ქართული რესტორანი კამბოჯაში - კვირის პალიტრა

ქართული რესტორანი კამბოჯაში

მეგრელი დიასახლისის ხელით მოხვეული ხინკალი, მაყალზე შემწვარი მწვადი, იმერული, მეგრული და აჭარული ხაჭაპურები - ეს ყველაფერი შეგიძლიათ კამბოჯაში, ქალაქ სიემ-რიპში დააგემოვნოთ. "კავკასიურ ქართულ რესტორანს" ქართველი მფლობელები ჰყავს - ირმა ჭითანავა და ლაშა ლომიძე. ისინი კამბოჯაში უკვე მეექვსე წელია სამ ქალიშვილთან - სალომე, ქეთევან და ელისაბედთან ერთად ცხოვრობენ. როგორ მოხვდა ქართული ოჯახი კამბოჯაში, ამის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.

ირმა ჭითანავა: - კამბოჯაში ჩემი მეუღლის სამსახურის წყალობით აღმოვჩნდით. ლაშა ჰუმანიტარული განაღმვითი­ ორგანიზაციის თანამშრომელია. ეს ორგან­იზაცია საქართველოში აფხაზეთისა და აგვისტოს ომების შემდეგ პერიოდებში­ მუშ­აობდა. ისე მოხდა, ორგანიზაციამ ჩემი მეუღლე ექსპერტად გაუშვა კამბოჯაში. შეიძლ­ებოდა ოჯახი წაეყვანა და ჩვენც გავყევით.

- რა იცოდით კამბოჯაზე იქ გამგზავრებამდე?

- პირველად კამბოჯაში ტურისტად ვიყავი. საოცარი ორი კვირა გავატარე. ზღაპრულ ქვეყნად მომეჩვენა, მაგრამ როცა აქ დავსახლდით, ყველაფერი შეიცვალა - ყოველდღიურობაში ბევრი ისეთი ნიუანსი გამოჩნდა, რამაც ცხოვრება გაგვირთულა. რთული იყო რეპტილიებთან ერთად ცხოვრება. ყველგან არიან - სახლში, ეზოში, ქუჩაში, ხეებზე... მხოლოდ ფანჯრებზე კი არ გვიწევს ბადეების გაკვრა, ბადეები გვაქვს გადაფარებული საწოლებზეც. თავის დაცვა გვიწევს პატარა და ზოგჯერ დიდი ხვლიკებისგანაც. ეზოებში ხშირად არიან გველებიც. ერთხელ კობრასაც გადავეყარეთ თავის წიწილებიანად... აქ ხშირია ადამიანის გველისგან დაგესვლა. აუცილებლად უნდა იცოდე, სად უნდა დადგა ფეხი. გარეთ გასვლისას აუცილებლად უნდა დააკვირდეთ ხეებსაც. მოკლედ, კამბოჯა ლამაზი და მიმზიდველია ტურისტისთვის, მაგრამ აქ ცხოვრება ურთულესია. არის საკითხები, რომლებსაც ვერ მოაგვარებ, უბრალოდ, უნდა შეეგუო... სხვათა შორის, ძნელად შევეგუეთ კლიმატს. აქ მხოლოდ ორი სეზონია - ან წვიმს, ან საშინლად ცხელა. წვიმის შემდეგ საოცარი ბუღი დგას ქალაქში. სხვა სირთულეები არ გვქონია, რაც მთავარია, ოჯახი ერთად ვართ. სხვათა შორის, ქალაქი სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ძალიან საინტერესოა ტურისტებისთვის. აქ არის უძველესი საკულტო ნაგებობა ანგკორ-ვატი.

- როგორი ხალხია კამბოჯელები?

- ძალიან კეთილი, თავმდაბალი და ხალისიანი. ღიმილის ან ხელის ჩამორთმევის გამოც კი შეუძლიათ მადლიერება გამოხატონ.

- მათთან რა ენაზე ურთიერთობთ?

- ინგლისურად. მოსახლეობის 70% სრულყოფილად საუბრობს ინგლისურად.

