"ერთ საღამოს, როცა ნინის სახლთან ლევანი მივიდა, სამი გასროლის ხმა გაისმა. თურმე კახი მთელი დღე უდარაჯებდა მეტოქეს" - კვირის პალიტრა

"ერთ საღამოს, როცა ნინის სახლთან ლევანი მივიდა, სამი გასროლის ხმა გაისმა. თურმე კახი მთელი დღე უდარაჯებდა მეტოქეს"

ნინი გამორჩეული თბილისელი გოგო იყო, ლამაზი და ნიჭიერი. 20 წლის წინ, მოზარდობაში გახლდათ, მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში გაჭირვებული ყოფისა, მას მაინც არაფერი აკლდა. უფროს და უმცროს დებს შორის 10 წლის ასაკობრივი­ სხვაობა­ იყო. მშობლები არც ელოდებო­დნენ მეორე შვილს, როცა პატარა ამ ქვეყანას­ მოევლინა­. ივნისის დამდეგს დაიბადა და რადგან სასწაულის ტოლფასად ჩათვალეს მისი დაბადება, წმინდანის სახელი დაარქვეს. პატარაობიდანვე თავს ევლებოდნენ,­ სად აღარ დადიოდა: ინგლისურზე და ფრანგულზე, ცურვაზე, ჭადრაკსა და ცეკვაზე. მამისგან სპეციალურად დაქირავებული მძღოლი ყველგან მანქანით დაატარებდა.

ოჯახის ნაბოლარა განებივრებული იყო და ნინის უფროსი­ და, ქეთა, თავიდან ცოტას ეჭვიანობდა, მაგრამ მერე დედასთან ერთად უმცროსი დაიკოს მოვლა-პატრონობა რომ იტვირთა, მალევე გააცნობიერა, რომ ნინიზე ძვირფასი არავინ ჰყავდა.

ქეთი რომ გათხოვდა, ნინი 16 წლის იყო. დის გარეშე დარჩენილ ნინის მშობლები უფლებას აძლევდნენ მისი მეგობრები­ ხშირად დარჩენილიყვნენ მათთან სახლში. ერთხელ ნინის მეგობარმა უთხრა: ჩემმა მეზობელმა კახიმ ტვინი გამიბურღა, შენი გაცნობა უნდა და ხვალ სკოლასთან დაგვხვდებაო. ნინის უარი არ უთქვამს. მართლაც,­ "კაი ბიჭად" ცნობილი კახი მეორე დღეს სკოლის ჭიშკართან იყო ატუზული... მალე ხმა დაიყარა, კახი და ნინი შეყვარებულები­ არიანო... მშობლების ყურამდე რომ მია­ღწია­ ამ ამბავმა, გულშემოყრილმა დედამ მეუღლეს შესჩივლა, ერთ გზასაცდენილ­ ბიჭს მოსწონს ნინი და რამე უბედურებას­ არ გადაგვყაროსო. მაგრამ გოგონამ დაამშვიდა ისინი, სულ რამდენჯერმე ვნახე, ისიც მეგობრების წრეშიო. მართალს ამბობდა, ნინის კახი არც უყვარდა და არც მოსწონდა, მაგრამ გულის სიღრმეში სიამოვნებდა, რომ "ასეთი" ამჟღავნებდა ყურადღებას, კახის რიდი და შიში ყველას ჰქონდა... კახიმ საჩუქრებს და სიურპრიზებს მოუხშირა: ხან ნინის სადარბაზოსთან მინდვრის ყვავილები დაუფინა, ხან სანთლებით "ნინი, მიყვარხარ" დაუწერა, ხან კალათში ჩასმული პატარა ლეკვი დაუტოვა კართან. მშობლები ისევ შეშფოთდნენ და შვილს სთხოვეს, აღარ აეღო მისგან საჩუქრები. ნინიც დაეთანხმა, მაგრამ პირისპირ ვერ უთხრა. მეგობარს დააბარა ბიჭთან: სხვა მიყვარს და მეუხერხულება, სიურპრიზებს რომ მიწყობო...

