გაგზავნის თუ არა რუსეთი ომში ოსებსა და აფხაზებს - კვირის პალიტრა

გაგზავნის თუ არა რუსეთი ომში ოსებსა და აფხაზებს

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის დაწყების შემდგომ ცხინვალელი ორმაგი მოქალაქეობის მქონე ოსები, რომლებიც შინ ბრუნდებოდნენ, ცხინვალში არ შეუშვეს, რადგან რუსეთში სამხედრო აღრიცხვის გამო მობილიზაციას ექვემდებარებიან. 21 სექტემბრის შემდეგ რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზებისა და ოსების ომში გაწვევაზე სოხუმსა და ცხინვალში ურთიერთსაწინააღმდეგო პროგნოზი და მოსაზრება აქვთ. ოსური მედიის ცნობით, უკრაინაში საბრძოლველად როგორც მოხალისე მებრძოლები, ასევე რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის კონტრაქტორები წავიდნენ. ცხინვალის ე.წ. თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის შეთანხმების შედეგად "ოსური არმია" სულ ორი ბატალიონისგან შედგება. ოსი ახალგაზრდების უმეტესობა სამხედრო-საკონტრაქტო სამსახურს რუსეთის 58-ე არმიის მე-4 სამხედრო საოკუპაციო ბაზაში გადიოდა, საიდანაც ისინი უკრაინაში ორ ეტაპად გაგზავნეს. როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, ყველაფერი ამით არ ამოწურულა.

- ოსები ომში გაწვევის გამო ისე შეშინდნენ, რომ საკითხი ე.წ. პარლამენტშიც განიხილეს. მას შემდეგ, რაც საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე ოსები არ გამოატარეს, სიტუაცია უფრო გამწვავდა. მათ, ვისაც რუსეთში ჩაწერაც აქვს და მოქალაქეობაც, სამხედრო-სავალდებულო გაწვევა ეხება, ამიტომაც საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. ამის გარკვევა ე.წ. დეპუტატებმა მოსკოვში სცადეს, რაზეც უპასუხეს, რომ ისინი ადგილობრივ სამხედრო კომისარიატებში არიან დარეგისტრირებული და უკანონო არაფერია. დაიწყო პანიკა. ახალგაზრდების დიდი ნაწილი ცხინვალს პირადი­ საქმეების მოსაგვარებლადაც არ ტოვებს, ბევრი მთიან სოფელშია გახიზნული. ჩრდილოეთ ოსეთშიც არ გადადიან, ეშინიათ, იქიდან არ წაიყვანონ. უკვე ძალიან ბევრი მამაკაცი გაიწვიეს ომში. ცხინვალელმა ოსებმა იციან, რომ ჩრდილო ოსეთში, ფაქტობრივად, ოჯახი არ დარჩა, ომში ორი თუ არა, ერთი კაცი მაინც არ ჰყავდეთ დაკარგული. დაღესტნის შემდეგ, მათ ყველაზე დიდი დანაკარგი აქვთ. ცხინვალელი ოსების აზრით, ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელი მენიაილო არ უფრთხილდება თავის ხალხს და საომრად ერეკება. სტატისტიკურად მობილიზაცია ყველაზე შედეგიანი სწორედ იქ არის. ცხინვალში მოსახლეობა ორად გაიყო.­ ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ დამოუკიდებლობას ვერასდროს მიიღებენ და ისევ რუსეთთან შეერთება ჯობია, მეორე ნაწილის, "პატრიოტების" აზრით, ნებისმიერ ფასად ღირს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, ასეთები ცოტანი იყვნენ, მაგრამ უკრაინის­ ომის მერე მათი რაოდენობა იზრდება. ახლა საჯაროდ საუბარსაც ბედავენ - ასეთი რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ოსეთი გინდათ, სადაც ადამიანის უფლებები არაფრად მიაჩნიათ, პირველ რიგში ეთნიკურ უმცირესობებს უშვებენ ფრონტის წინა ხაზზეო. იციან, რომ ბევრ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც ახლა დონბასში არიან, საბანკო კრედიტები აქვთ და გადაუხდელობისთვის დააჯარიმეს - რუსულ "სბერბანკს" არ აინტერესებს, მისი კლიენტი "ჰაიმარსის" პირისპირაა თუ ყანაში... არც პრორუსი ოსები არიან ძველებურად ატაცებული დიდ რუსეთში შესვლის იდეით, უაზრო ომში შვილების დაკარგვა არავის სურს. ჩრდილოეთ ოსეთში გახშირდა ლაპარაკი, რომ "სამხრეთ ოსეთის რუსეთისთვის მიერთებაზე კი არა "ალანიის ერთობლივი სახელმწიფოს" შექმნაზე უნდა იზრუნონ - გადარჩენის გზას ამაში ხედავენ.