- ბავშვების სწავლის საკითხი როგორ მოაგვარეთ?

- ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას მოვამზადეთ ინგლისურში და აქ საერთაშორისო ინგლისურ სკოლაში შევიყვანეთ. ახლა ძალიან კარგ სკოლაში­ სწავლობენ და საუკეთესო განათლებას იღებენ.

kamboja2-1666534136.jpg

- რესტორნის გახსნის იდეა როგორ გაგიჩნდათ?

- ქალაქ სიემ-რიპს წელიწადში სამ მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. სხვადასხვა ქვეყნის ბევრი რესტორანი იყო, მაგრამ არც ერთი ქართული. ამან გადამაწყვეტინა ქართული რესტორნის გახსნა. მეუღლეც გვერდით დამიდგა, სწორედ მისი დახმარებით შევქმენი პატარა საქართველო კამბოჯაში. იმისთვის, რომ რესტორანი ნამდვილად ქართული ყოფილიყო, მზარეულად საქართველოდან ბიცოლაჩემი, მზია შენგელია ჩამოვიყვანეთ.

- როგორ მოსწონთ კამბოჯელებს ქართული კერძები?

- სიემ-რიპში უცხოური კერძების ძალიან დიდი კონკურენციაა, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ქართული სამზარეულო ტოლს არავის უდებს. ძალიან ადვილად გავხდით პოპულარული. სხვათა შორის, ადგილობრივებზე ხშირად ჩვენს რესტორანს უცხოელი ტურისტები სტუმრობენ.

- თავად კამბოჯელები რას უწუნებენ ჩვენს სამზარეულოს?

- არც არაფერს. კამბოჯელებს დიდად­ არ უყვართ რესტორნებში სიარული. აქ ქუჩის კულინარია ძალიან განვითარებულია. ეს უფრო ახლოს არის მათ კულტურასთან­. პატარა ურიკები აქვთ, საღამოობით აჰკიდებენ თავიანთ სამზარეულოს, გაშლიან მინდორზე ულამაზეს ხალიჩებს და იწყებენ საჭმლის მომზადებას. ჩვენ გვყავს რამდენიმე მუდმივი კამბოჯელი კლიენტი, ოჯახებით მოდიან. ძალიან უყვართ ხინკალი და ხაჭაპური.

- თქვენ თუ მოგწონთ ადგილობრივი სამზარეულო?

- ძალიან მოგვწონს, გემრიელ კერძებს ამზადებენ. აზიური სამზარეულო გამორჩეულია მძაფრი გემოებით. ჩემს შვილებს მოსწონთ ლიმონგრასის, ჯანჯაფილის, ლაიმის გემოები, მჟავე და ცხარე... მეც გავიარე აზიის სამზარეულოს კურსები და შინაც ვამზადებ ნუდლებს, სუპს, შემწვარ ბრინჯს, ლოკლაის, ომ-იამის, ჩაკადაის...

- ისეთი კერძებიც თუ არის, რომლებსაც ვერასდროს გასინჯავთ?

- კი არის, მაგალითად, ძაღლის და ნიანგის ხორცი, რომელიც დელიკატესად მიიჩნევა. ყოველი წვიმის შემდეგ, როდესაც ქუჩაში გუბეები ჩნდება, აქაურები გამოდიან და ბაყაყებს იჭერენ. სხვათა შორის, ბაყაყის კერძიც ძვირად ღირებულია. ჭამენ ხოჭოებსა და ტარაკანებსაც.

- თქვენი სამუშაო დღე რომელ საათზე იწყება?

- აქ დღე დილის 4 საათზე იწყება.­ სწორედ ამ დროს უნდა ადგეს დიასახლისი, რომ სახლსაც მიხედოს და მთელი დღის სამყოფი საჭმელი მოამზადოს. ჩვენ 7 საათზე ვდგებით, ბავშვები სკოლაში მიდიან, მე რესტორანში და ბიცოლაჩემთან ერთად ვადგენ მენიუს, შემდეგ მივდივართ ბაზარში და ვარჩევთ პროდუქტს. აქ თუ დილის 8 საათზე არ ივაჭრე ბაზარში, მერე აზრი აღარ აქვს, სიცხის გამო ყველაფერი ფუჭდება.

