„თუ კარგად გაწვრთნილი არ არის, ნებისმიერი დიდი ძაღლი შეიძლება სახიფათო გახდეს “ - კვირის პალიტრა

„თუ კარგად გაწვრთნილი არ არის, ნებისმიერი დიდი ძაღლი შეიძლება სახიფათო გახდეს “

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარეობს კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც აგრესიული ჯიშის ძაღლების მოვლა-პატრონობის, გასეირნების, გამრავლებისა და უსაფრთხოების საკითხებს დაარეგულირებს. ამასთან, აგრესიული ძაღლების გასეირნება შესაძლოა 16 წლამდე ასაკის პირებს აეკრძალოთ. საკანონმდებლო ინიციატივა უკვე პარლამენტშია შესული და მისი განხილვა საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.­ "მაგალითად, პიტბულის ყოლა, გამრავლება, გასხვისება და შემოყვანა ნორვეგიაში აკრძალულია. როცა ეს შეზღუდვა ძალაში შევა, მას არ ექნება უკუძალა და მათ, ვისაც უკვე ჰყავთ ამ ჯიშის ძაღლები, არ მოუწევთ მათზე უარის თქმა", - აღნიშნა­ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს იურისტმა კახაბერ იოსელიანმა. "კვირის პალიტრა" ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძეს ესაუბრა:

- ასეთი კანონი მიღებულია ძალიან ბევრ ქვეყანაში. მე რომ მკითხოთ, პიტბულებზე შემოვიღებდი ამ კანონს, შესაძლოა ზოგიერთი ჯიშის ძაღლებზეც, მაგრამ ყველა ჯიშზე ხომ არ შემოიღებ კანონს?! თვითონ ადამიანის შეგნებაში უნდა მოხდეს ცვლილება, რომ ძაღლს მოვლა სჭირდება. ძალიან ბევრ ქვეყანაში აუცილებელ წესად არის, რომ ძაღლი უნდა იყოს არააგრესიული ადამიანის მიმართ. როდესაც აგყავთ­ ძაღლი, მან კარგად უნდა გაიაზროს, რისთვის აკეთებს ამას, მას სჭირდება კომპანიონი თუ რა. ხშირად ისეთი ძაღლები, როგორიცაა პიტბულტერიერი, კავკასიური ნაგაზი, სხვა ამგვარი დიდი და ძლიერი ძაღლები იმისათვის აჰყავთ, რომ აჩხუბონ, ან აჰყავთ იმიტომ, რომ აგრესიული ძაღლით თავი მოიწონონ. აი, აქ არის პრობლემა. თუ კარგად გაწვრთნილი არ არის, ნებისმიერი დიდი ძაღლი შეიძლება გახდეს სახიფათო. მას სჭიდება კარგი გაწვრთნა, აღზრდა და პირობები. თუ ძაღლი არასრულფასოვან პირობებშია, მაგალითად, დიდხანს ჩაკეტილია, ან სიბნელეშია დაბმული, ეს მის ფსიქიკაზე მოქმედებს. აქედან გამომდინარე იწყება აგრესიულობა. არანორმალურ მოვლაზე პასუხი აგრესიულობაა. ზოგ შემთხვევაში პატრონის მიმართაც აგრესიულია. ძაღლს უნდა მივხედოთ, მოვუაროთ. ძაღლის მოვლა არ გამოიხატება მხოლოდ ძვირფასი საკვებით კვებაში. მას სჭირდება კონტაქტი ადამიანთან. ხშირად შემინიშნავს ავტოფარეხში ჰყავთ ძაღლი დაბმული, პატრონი ჩადის დღეში ორჯერ, დანარჩენი დღის განმავლობაში ის მარტოა. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება გამოიწვიოს ცხოველის ფსიქიკაზე ამდენი ხნით მარტო ყოფნამ. ძაღლი სოციალური ცხოველია. ადამიანთან ურთიერთობაში ყალიბდება მისი ხასიათი.

- ამბობენ, რომ არ არსებობს აგრესიული ძაღლის ჯიშების ნუსხა.

- ნუსხის გაკეთება შესაძლებელია. მაგალითად, ამერიკის ზოგ შტატში, კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში აქვთ ჯიშების კონტროლის კანონი. არსებობს ძაღლის თავდასხმის სტატისტიკა. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაძლებელია ნუსხის შედგენა, მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ შეიძლება პატარა ძაღლმაც მძიმე დაზიანება მიაყენოს ადამიანს, მაგალითად, სპანიელმა შეიძლება უკბინოს, რაც შეიძლება ტრაგიკულად დამთავრდეს.