- აფხაზეთის კულუარებში უკვე დაიწყეს ლაპარაკი, რომ უარყოფის მიუხედავად, მაინც მოუწევთ უკრაინის ომში წასვლა.

- აფხაზები ჯერჯერობით ცდილობენ პრინციპული პოზიცია ჰქონდეთ. ახრა ავიძბას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მოხალისეები ომში მიჰყავს... რუსეთი გრძნობს, რომ რეგიონში ანტირუსული განწყობა კატასტროფულად მწვავდება და კიდევ უფრო დაძაბვა არ უღირს. განა რამდენი აფხაზი უნდა გაიწვიოს, რომ რეგიონში სიტუაციის გამწვავებად უღირდეს. ბიჭვინთის აგარაკის გამო აფხაზების პროტესტმა ისედაც აჩვენა რუსეთის მიმართ დამოკიდებულება. ამიტომ აფხაზების ომში წაყვანის თემა ჯერ კრემლში არ არის აქტუალური. თუმცა აფხაზებმა იციან, რომ ყველაფერი ომის მსვლელობაზეა დამოკიდებული.

- ევროსაბჭოს დოკუმენტის თანახმად, უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პასპორტების მფლობელები შენგენის ზონაში წასასვლელ ვიზებს­ ვერ მიიღებენ, ევროპული ქვეყნების საზღვრებს ვერ გადაკვეთენ. აფხაზეთში გახშირდა ლაპარაკი ქართული პასპორტების აღებაზე. როგორ შეგვიძლია ამ პროცესის გამოყენება?