იმ წელს ნინი სკოლას ამთავრებდა და სამედიცინო უნივერსიტეტში აბარებდა, უნდოდა მშობლებივით ექიმი გამოსულიყო. ჩააბარა კიდეც გამოცდები და მშობლებს სთხოვა, ზღვაზე გაეშვა სამ მეგობარ გოგონასთან ერთად. ცოტა კი შეფიქრიანდნენ, უფროსის გარეშე როგორ გაეშვათ ნაფერებ-ნალოლიავები­ შვილი, მაგრამ ნინი ისე ემუდარებოდა, უკვე დიდი გოგო ვარო, რომ ვეღარ უთხრეს უარი. გოგოსგან უარყოფილი კახი ერთხანს აღარ ეკონტაქტებოდა ნინის, მაგრამ სულ მისკენ ჰქონდა­ ყურადღება და უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი გოგოს მოტაცება. ეს დღეც დადგა. ბათუმში ჩასვლიდან მეხუთე დღეს, როცა ზღვიდან ამოსული გოგონები ნაქირავები­ ბინისკენ მიდიოდნენ, მანქანა გაჩერდა მათ წინ და გაოგნებულმა ნინიმ დაყვირებაც ვერ მოასწრო, ისე შეაგდეს მანქანაში. მეგობრებმა ბევრიც იტირეს, იქოთქოთეს, მაგრამ თვალსაწიერიდან გამქრალ მანქანას, რომელსაც ნომრებიც არ ეკეთა, ვერავინ მიაგნო. მშობლები ნინის 5 დღე ეძებდნენ. კახის ოჯახშიც მივიდნენ, მაგრამ დამხვდურებმა მხრები აიჩეჩეს, ვიცოდით, რომ უყვარდა თქვენი შვილი, მაგრამ ამ ნაბიჯს თუ გადადგამდა, ჩვენც არ ველოდითო.

ნინის მამა, ბატონი ნიკოლოზი, და დედა მარიამი ტრადიციებს არ მისდევდნენ,­ აქაოდა შვილი მოგვტაცეს და იმ ოჯახში უნდა დარჩესო, პირიქით, მთელი სიმკაცრით აცხადებდნენ, რომ ნინის არ დატოვებდნენ იმ ბიჭთან, რომელმაც ძალა გამოიყენა და მათ შვილს არ უყვარდა. როგორც იქნა, დაბრუნდნენ ახალგაზრდები და ყველას­ გასაკვირად ნინიმ კახისთან დარჩენა გადაწყვიტა. ბატონ ნიკოლოზს ნერვიულობისგან ინფარქტი მოუვიდა, მაგრამ ღვთის მადლით გადარჩა.

ნინი სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ოთხი წელი კახიც და მისი ოჯახიც ხელს უწყობდნენ გოგოს სწავლაში, ნინიმ ორი ბავშვის გაჩენაც მოასწრო. კახი დროგამოშვებით მუშაობდა, მაგრამ მუდმივი სამსახური არ ჰქონდა. მის ოჯახს მშობლები ინახავდნენ, სიდედრ-სიმამრიც არ აკლებდნენ არაფერს. ერთხელაც ერთ გახმაურებულ საქმეში კახის და მის ორ ძმაკაცს დასდეს ბრალი და დააპატიმრეს - საქმე მდიდარი ოჯახის შვილის გატაცებას ეხებოდა. ბავშვის დაბრუნების სანაცვლოდ გამტაცებლები მილიონს ითხოვდნენ. სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა და 11 წლის ბიჭი უვნებელი დაუბრუნეს მშობლებს, გამტაცებლები კი აიყ­ვანეს. ნინის მშობლები­ თავზარდაცემული იყვნენ, თვითონ ნინი კი ნერვიულობისგან ზეზეულად დადნა, ვერაფრით ეგუებოდა იმ აზრს, რომ თავად შვილების მამამ სხვისი­ შვილი­ გაიტაცა და ბავშვის მშობლებს ფულზე ევაჭრებოდა. გადაწყვიტა, კახის ოჯახიდან წამოსულიყო.

ქმარმა ციხიდან წერილი მოსწერა, პატიებას სთხოვდა, მაგრამ ემუქრებოდა კიდეც, სახლიდან ფეხი არ გადგა, თორემ განანებო, მაგრამ ნინიმ მოკიდა ხელი შვილებს და მშობლებთან დაბრუნდა. როცა პატიმარს განქორწინებაზე სარჩელი მიუვიდა, მიხვდა, ნინი აღარ ხუმრობდა. კვლავ მუქარის წერილი გაუგზავნა ცოლს, მაგრამ ნინის არ შეშინებია. რამდენიმე თვის შემდეგ ისინი განქორწინებულებად გამოცხადდნენ.

