"ამ პროცესში ხომ ფულის დახარჯვა არ გჭირდება? უბრალოდ უნდა მიხვიდე. სამწუხაროა, რომ ამ პროგრამას, როგორც უზარმაზარ სიკეთეს, ყველა არ მოიხმარს" - კვირის პალიტრა

"ამ პროცესში ხომ ფულის დახარჯვა არ გჭირდება? უბრალოდ უნდა მიხვიდე. სამწუხაროა, რომ ამ პროგრამას, როგორც უზარმაზარ სიკეთეს, ყველა არ მოიხმარს"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში ძუძუს კიბოს დაახლოებით 1300 ახალი­ შემთხვევა რეგისტრირდება. შეგნებ­უ­ლად არ ვეხები ინფორმაციას ძუძუს კიბოთი­ დაღუპულთა რაოდენობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტად ეს სენი იწირავს ქალებს, ძუძუს კიბო განაჩენი არ არის და ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შედეგად მისი დამარცხება შესაძლებელია.

სამწუხაროდ, მსოფლიოში ყველასთვის­ ხელმისაწვდომი არ არის პროგრამა, რომე­ლიც ამ ვერაგ სენს ადრე­ულ ეტაპზე­ გამოავლენს.­ საქართველოში კი უფასო­ სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,­ რომელიც ქალის ჯანმრთელობას საბედისწერო გართულებებისგან იცავს, 40-დან 60 წლამდე ყველა ქალისთვის ხელმისაწვდომია. თუმცა ამ სიკეთით ყველა არ სარგებლობს - გარდა იმისა, რომ ჩვენთან სამედიცინო კვლევების კულტურა ძალიან დაბალია, ქალბატონების ნაწილი ძუძუს გამოკვლევას სწორედ იმიტომ არ იტარებს,­ რომ დაავადების დაფიქსირების ეშინია...

ლია მგალობლიშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი­ ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელმწიფო პროგრამებისა და რეგიონალური­ მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეცია­ლისტი, კიბოს სკრინინგის პროგრამის კოორდინატორი: - ძუძუს კიბოს სკრინინგის მიზანი არამხოლოდ კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და შეზღუდვაა, არამედ იმ დაავადებების გამოვლენაც, რომლებიც შეიძლება გართულდეს და ავთვისებიან სიმსივნეში გადაიზარდოს. ძუძუს კიბოს სკრინინგი კომპონენტია პროგრამის, რომელიც ითვალისწინებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის გამოკვლევას. პროგრამა უზრუნველყოფს მამოგრაფიას, პათოლოგიური ცვლილებების­ შემთხვევაში­ მამოლოგის კონსულტაციასა­ და ექოსკოპიურ კვლევას. ძუძუს კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. დასანანია, რომ მომართვიანობა დაბალია, განსაკუთრებით, რეგიონებში. ჩვენთან ხომ ექიმთან მაშინ მიდიან, როდესაც რამე შეაწუხებთ... ვფიქრობ, ეს არაინფორმირებულობის შედეგია. უნდა გაიზარდოს ოჯახის ექიმების ჩართულობა - მათ მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტი აქვთ და უკეთ უნდა აუხსნან სკრინინგის მნიშვნელობა.

ირაკლი სიხარულიძე, ქირურგი-მამოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი:­ - აქვს თუ არა ასაკი ძუძუს კიბოს? 40 წლის ქვემოთ იშვიათია, 40-დან 50-მდე რისკები მატულობს, 50-დან 60-მდე პიკს აღწევს, შემდეგ იკლებს, ამიტომაც სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა გათვლილია 40-დან 60 წლამდე ასაკის ქალებზე.

მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რეგულარულად დადის კონტროლზე, მაგრამ უფრო მეტი არ დადის და ელოდება რაიმე გართულებას, რომ მერე მიმართოს სკრინინგს. ეს არასწორი მიდგომაა. სკრინინგი უნდა ჩაიტარონ მათაც, ვისაც ჩივილები, სიმპტომები არა აქვს, ვინც დარწმუნებულია, რომ ჯანმრთელია. წელიწადში ერთხელ ჩვეულებად ქცეული გამოკვლევა გვაძლევს შესაძლებლობას დროულად დავაფიქსიროთ საგანგაშო სიგნალი. ამ პროცესში ხომ ფულის დახარჯვა არ გჭირდება? უბრალოდ უნდა მიხვიდე და ცოტა დრო დაუთმო შენს ჯანმრთელობას. სამწუხაროა, რომ ამ პროგრამას, როგორც უზარმაზარ სიკეთეს, ყველა არ მოიხმარს. ჩვენი მიზანია სამედიცინო კვლევის, მათ შორის კიბოს, ან საკუთრივ ძუძუს კიბოს­ სკრინინგის კულტურა ჩამოვაყალიბოთ. პროგრამის მოდერნიზება გვჭირდება­ - იქით უნდა მიაკითხო, დაურეკო, გამოიძახო, უთხრა, რომ გამოკვლევა უწევს და ეს აუცილებელია. ეს მეთოდი კარგად მუშაობს. ზოგმა არც კი იცის სკრინინგი რა არის, მაგრამ რომ ურეკავენ, მიდის.

- ცნობილია, რომ ფილტვის კიბოს იწვევს თამბაქოს მოხმარება, ან ისეთ გარემოში მუშაობა, სადაც მავნე ნივთიერებების დიდი რაოდენობით შესუნთქვა უწევთ. რა რისკ-ფაქტორები იწვევს ძუძუს კიბოს?

- საფრთხე მატულობს, თუ ქალი დიდ­ხანს რჩება ჰორმონალურად აქტიური, ანუ რაც უფრო ადრეულ ასაკში ეწყება მენსტრუალური ციკლი და გვიანობამდე უგრძელდება. ნაკლებად, მაგრამ ასევე მოქმედებს გენეტიკური ფაქტორი, აბორტების რიცხვი, მშობიარობისა და ლაქტაციის არქონა. ერთ-ერთი წამყვანი ფაქ­ტორია სტრესი, რომლითაც თანამედროვე ადამიანი "განებივრებულია". ამიტომაც სკრინინგზე უარი არ უნდა ვთქვათ და ჩავიტაროთ რეგულარული კონტროლი. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობისას. ხშირად მეგობარი მეგობარს სთხოვს, რომ სკრინინგზე გაჰყვეს. უცებ აღმოჩნდება, რომ ის, ვინც თავისი სურვილით მივიდა, ჯანმრთელია და ალალბედზე მიყოლილს პატარა კვანძი ესინჯება, არადა, მისი არსებობა არც იცოდა და თავს ჯანმრთელად თვლიდა. მამოგრაფიით პატარა კვანძის დროულად დაფიქსირება, მისი განკურნების შესაძლებლობას იძლევა. სარძევე ჯირკვლისა და ზოგადად სიმსივნე ვერაგია, ადრეულ სტადიაზე ადამიანს არ აწუხებს და ისიც მშვიდად არის, ჰგონია, ჯანმრთელია, ჩივილები გვიან ფიქსირდება და მკურნალობა ძალიან რთულია... სკრინინგის არსი სწორედ ის არის, რომ დაავადება ადრეულ ეტაპზე­ დავიჭიროთ. სკრინინგის მიზანია, პრობლემა მესამე სტადიამდე დაფიქსირდეს, რადგან გამოჯანმრთელება პირველ და მეორე სტადიებზეა შესაძლებელი. ნუ დაკარგავთ დროს და მოგვეცით საშუალება თქვენი დაავადება დავიჭიროთ მანამდე, ვიდრე საკუთარი ხელით იგრძნობთ მის არსებობას.

P.S. სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და ვიზიტის ჩასანიშნად დარეკეთ: 116001 ან 1505; ან ეწვიეთ გვერდს "კიბოს სკრინინგი­ - Cancer Screening"