ძაღლი არ უნდა ავიყვანოთ როგორც მოდის ატრიბუტი. ერთხანს მოდური იყო ჰასკი და ახლა ქალაქში უამრავი მაწანწალა ჰასკი დარბის. ჩვენთან პიტბულიც მოდის მსხვერპლი ძაღლია. დიახ, აგრესიული ძაღლია. სწორედ სხვა ძაღლებთან საბრძოლველად გამოიყვანეს ეს ჯიში მე-19 საუკუნეში ინგლისში. შემდეგ ამერიკელებმა გამოიყვანეს ამერიკული პიტბულტერიერი. თუმცა ვიმეორებ - თუ ძაღლი იზრდება ნორმალურ პირობებში, ალერსიანი და ერთგულია. არის შემთხვევები, როდესაც ძაღლი ჭკვიანი და გაწონასწორებულია, როგორიცაა გერმანული ნაგაზი, მაგრამ სახიფათო გამხდარა. 2020-21-22 წლებში ამერიკაში ძაღლების თავდასხმის ფატალურად დასრულებული სტატისტიკა ვნახე და აშკარა ლიდერია პიტბული, თუმცა არის ლაბრადორიც, ფრანგული ბულდოგიც, ამერიკული ბულდოგი, გერმანული ნაგაზი, ჩვეულებრივი უჯიშო ძაღლები... ამიტომ საჭიროა სიფრთხილე. რა თქმა უნდა, რეკორდსმენი ისევ და ისევ პიტბულია, მაგრამ ამას თუ მოჰყვება გერმანული ნაგაზისა და სხვა ჯიშების აკრძალვაც, ამით ძაღლები დაზარალდებიან. ადამიანმა ძაღლი მოიშინაურა, პასუხისმგებლობა აიღო მასზე, თორემ ცხოვრობდა ტყეში როგორც მგელი. თავიდათავი ძაღლის არასწორი აღზრდაა, რასაც მოსდევს სხვადასხვა ინციდენტი. ალბათ, უმჯობესი იქნება, თუ სასერტიფიკაციო სისტემას შემოვიღებთ, რათა განისაზღვროს, ვის შეიძლება ჰყავდეს დიდი და სახიფათო ძაღლი.

მკვლელი პიტბული

17 ოქტომბერი - რუსთავში პიტბულმა 4 კაცი დაგლიჯა. შემთხვევა შარტავას პროსპექტზე მოხდა. დაზარალებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ნაკბენები კიდურებისა და მუცლის არეში აღენიშნებოდათ. დაზარალებულების ცნობით, პატრონი ძაღლს ალიკაპისა და საბელის გარეშე ასეირნებდა.23 სექტემბერი - ვარკეთილში პიტბულმა 3 კაცი დაგლიჯა. თავდაპირველად პატრონს დაესხა თავს, შემდეგ კი მეზობლებს, რომლებმაც დახმარება სცადეს. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, ძაღლი კი ლიკვიდირებულია.1 აგვისტო - მარინა გაბუნია, რომელიც აშშ-ში, ლონგ-აილენდზე ცხოვრობდა, საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს - როგორც მედია წერს, ქალი მისი გარდაცვლილი შვილის პიტბულმა დაგლიჯა. 70 წლის ქალის დასახიჩრებული­ ცხედარი მისმა ქმარმა ნახა. ძაღლი პოლიციელსაც დაესხა თავს, რის შემდეგაც ის ლიკვიდირებული იქნა. დიდ ბრიტანეთში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მისცეს თუ არა პირს პიტბულის ყოლის უფლება. იმ ქვეყნების, სადაც იკრძალება პიტბულის ყოლა, გამრავლება და ქვეყანაში შეყვანა, ნუსხა ასეთია: საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, იტალია, დანია და ვენესუელა.

„რას ჰქვია, არ იკბინება?“

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ძაღლების მიერ ადამიანების დაგლეჯის გახშირებულ ფაქტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სისტემური პრობლემაა, რომელსაც რეგულაცია სჭირდება. არ შეიძლება აგრესიული ძაღლი, რომელიც სპეციალურად გამოყვანილი მებრძოლი ჯიშია, ალიკაპის გარეშე დაჰყავდეთ ქუჩაში. "პიტბულმა რუსთავში ოთხი კაცი დაგლიჯა, ხელვაჩაურში იმავე დღეს - ბავშვი. უფრო ადრე ოთხი კაცი დაგლიჯა ვარკეთილსა და ოქროსუბანში. მე თვითონ ძაღლი მყავს, ცხოველები ძალიან მიყვარს და დიდი პასუხისმგებლობაც მაქვს აღებული. ეს სისტემური, ნებაზე მიშვებული პრობლემაა. კონტროლი, რეგულაციაა საჭირო. შეხედავ, მოდის კაფანდარა ბავშვი და მოჰყავს ვეშაპივით ძაღლი. არ იკბინება, არ იკბინებაო, გამშვიდებს. რას ჰქვია, არ იკბინება?! ალიკაპი არ უკეთია და იმის გამკავებელი ის ბავშვი იქნება? ან მოხუცი ქალი, რომელიც ამ ჯიშის ძაღლს დაასეირნებს. რაღაცა არის გასაკეთებელი, თუმცა ეს რაღაც ფობიაში არ უნდა გადაგვეზარდოს. ჩემი აზრით, ამ საქმის მოსაგვარებლად რაღაც შუალედია გამოსაძებნი".