ნინიმ სწავლა რომ დაამთავრა, მუშაობა­ იმავე­ კლინიკაში დაიწყო, სადაც მამამისი­ მუშაობდა. ბავშვების გაზრდაში დედაც ეხმა­რებოდა და ძიძაც. საქმეში თავით გადაეშვა, მაგრამ­ იმ აზრთან შეგუება ძალიან უჭირდა,­ რომ მის ანგელოზ შვილებს მამა ყაჩაღი ჰყავდათ. კახი ცდილობდა ციხიდან შეხმიანებოდა, ხან წერილს უგზავნიდა,­ ხან ურეკავდა, სთხოვდა პაემანზე მისულიყო, მაგრამ გოგოს კახის ხმის გაგონებაც აღარ სურდა...

ნინი რამდენიმე წელიწადში წარმატებული ექიმი გახდა. ამ კლინიკაშივე გაიცნო­ მამის მეგობრის შვილი, ლევანი, ისიც ექიმი.­ ლევანს ისე შეუყვარდა ნინი, მზად იყო საყვარელი ქალის შვილებისთვის მამობა­ გაეწია. უკვე აღარ მალავდნენ ურთიერთობას. მათ ყველგან ერთად ხედავდნენ.

როცა ამნისტია გამოცხადდა, კახი და მისი პარტნიორებიც გათავისუფლდნენ, ნაცვლად 9-9 წლისა, 6 წელი გაატარეს ციხეში... ერთ საღამოს, როცა ნინის სახლთან ლევანი მივიდა, სამი გასროლის ხმა გაისმა. თურმე კახი მთელი დღე უდარაჯებდა მეტოქეს და მოკლა ადამიანი, რომელიც მისი შვილების დედას ძალიან უყვარდა, მერე კი პოლიციას ჩაჰბარდა. ისევ დააპატიმრეს და ამჯერად 15 წელი მიუსაჯეს. ლევანის მშობლები მკვლელის სამუდამო პატიმრობას ითხოვდნენ და ნინისაც ადანაშაულებდნენ. ეს მორალურად ანადგურებდა გოგოს. ბატონ ნიკოლოზს მეორედ დაემართა ინფარქტი და ვეღარც გადაიტანა. ნინის ორი საყვარელი ადამიანი გამოეცალა ხელიდან... ნინის დედა უფრო გამაგრდა, ხვდებოდა, ახლა რომ სასოწარკვეთილებისთვის მიეცა თავი, ნინი და მისი შვილიშვილები სულ გაუბედურდებოდნენ. უფროს ქალიშვილსაც და მეგობრებსაც სთხოვდა, ნინი მარტო არ დაეტოვებინათ. მართლაც, სულ ხალხმრავლობა იყო მათ ოჯახში. ასე გავიდა ერთი წელიწადი. ერთ დღესაც ნინიმ საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა - ამერიკაში მეგობარი ჰყავდა, რომელიც დახმარებას ჰპირდებოდა:­ მართალია, თავიდან ექიმად ვერ იმუშავებ, მაგრამ უმუშევარს არ დაგტოვებო.­ დედამაც არ დაუშალა, ატყობდა, რა დღეშიც იყო ქალიშვილი - დეპრესიამ ისე დარია ხელი, რომ ძირითადად, იწვა. მოკლედ, წავიდა ნინი, მაგრამ გული დედასა და შვილებთან დარჩა. პირველი ორი წელი ორ პატარას უვლიდა. მოგვიანებით ძალიან გაუჭირდა ბავშვებთან ურთიერთობა. უყვარდა პატარები, მაგრამ მიხვდა, როცა საკუთარი ასე შორს ჰყავდა და უსაშველოდ ენატრებოდა, სხვების შვილებთან დიდხანს ვეღარ გაჩერდებოდა. გადაწყვიტა მოხუცებთან ემუშავა და მალე იშოვა კიდეც ასეთი ოჯახი. მოხუცის შვილებს გაუხარდათ, როცა გაიგეს, ნინი ექიმი იყო, და სიამოვნებით მიიღეს. მოხუცთან ურთიერთობაც არ იყო იოლი: აქ ვიღაცის დედას ვუვლი, ვმკურნალობ და დედაჩემი, რომელსაც უკვე ჩემგან სჭირდება მოვლა-პატრონობა, მიტოვებული მყავსო. თუმცა იმასაც ხვდებოდა, იოლად ვეღარ შეიცვლიდა სამუშაოს, ჯერ სხვა არაფერი­ ჩანდა, დროისთვის უნდა მიენდო თავისი ბედი... უკვე თოთხმეტი წელია, რაც ნინი ამერიკაშია. ორჯერ იყო ჩამოსული და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ აქ ვეღარ იცხოვრებს. შვილებმა დაამთავრეს სკოლა, ორივე სტუდენტია. ნინი ამერიკის მოქალაქე გახდა. მისი მიზანია, შვილებს კარგი განათლება მიაღებინოს ამერიკაში...