„საქართველოში გეგულებათ პატრიოტი ადამიანი, ვისაც შეუძლია არესტოვიჩის განცხადებებს მოთმინებითა და გაგებით მოეკიდოს?!“ - კვირის პალიტრა

„საქართველოში გეგულებათ პატრიოტი ადამიანი, ვისაც შეუძლია არესტოვიჩის განცხადებებს მოთმინებითა და გაგებით მოეკიდოს?!“

"ამ გადაწყვეტილების შემოქმედი ის ხალხია, საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნას რომ ითხოვდნენ. რადგან მიზანს­ ვერ მიაღწიეს, ახლა სხვა სტრატეგიას მიადგნენ", - ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრის მოხვედრას.

- არც კი ვიცი, კიდევ რას უნდა ველოდოთ ამ ხალხისგან, შეიძლება აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გზასაც დაადგნენ? არ ვიცი...

- თქვენი აზრით, რა არის ამ გადაწყვეტილების მიზეზი?

- ნეტავ, დედამიწის ზურგზე ვინმემ თუ იცის ამ გადაწყვეტილების რეალური­ მიზეზი? ამ ხალხს არავითარი ბრალი არ მიუძღვის და რატომ დაუწესეს სანქციები, გაუგებარია. აი, თქვენ მეკითხებით, როგორ შეიძლება გაგრძელდეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებიო? მე კი აქეთ გვიკთხავთ: საქართველოში გეგულებათ პატრიოტი ადამიანი, ვისაც შეუძლია არესტოვიჩის განცხადებებს მოთმინებითა და გაგებით მოეკიდოს?! ამ ხალხმა ძალიან საშიში პროცესი წამოიწყო ქართულ-უკრაინული ურთიერთობების დასაზიანებლად. კარგი იქნება, თუ ზელენსკი და უკრაინული სახელმწიფო ამ ყველაფერს დროულად გაემიჯნებიან. წინააღმდეგ­ შემთხვევაში, როგორც უნდა ვეცადოთ, რომ უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობა შევინარჩუნოთ, ურთიერთობაში ხარვეზები მაინც გაჩნდება.

- საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში გაჩენილმა ხარვეზებმა, წარმოგიდგენიათ, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დაგვაყენოს საერთაშორისო არენაზე?

- ეს სანქციები ინიცირებულია უშიშროების საბჭოს მიერ. შეგახსენებთ, სწორედ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ამბობდა, საქართველოც ჩაერთოს ომში, მარტო უკრაინელი ქალები და ბავშვები რატომ უნდა იხოცებოდნენო?.. იმის შიშით, რომ საერთაშორისო არენაზე პოზიციები არ გაგვფუჭებოდა, რა უნდა გვექნა, ომი უნდა დაგვეწყო?! არესტოვიჩზე აღარ­აფერს ვიტყვი, მკითხველს არ ვაკადრებ,­ რომ ამ კაცის განცხადებების საპასუხოდ შესაბამისი სიტყვები გამოვიყენო, თორემ ამ ქვეყნის მოყვარულ ადამიანებს თავში რა გვიტრიალებს, გასაგებია. მე ის მაინტერესებს, ჩვენი ოპოზიცია­ რა კომენტარს აკეთებს არესტოვიჩის იმ განცხადებაზე, რომ საქართველოში მილიონი უკრაინელი ჯარისკაცის გამოგზავნასა და ხელი­სუფლების სამხედრო გზით დამხობას გეგმავს? საინტერესოა ევროკავშირის ხედვაც­ - როცა ევროკავშირისკენ მიმავალ სახელმწიფოში­, ხელისუფლების სახელით მოლაპარაკე პირი ამბობს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ მეორე სახელმწიფოში ხელისუფლების შეცვლას ჯარისკაცებით გეგმავს, როგორი იქნება მათი რეაქცია? მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობაა და ეს ქვეყანა რუსეთის არანორმალური აგრესიის მსხვერპლია, ეს კითხვები უნდა დაისვას!

- ხომ არ ფიქრობთ, რომ უკრაინა­სთან დღეს არსებული დაძაბულობა გარკვ­ეულწილად­ იმის შედეგია, რომ "ნაცმოძრაობა" ძალიან აქტიურობდა მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებში?..

- გარკვეულწილად, "ნაცმოძრაობის" მავნებლობის შედეგია სანქციებიც და არისტოვიჩის განცხადებებიც. არა მგონია, უკრაინაში ადამიანების უფლებების დაცვაზე უკეთ იზრუნონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც აქ ადამიანების უფლებებზე­ ზრუნვით მაინცდამაინც ვერ გამოიჩინეს თავი - ზურაბ ადეიშვილს ვგულისხმობ. ვფიქრობ, ვისაც "ნაცმოძრაობის" სჯერა, პრობლემა აქვს... რაც შეეხება დასავლელ პარტნიორებს, მე მათზე განსხვავებული წარმოდგენა მაქვს, უმიზეზოდ ადამიანის მტრად გამოცხადება დასავლურ ღირებულებებთან შეუსაბამოა. ეს არის საბჭოთა, ბოლშევიკური აზროვნების მოდელი. ჩვენ უკრაინელ პარტნიორებს­ ვთხოვეთ, წარმოედგინათ მტკიცებულებები, რის საფუძველზე აწესებენ სანქციებს, მაგრამ ეს არ გააკეთეს...

- ოპოზიციის ვერსიით, სანქციების მიზეზად რუსეთთან ფარული კავშირები და ოლიგარქიული მმართველობა სახელდება.

- როდესაც რუსეთთან ფარულ ურთიერთობაზე საუბრობენ, სად არის ამის მტკიცებულება, არგუმენტები?! რაც შეეხება ოლიგარქიას, მათივე კანონის მიხედვით, ყველაზე დიდი ოლიგარქი მათი ნაქები სააკაშვილია და ამ მხრივ, არც კეზერაშვილი და ნაყოფია აკლებენ ხელს...

ხათუნა ბახტურიძე