„ჩვენი საფრთხე უკრაინა კი არა, პრორუსული „ქართული ოცნებაა“ - კვირის პალიტრა

„ჩვენი საფრთხე უკრაინა კი არა, პრორუსული „ქართული ოცნებაა“

"ვერ ვიტყვი, რომ სანქციების ამბავი გამიხარდა, მაგრამ რას ვიზამთ, ყოველთვის­ ცუდი შედეგი მოაქვს ორმაგ თამაშს", - ასე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მმართველი გუნდის ლიდერ მიხეილ სარჯველაძის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები სანქციების დაწესების თაობაზე:

- "ქართული ოცნება" საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს - ევროპა თუ რუსეთი.­ ცრუობს, როცა ამბობს, რომ ეს ხალხი ტყუილად დაასანქცირეს. უკრაინის ხელისუფლება არასდროს იღებს გადაწყვეტილებებს არგუმენტების გარეშე. სხვათა შორის, ძალიან შემეცოდა ტიტე მამაცაშვილი, პატარა ბიჭია და მთელი ცხოვრება პრობლემები უნდა ჰქონდეს. ახლა ერთი ამბავია შექმნილი, უკრაინული სანქციების გამო საქართველო საფრთხეში აღმოჩნდებაო. ჩვენი საფრთხე უკრაინა კი არა, პრორუსული "ქართული ოცნებაა".

- სარჯველაძეს აინტერესებს, რას ფიქრობთ არისტოვიჩის მუქარაზე?

- რა თქვა ისეთი, ყველა რომ აღშფოთდა? მან თქვა, რომ უკრაინა იქნებოდა­ ძლიერი სახელმწიფო, რომელიც რუსული იმპერიალიზმისგან მეზობელ სახელმწიფოებს დაიცავდა და პროდასავლურ ინტერესებს გაატარებდა. ნაბრძოლი გოგო-ბიჭები სამშვიდობო და ჰუმანიტარულ მისიებში მიიღებენ მონაწილეობასო. ისე კი, ვურჩევდი არესტოვიჩს, ჯერ გადახტეს და ჰოპლა მერე დაიძახოს. ამას ახლა "ოცნება" სათავისოდ გამოიყენებს... სხვებს რომ ვაკრიტიკებთ, საკუთარ ხელისუფლებას მოვთხოვოთ პასუხი. ვისი ბრალია, დღეს კანდიდატის სტატუსი რომ არა გვაქვს? ჩვენ უმაღლესი დონის შეხვედრები გავმართეთ ბრიუსელში. კობახიძესავით კუთხეში კი არ ვიდექით და მერე კი არ მივეპარეთ ევროპელ ლიდერებს ფოტოების გადასაღებად. კობახიძე­ გერმანიის კანცლერს დაუდგა­ ზურგს უკან და ისე გადაიღო სურათი. მათთვის ყველა­ კარი დაკეტილია, ჩვენთვის­ კი ყველა ღიაა. ყველა კარგად ხედავს, რომ ,,ოცნება" უფრო და უფრო შორდება ევროპულ პერსპექტივას, არანაირ რეფორმას არ ატარებენ. 12 პუნქტი უმარტივესი შესასრულებელია და არაფერს აკეთებენ. პოლიტიკური ნება, რომელიც საჭიროა ამ უმარტივესი 12-პუნქტიანი რეფორმების შესასრულებლად, ,,ოცნებაში" არ არის და ამას სრულიად ევროპელი საზოგადოება ხვდება. ერთადერთი გამოსავალია ყველა პროევროპული ძალის ერთად დადგომა და გაერთიანება, სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ ისტორიულ შანსს დავკარგავთ.

- სხვათა შორის, მმართველი გუნდის ლიდერებმა უკვე რამდენჯერმე აღნიშნეს, რომ ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო მე-11 რეკომენდაცია ის იშვიათი გამონაკლისი იყო, როდესაც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ პოლიტიკურ კონსენსუსს მიაღწიეს, მაგრამ კანონპროექტის სასარგებლოდ დაფიქსირებულ ხმებს შორის არ აღმოჩნდა "სტრატეგია აღმაშენებელი".

- ეს იყო მეჩვიდმეტე ხარისხის რეკომენდაცია. საუბარი ეხებოდა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილ­ებები მაგალითი გამხდარიყო საქართველ­ოსთვის. ამას სულ რაღაც 40 ხმა სჭირდ­ე­ბოდა. ეს იყო ტექნიკური პრობლემა, იმ დროს პაატა მანჯგალაძე არ იყო დარბაზში.

- 12-პუნქტიდან კონკრეტულად რომელ საკითხზე არ იმუშავა მმართველმა გუნდმა?

- საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო საკითხებზე არ არის მიღებული; არ გატარებულა მართლმსაჯულების რეფორმა. ამ საკითხზე მარტო ჩვენი კანონპროექტია რეგისტრირებული; საარჩევნო რეფორმა, ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის­ საკითხი, რომელიც ყველაზე ფუნდამენტურია, არა აქვთ გათვალისწინებული; დეოლიგარქიზაცია - მათ რომ ჰკითხო, ეს საკითხი ივანიშვილის გარდა ყველას ეხება. ალბათ, მეც შემეხება, იმიტომ, რომ ბიტკოინები მაქვს; მეხუთე - ნიკა გვარამია ისევ ციხეშია.

- გამუდმებით ამბობთ, რომ "ქართული ოცნება" პრორუსულია, მაგრამ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ამერიკის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ დღის წესრიგში.

- დიახაც, რაც უნდა მოინდომოს "ოცნებამ", რომ რუსეთისკენ შეგვატრიალოს, არ გამოუვა. ამერიკასა და ევროპაში ჭირივით ეზიზღებათ კობახიძე, მაგრამ ამის გამო ქართველ ხალხთან პარტნიორობაზე არ იტყვიან უარს.

ხათუნა ბახტურიძე