532980.jpg

- კონკურსი და პირველი ადგილი არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად ვცდილობ კარგი მშობელი ვიყო.

- დღეს რა მდგომარეობაშია თანამედროვე­ ანიმაცია? "ჟირაფი ჟოზეს" გარდა, ქართული პროდუქტი, რომელიც ბავშვებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, არც მახსენდება.

- სამწუხაროდ, ღარიბი ქვეყანა ვართ და ქართული ბაზარი არ არის მზად ანიმაციურ ფილმებსა თუ სერიალებში გადაიხადოს ფული. ეს ძვირი სიამოვნებაა, დიდ დროსა და შრომას მოითხოვს, რომელიც უნდა ანაზღაურდეს. ქართული ანიმაციური ფილმები მაყურებლამდე, ფაქტობრივად, არ მიდის, რადგან ძირითადად უცხოურ ფესტივალებზე იგზავნება იმ იმედით, რომ იქ მიიქცევს ყურადღებას და გაჩნდება სხვა ქვეყნების ანიმატორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. თუმცა­ რაღაც პროექტები დაძრულია. ამჟამად მოზარდებისთვის ანიმაციურ სერიალზე ვმუშაობთ. პროექტი საქართველოში აშშ-ის საელჩომ დააფინანსა. ნამდვილად გაგვიმართლა, სხვანაირად მაღალი ხარისხის ანიმაციური სერიალის შექმნა წარმოუდგენელი იქნებოდა. გაზაფხულზე დასრულდება და იმედია, მაყურებელს მოეწონება. მაშინ ვიტყვით, რომ პირველი ქართული ანიმაციური სერიალი გვაქვს, რომელიც ფეხს უწყობს თანამედროვე ინდუსტრიას.

- რა როლი აქვს ანიმაციას ბავშვის ჩამოყალიბებაში?

- ბავშვისთვის მარტივად აღსაქმელია. ნამდვილად შეიძლება ამ სფეროს გამოყენება მათი აღზრდის და ჩამოყალიბების ერთ-ერთ ინსტრუმენტად.

- მენტალობა, იდენტობა, ამაშიც ხომ თამაშობს როლს? თანამედროვე მულტფილმებიდან გადმოღებული რეაქციები და ფრაზები­ ხშირად მხვდება თვალში. მინახავს, ბავშვმა­ ჯერ ლაპარაკი არ იცის და რაღაც რომ დაუვარდება, "უპს" წამოიძახებს, ან თუ რამე არ უნდათ, "ნოუ! ნოუს".

kato3-1666532980.jpg

- იმიტომ, რომ ეგ "უპს" და "ნოუ" რომელ კულტურაშიცაა გავრცელებული, იქ ქმნიან ყველაზე ხარისხიან პროდუქტს, შესაბამისად, პოპულარულიც არის. თუ კონკურენციის გაწევა გვსურს და გვინდა ბავშვებმა ვიშ და ვაშა იძახონ, მაშინ უკეთესი პროდუქტი უნდა შევთავაზოთ, რაც ჯერ რთულად წარმოსადგენია, რადგან კარგი ანიმაციური პროდუქტის შექმნას სახსრები სჭირდება.

მე დიდ პრობლემას იმაშიც ვერ ვხედავ, რომ ამერიკულ მულტფილმებზე იზრდებიან ბავშვები. მეც ასე ვარ გაზრდილი, გემოვნება მაგ ფილმებით ჩამომიყალიბდა.

- ახლა რამხელა გოგოა კატო და რა რეაქცია აქვს, თავის მონაყოლ ამბებს რომ უსმენს ფართო ეკრანიდან?

- კატო 8 წლისაა და დიდად ჩართული აღარ არის ჩემი ფილმების ამბებში.

- თანამედროვე ბავშვებში რა არის ყველაზე დიდი პრობლემა?

- გაჯეტებზე დამოკიდებულება. მე და ჩემს მეუღლეს ამის მკაცრად გაკონტროლება გვიწევს.

- როგორი გინდათ იყოს თქვენი, ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე?

- მინდა ჩემმა შვილებმა იცხოვრონ იმ სტანდარტების ქვეყანაში, რომელიც თავისუფალი და განვითარებული სამყაროს წევრი იქნება. მინდა რუსეთის გავლენისგან­ თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრონ. უკეთეს მომავალს კი ხელის განძრევა სჭირდება. სადღეგრძელოებით და ოცნებით საქმე არ კეთდება.