გოგონა სახელად "N19“ - კვირის პალიტრა

გოგონა სახელად "N19“

XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი და სექსსიმბოლო სოფი ლორენი 88 წლისაა. ის ამჟამად კალიფორნიაში ცხოვრობს, თუმცა რამდენიმე კვირის წინ მილანში თავისი სახელობის რესტორნის გახსნას დაესწრო - "სოფი ლორენი" ასე ჰქვია რესტორანს და ეს მსახიობის სახელობის მეორე რესტორანია. ამერიკის კინოინსტიტუტმა სოფია ჰოლივუდის კლასიკური კინემატოგრაფიის უდიდეს მსახიობ ქალად დაასახელა. 1960 წელს ვიტორიო დე სიკას ფილმში "ჩოჩარა" მთავარი როლის შესრულებისთვის "ოსკარი" მიიღო საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში. განსახიერებული აქვს 98-მდე კინოროლი, "ოსკარის" გარდა, მიღებული აქვს 72-მდე სხვა კინოჯილდო.

სოფი ლორენი დღემდე კინემატოგრაფის გამორჩეული სახე და ოჯახის ერთიანობის სიმბოლოა. ეკრანზე გამოჩენამდე კი იყო გრძელი გზა, ოცნებები, უარყოფა და ბრძოლა, თუმცა სოფის არასდროს დაუკარგავს რწმენა, რომ იქნებოდა ვარსკვლავი და ექნებოდა ბედნიერი ოჯახი. ამერიკელი პუბლიცისტი და მწერალი უორენ ჰარისი სწორედ იმ სოფი ლორენზე მოგვითხრობს, რომლის შესახებაც ბევრი რამ არ არის ცნობილი. როგორ იცხოვრა მსახიობმა, ვინ იყვნენ მისი მშობლები და რატომ არ უყვარს ბავშვობაზე ბევრი საუბარი - სწორედ ამ კითხვებს გასცა პასუხები უორენ ჰარისმა თავის ნაშრომში სოფი ლორენისა და მისი ოჯახის შესახებ.

"ქორწინება იტალიურად"

1934 წლის 20 სექტემბერს რომში, დედოფალ მარგარიტას სახელობის კლინიკაში დაიბადა გოგო, სახელად "ნომერი 19", რომელსაც მომავალში მსოფლიო გაიცნობს­ როგორც სოფი ლორენს. იტალიაში იმ პერიოდში ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვს სახელს არ ანიჭებდნენ, მხოლოდ სარეგისტრაციო ნომერს. იტალიაში მკაცრი მორალური დოგმების მიხედვით, თუ დედას არ შეეძლო ბავშვის ფინანსური უზრუნველყოფა, მაშინ უნდა გაეშვილებინა ან მიუსაფარ ბავშვთა სახლში ჩაებარებინა.­ კათოლიციზმის პრინციპების მიხედვით ქალს, რომელსაც ბავშვი ქორწინების გარეშე გაუჩნდა, არ ჰქონდა უფლება ბავშვზე, ხოლო ბავშვს, რომელსაც მამა გვარს არ მისცემდა, არ შეეძლო კათოლიკურ სკოლაში სწავლა, მისი განათლების ხარჯს სახელმწიფო არ ანაზღაურებდა. ახალდაბადებული გოგონას მშობლები რომილდა ვილანი და რიკარდო შიკოლონე იყვნენ. მათი სიყვარული მხოლოდ 6 კვირას გაგრძელდა. ბავშვის მამას სულაც არ უხაროდა, რომ მამა გახდა და კლინიკაში მისვლას არც ჩქარობდა­. რიკარდო ხელმოკლე ოჯახიდან იყო, მამა ადრე გარდაეცვალა,­ თავად ინჟინრის თანაშემწედ მუშაობდა, სამსახურის შემდეგ კი იტალიელი ლამაზმანების დევნით ირთობდა თავს. მომხიბლავ რომილდას მაშინ გრეტა გარბოს ადარებდნენ, მართლაც იმდენად ჰგავდა, რომ ქუჩაში ავტოგრაფისთვის აჩერებდნენ ხოლმე. რომილდა რომში ნეაპოლის მახლობელი პატარა ქალაქიდან, პოცუოლიდან ჩავიდა. გოგონა მსახიობობაზე ოცნებობდა, იცოდა ფორტეპიანოს დაკვრა და მასწავლებლის სერტიფიკატიც ჰქონდა. სწორედ მსახიობობაზე ოცნებამ ჩაიყვანა რომილდა რომში, სადაც რიკარდო გაიცნო. "რამდენიმე შეხვედრის შემდეგ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ესპანეთის მოედანზე პატარა­ ბინა ვიქირავეთ და ერთად დავიწყეთ ცხოვრება, თუმცა ჩვენი ვნებიანი სიყვარული მაშინ დასრულდა, როდესაც ჩემი ორსულობის ამბავი გაიგო", - მოგვიანებით ასე გაიხსენებს რომილდა თავის­ პირველ სიყვარულს. რიკარდო ზუსტად იმ დღეს გაქრა, როდესაც გაიგო, რომ ქალი ბავშვის გაჩენას აპირებდა. მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როდესაც დედამისმა მოძებნა რიკარდო და დაემუქრა, თუ ბავშვს გვარს არ მისცემ, საქმეში ეკლესიასა და ქალაქის გავლენიან პირებს ჩავრთავო. მშობლების ჩარევითა და თხოვნით რიკარდომ ბავშვს­ გვარი - შიკოლონე მისცა და ბებიის პატივსაცემად გოგონას სოფი დაარქვეს. რომილდას და სოფის ნახვამ რიკარდოს გული მოუბრუნა და მათი სახლში მიყვანა გადაწყვიტა, მაგრამ სახლში, სადაც 4 დასაოჯახებელი ძმა და დედა ცხოვრობდა, ცოლშვილიანი რიკარდოს დაბრუნება დიდად არ გახარებიათ. რიკარდომ დედისგან ასეთი პასუხი მიიღო: "სანამ ცოცხალი ვარ, ის ქალი და მისი შვილი ჩემს სახლში ფეხს ვერ შემოდგამენო­. მართლაც იმ სახლში რომილდა ვერასდროს შევიდა. იმედგაცრუებულმა რიკარდომ ისევ ესპანეთის მოედნის ახლოს იქირავა ბინა, სადაც ახალშექმნილი ოჯახით დაიწყო ცხოვრება.