- ევროკავშირის ახალი შეზღუდვა გავრცელდა მათზე, ვინც ევროპის ქვეყნებში მოგზაურობდნენ ან მკურნალობდნენ. ზოგს, ალბათ, პატარა ბიზნესიც ჰქონდა, რაღაცები­ ჩამოჰქონდა გასაყიდად. ახლა გამოსავალი უნდა გამონახონ - აიღონ ქართული პასპორტი. საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია ხელი შეუწყოს ამ პროცესს. ისე, მეტს არც არაფერს აკეთებს­ - არაფერი ეტყობა, რომ დიდ მსჯელობებს მართავენ. ჩვენი მთავრობა მუდმივად უნდა მოუწოდებდეს ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობას, რომელსაც შეიძლება რუსეთის სამხედრო მობილიზაცია შეეხოს, რომ საქართველო ვალდებულია თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იზრუნოს, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე განთავსება­ და ანონიმურობა უზრუნველყოს. რამდენად მიიღებენ ამ წინადადებას, სხვა საკითხია, მაინც უნდა შევთავაზოთ. ყველაზე ბევრი 100-200 კაცი თუ ჩამოვა. კორონავირუსის დროს ათასობით გადმოდიოდა, მაგრამ როგორღაც შევძელით მათი პატრონობა. არა მგონია, ახლა ვერ შევძლოთ. აფხაზებს იმედი აქვთ, რომ ქართული პასპორტით გავლენ ევროპაში სამუშაოდ, თუნდაც სამთვიანი ვადით. ყველგან, სადაც რუსული პოლიტიკა ვრცელდება, ცხოვრება გაძვირდა. რუსეთში ჩასვლისგან უკვე თავს იკავებენ და პუტინის განცხადება, რომ ორ კვირაში ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდება, არავის დაუჯერებია. ამიტომ ურჩევნიათ ვითარების გამწვავებამდე ევროპას შეაფარონ თავი, სამუშაო იპოვონ და ოჯახებს დაეხმარონ. ქართულმა მხარემ ახლა ყველა ტრიბუნიდან უნდა ისაუბროს დეოკუპაციაზე, რაც მეორე ფრონტის გახსნის სურვილს არ ნიშნავს, როგორც ქართული მთავრობა წარმოაჩენს. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამშვიდობო კონტინგენტი დგას, რომლის ნაწილიც ახლა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გადადის. მათი ფუნქციაა არ დაუშვან საომარი მოქმედებები როგორც საქართველოში, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ასე რომ, ევროკავშირის მისიის სახით დიდი რესურსი გვაქვს და შეგვიძლია მსოფლიოს ვუთხრათ, რომ ტერიტორიების დეოკუპაციას მშვიდობიანი გზით ვაპირებთ და რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას ვითხოვთ. ადრე თუ გვიან, დამარცხებულ რუსეთს მოუწევს დასავლეთის ყველა პირობის შესრულება, სხვა შემთხვევაში, სანქციები არ მოეხსნება. თუ ამ ვითარებაში საქართველომ ხმა არ ამოიღო, განზე დავრჩებით. აფხაზებს მომავლის ეშინიათ. რამდენიმე­ ვერსიას განიხილავენ: თუ რუსეთი ჯარებს გაიყვანს, რა იქნება შემდეგ - ეს არის პირველი კითხვა, რომლის პასუხადაც­ უნდა გვქონდეს: "ევროპულ სამყარ­ოსთან ინტეგრაცია თქვენთან ერთად". ევრო­კავშირი აფხაზებისა და ოსებისთვის კეთილდღეობასთან ასოცირდება, ოღონდ ამაზე ლაპარაკი პოსტ ფაქტუმ არ კმარა. წლების განმავლობაში ვლაპარაკობდით, ერთ დღესაც რუსეთმა ბაზა რომ გაიყვანოს, მზად ვართ აფხაზებსა და ოსებთან სალაპარაკოდო? ახლა არის პერსპექტივა, მაგრამ არა გვაქვს გეგმა, რომელსაც შევთავაზებთ, თუ როგორ წარმოგვიდგენია მათთან შერიგების გზა.

- აფხაზეთში მწვავდება ანტისომხური განწყობაც - სკანდალი მოჰყვა ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებას სომეხი კრიმინალური ავტორიტეტის რუბენ ტატულიანისთვის "აფხაზეთის მოქალაქეობის" მინიჭების გამო. არადა, მასთან ერთად "პასპორტი" 7 ათასამდე კაცმა მიიღო...

- ტატულიანი აფხაზ კრიმინალებთანაც­ "კარგად არის" და "ხელმძღვანელობასაც" უმართავს ხელს: ყიდულობს სკოლებისთვის ავტობუსებს, ადმინისტრაციული ერთე­ულებისა და სასულიერო პირებისთვის­ ჯიპებს, აფინანსებს სომხურ დიასპორას, რაც ძალიან არ მოსწონთ აფხაზებს, მით უფრო, სომხები ბიზნესს კარგად უძღვებიან­. ეს კაცი იმდენად თამამად გრძნობს იქ თავს, რომ წამყვან აფხაზ ოპოზიციონერ ადგურ არძინბას ძალზე თავხედურად მიმართა და დასცინა. თავად სომხებმა დაიწყეს მობოდიშება, მას კი საჭიროდაც არ ჩაუთვლია. მისმა საქციელმა კიდევ უფრო გააღრმავა ანტისომხური განწყობა. აფხაზები დაბნეული არიან, ისედაც ბევრი პრობლემა ჰქონდათ, ახლა კი ანტირუსულის პარალელურად, ტატულიანმა ფარული ანტისომხური განწყობა გამოააშკარავა. ეს "კანონიერი ქურდების" წრეში მიღებული­ ფიგურა აფხაზ პოლიტიკოსსა და მათ შიშს დასცინის. აფხაზებს მომავლის ეშინათ, არ იციან, რა იქნება ომის შემდგომ. ერთი ვერსიით, შესაძლოა რუსეთი უფრო აგრესიული გახდეს, უკრაინა დავკარგეთ და აფხაზეთს მაინც ავითვისებთო; ან პირიქით,­ ისე დასუსტდეს, რომ ჯარიც გაიყვანოს და საქართველოს პირისპირ დარჩნენ. ერთი სიტყვით, რუსეთისაც ეშინიათ, ქართული მხარისაც და სომხური დიასპორისაც. ამ დროს კი "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი­ კობახიძე დაუფიქრებელ განცხადებებს აკეთებს. მისმა­ როყიო განცხადებებმა რეგიონში ვითარება უფრო დაძაბა. აფხაზები­ გაოცებული­ არიან, რომ მისი სიტყვები არც პარლამენტმა­ გააქარწყლა და არც "ოცნების" სხვა ლიდერმა.­ კობახიძის განმარტება, "მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე პლებისციტის ჩატარების შესახებ" მხოლოდ სარკაზმი იყო და არავინ დაიჯერა.