- როდისღა სძინავთ?

- აქ საღამოს 9 საათზე ვეღარავის შეაწუხებ. თუმცა ჩემი თანამშრომლები ღამის თერთმეტ საათამდე მუშაობენ.

- ალბათ, ანაზღაურებაც შესაბამისია.

- ჩემი რესტორანი საღამოს 5 საათზე­ იხსნება, მხოლოდ ვახშამი გვაქვს. მეტის უფლება არა მაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამატებითი გადასახადის გადახდა მომიწევს. სხვათა შორის, ძალიან გვაკონტროლებენ უცხოელ დამსაქმებლებს, ყურადღებით აკვირდებიან, ვარღვევთ თუ არა ადგილობრივი მუშახელის შრომით უფლებებს. როგორც გითხარით, ხალხი ძალიან თავმდაბალია. ორი უცხოელი რომ საუბრობდეს და ადგილობრივმა ჩაიაროს, აუცილებლად დახრის თავს, წელშიც მოიხრება და ისე ჩაგივლით. ძალიან რთული პერიოდები აქვთ გამოვლილი. 1975-1978 წლებში კამბოჯას ჰიტლერზე არანაკლებ სასტიკი დიქტატორი პოლ პოტი მართავდა. მან 1.5 მილიონი კაცი შეიწირა. ის კამბოჯის პრემიერ-მინისტრი და "წითელი ქმე­რების" ლიდერი იყო. 1975 წელს პოლ პოტის არმიამ აიღო დედაქალაქი პნომპენი. ქვეყანას დემოკრატიული კამპუჩია ეწოდა. სასტიკი ტერორის რეჟიმი დამყარდა, ინტელიგენციასა და მდიდარ მოქალაქეებს სასტიკად დევნიდნენ. 1979 წელს პოლ პოტის რეჟიმი დაემხო. ყოველივე ამან, როგორც ჩანს, გავლენა იქონია ხალხის ხასიათზე. მათთან ურთიერთობისას სულ იმის განცდა მაქვს, რომ სათქმელს ბოლომდე ვერ გეუბნებიან, თუ რამე სწყინთ, გულში იკლავენ. ერთი სიტყვით, უთქმელი, უპრეტენზიო ხალხია და მცირედზეც მადლობელი არიან. მე სულ ვცდილობ დავეხმარო, ძირითადად აუტისტი ბავშვების მშობლებს. ვეხმარები იმიტომ, რომ არ იციან, როგორ მართონ, ჰგონიათ, წამლებს დაალევინებენ და მოარჩენენ. ჩემს თანამშრომელსაც ჰყავს აუტისტი შვილი და გადავწყვიტე მისი სწავლა დამეფინანსებინა. ფრანგულ სკოლაში შევიყვანეთ და საუკეთესო შედეგიც მივიღეთ. ბავშვმა უკვე ლაპარაკი დაიწყო.

- ესე იგი, არც პოლიტიკაში ერევიან.

- არა, უფრო სწორად, ვერ ერევიან. აზრი არა აქვს, აქ ვერაფერს გააპროტესტებ. კანონმორჩილები არიან - კოვიდპანდემიის დროს ითქვა, აცრა უნდა გაკეთდესო და მოსახლეობის ასი პროცენტი დაუყოვნებლივ აიცრა. კარანტინი დაწესდა და ესეც უსიტყვოდ შესრულდა.

- კამბოჯაში სამუდამოდ დასახლდით?

- არა, აუცილებლად დავბრუნდებით საქართველოში. თუმცა არანაკლებ ხუთი წლისა აქ მოგვიწევს ყოფნა. ჯერ არ ვიცი, საქართველოში რას გავაკეთებ, სავარაუდოდ, აქ შეძენილ კულინარიულ ცოდნას გამოვიყენებ.

ხათუნა ბახტურიძე