"ყველაზე შეუხედავი ბავშვი"

არ გასულა დიდი ხანი და რიკარდოს მოჰბეზრდა რომილდას მუდმივი ჩხუბი, პრეტენზიები და გამოსავალი ისევ გაქცევაში ნახა. ამჯერად მილანში წავიდა. მარტო დარჩენილმა რომილდამ ბავშვიანად მშობლიურ მხარეს მიაშურა, მაგრამ პოცუოლიში იმდენად არ ელოდნენ მის გამოჩენას, რომ დაბნეულმა მამამ შვილი და შვილიშვილი სიხარულით მიიღო. პატარა სოფი იმდენად იყო დასუსტებული უჭმელობით, რომ დიდი დღე აღარ ეწერა, და ბებიამ დღევანდელი კურსით თვეში 2 დოლარად მეძუძური ქალი დაიქირავა, რომ ბავშვი მოესულიერებინათ. მოგვიანებით, როდესაც­ სოფი კინოვარსკვლავი გახდა, მისი "დედობილი" ასე იხსენებდა იმ წლებს­: "სოფი ყველაზე შეუხედავი ბავშვი იყო, ვინც კი ოდესმე მინახავს... მხოლოდ მე დავთანხმდი მის გამოკვებას, ჩემმა რძემ გაალამაზა, მსახიობობის ნიჭი მისცა, მაგრამ ოდესმე აღიარებს ამას? ათასობით ბავშვს ვაჭამე რძე, თუმცა არავინ იყო ისეთი ღორმუცელა, როგორიც სოფი". მოგვიანებით სოფი მის ნათქვამს ასე გამოეხმაურა: "კი, მე მისი რძე მაქვს ნაჭამი და ამისთვის მადლიერი ვარ, მაგრამ ყოველ შემხვედრს უყვებოდა, ვირთხას ჰგავსო. აღმოჩნდა, რომ ვირთხასაც აქვს შანსი ცხოვრებაში. იმაზე საუბარი,­ რომ მისმა რძემ მომცა ნიჭი და სილამაზე უბრალოდ სასაცილოა".