ბჟანია ამით ამართლებს სამხედრო მობილიზაციას - ვითომ რუსეთს აჩვენებს, ხალხი თავად გვჭირდება, ქართული­ მხრიდან­ საფრთხე გვემუქრებაო, თან აფხაზების თვალში მზრუნველი ლიდერის იმიჯს იქმნის - ასეთი ხრიკებით ვცდილობ უკრაინის ომს აგარიდოთო...

რუსეთი ცდილობს ჩიხში მოაქციოს აფხაზები. შესაძლოა, ბიჭვინთის აგარაკისა­ და სხვა თემების მისაჩქმალავად, ბელორ­უსის მიერ შესაძლო აღიარება იქცეს­ აქტუალურ თემად. ამას წინათ მინსკი-სოხუმის ტელეხიდიც გაიმართა, სადაც ორმხრივ მეგობრობასა და სავაჭრო ურთიერთობებზე­ ისაუბრეს. ანუ რუსული­ პროპაგანდა ამ პროცესებს ასე წარმოაჩენს,­ ამ ვითარებაში რა დროს ბიჭვინთააო? წინა პირობებს ქმნის, რომ "აფხაზეთის პარლამენტმა" უმტკივნეულოდ მიიღოს ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება.

აფხაზეთში პოლიტიკური კლასი დაეცა:­ ინალ არძინბა, რომელიც ჭკვიანი პოლიტიკოსის სახელის შექმნას ცდილობს, პრორუსებსაც კი არ უყვართ. ავტორიტეტული­ ალექსანდრე ანქვაბი დაბერდა, ისევე, როგორც საკმაოდ ჭკვიანი სერგეი შამბა. ბჟანიას არა აქვს ის უნარები, რაც მათ ჰქონდათ. მათ ომის შემდეგ ერთი თაობა გამო­ტოვეს, ახლა ახალგაზრდები უნდა წამოვიდნენ, მაგრამ ახრა ავიძბას გარდა, არავინ­ არის. დაბალი ინტელექტის გამო არ უყვართ, მაგრამ ის მაინც აქტიურობს. მოსკოვიდან გაჩუმება რომ უბრძანონ, უკან დაიხევს, მაგრამ არ ეუბნებიან. რუსეთს შეკრული და სტაბილური კი არა, დაძაბული აფხაზეთი სჭირდება. ავიძბა კი ცდილობს დრო გამოიყენოს. იცის, ბიჭვინთის აგარაკის­ საკითხში ვერაფერს შეცვლის, მაგრამ მაინც ლაპარაკობს, რადგან არჩევნებისთვის იმზადებს ნიადაგს, გავაპროტესტეო. თუ ხალხი ქუჩაში გამოვა, წინარევოლუციური ფონი შეიქმნება და ისიც მათთან იქნება. რუსეთი მაინც არაფერს კარგავს, რადგან თამაშის წესებს თავად ადგენს, ჩვენ კი შორიდან ვუყურებთ.