პირველი შეხვედრა მამასთან

რომილდას და და სამი ძმა ჰყავდა. ლუიზა (სოფის ბებია) დილის 5 საათზე იწყებდა სადილის კეთებას და საჭმელად მთელი ოჯახი იკრიბებოდა. რომილდა ოჯახურ საქმეებში იყო ჩართული, თუმცა პერიოდულად ნეაპოლში ჩადიოდა, იქიდან დაბრუნებული კი ოჯახს დრამის სკოლაში­ მეცადინეობის ამბებს უყვებოდა. მოგვიანებით რომილდას მეორე ორსულობამ ნათელი მოჰფინა მის ვოიაჟებს ნეაპოლში - თურმე კვლავ რიკარდოს­ ხვდებოდა. რიკარდო იმჯერადაც არ აღმოჩნდა­ მზად მამობისთვის, მე რა ვიცი, ჩემი შვილია­ თუ არაო, შემოუთვალა რომილდას და ისევ გაქრა მისი ცხოვრებიდან. 1928 წლის 14 მაისს დაიბადა გოგო, რომელსაც რიკარდოს­ უფროსი დის სახელი, მარია დაარქვეს. რიკარდო კიდევ ერთხელ სოფის დაბადების­ დღეზე გამოჩნდა და 5 წლის სოფია მამას პირველად შეხვდა. რომილდამ იცოდა, რომ ვერ ჩამოიტყუებდა რიკარდოს პოცუოლიში, ამიტომ წერილი მისწერა, სასწრაფოდ ჩამოდი, ჩვენი შვილი სიკვდილის პირასააო,­ მაგრამ პოცუოლიში ჩასულ რიკარდოს სრულიად ჯანმრთელი ბავშვი დახვდა. "პატარა საჩუქარი დამიდო და წავიდა, ეს იყო ყველაზე საშინელი დაბადების დღე", - მოგვიანებით ასე გაიხსენა მსახიობმა მამასთან შეხვედრა.

სოფია, როგორც სხვა ბავშვები, მამის გვარით სწავლისა და სახელმწიფოსგან დაფინანსების უფლებით სარგებლობდა,­ თუმცა­ საზოგადოებაში გამეფებული დოგმების გამო მას ხშირად დასცინოდნენ თანატოლები... როდესაც­ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ოჯახს სახლის დატოვებამ­ მოუწია. იტალიელ კაცებს გერმანიაში "თანამოაზრეებთან პატ­რიოტული­ ვალის მოსახდელად" უშვებდნენ, თუმცა­ ეს უმძიმეს შრომას გულისხმობდა და იქიდან დაბრუნების შანსი ძალიან­ მცირე იყო. რომილდას ძმებმა გაქცევა გადაწყვიტეს, მათთან ერთად­ უამრავი იტალიელი იყო, მათ შორის კი რიკარდო შიკოლონეც, რომელიც არა მარტო მძიმე შრომას გაურბოდა, არამედ თავის­ მორიგ ორსულ შეყ­ვარებულს, რომელიც ცოლობას სთხოვდა. სასოწარკვეთილმა რომილდას სთხოვა­, გამოეცხადებინა, რომ მისი ქმარი იყო, თუმცა­ ქალს რიკარდოს საქციელმა გული ვერ აუჩუყა, მისი ცოლობის სურვილი უკვე აღარ ჰქონდა­ და სხვა ქალთან წარმატება უსურვა. სწორედ ის შეყვარებული­ გახდება რიკარდოს მომავალი ცოლი და სოფიას კიდეც ორი ძმა ეყოლება.

სოფი ლორენის "დაბადება"

1953 წელს სოფიმ პირველი სერიოზული როლი ითამაშა ფილმში "წითელი ზღვის ქალი". მდიდარი, უზნეო გოგოს როლზე დასამტკიცებლად კასტინგზე სოფიმ დედაც წაიყვანა. კასტინგის დირექტორის შეკითხვაზე, ცურვა თუ იცითო, სოფიმ დედას გახედა და რომილდამ უყოყმანოდ დაუქნია თავი. "ვიცი", - გამოაცხადა გოგონამ, თუმცა გადაღების დროს, როდესაც სოფი ნავიდან წყალში უნდა გადამხტარიყო, აცრემლებულმა უარი თქვა წყალში ჩახტომაზე და გამოაცხადა, სხვა მსახიობი აიყვანეთო. მსახიობის შეცვლა და გადაღების გაჩერება პროდიუსერებისთვის ძალიან დიდ ხარჯთან იყო დაკავშირებული, ამიტომ სოფის ცურვის მასწავლებელი აუყვანეს და გადაღების დასრულებამდე უკვე კარგად იცოდა ცურვა. ფილმის ეკრანებზე გამოსვლამდე პროდიუსერმა გოფრედო ლომბარდომ ახალგაზრდა მსახიობს ახალი კინემატოგრაფიული სახელის შერჩევა შესთავაზა. მაშინ ახალი გამოსული იყო ფილმი მსახიობ მარტა ტორენის მონაწილეობით,­ შეხედა ლომბარდომ აფიშას,­ რომელიც მის კაბინეტში იყო გაკრული და სოფის უთხრა, მოდი, ასო "ტ"-ს ნაცვლად "ლ" დავწეროთო­ და გამოვიდა "სოფი ლორენი". ასე დაიბადა ახალი კინოვარსკვლავი.