ამერიკული და რუსული „ბირთვული“ ბომბდამშენები უკიდურესი დაპირისპირების ზღვარზე... - კვირის პალიტრა

ამერიკული და რუსული „ბირთვული“ ბომბდამშენები უკიდურესი დაპირისპირების ზღვარზე...

ნატომ ოფიციალურად განაცხადა, რომ 17-30 ოქტომბრის პერიოდში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი 14 ქვეყნის 60 სამხედრო თვითმფრინავი (მათ შორის ბირთვული ბომბებისა და ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტების მატარებელი ამერიკული B-52H-ები და "სტელსის" პროგრამით შექმნილი B-2-ები) ბელგიის, ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ზღვის საჰაერო სივრცეებში მონაწილეობას მიიღებს გეგმურ სტრატეგიულ სამხედრო სწავლებაში "მტკიცე შუადღე-2022", რომელიც ბირთვული იარაღის საპასუხო გამოყენებას ითვალისწინებს სავარაუდო მოწინააღმდეგის ბირთვული დარტყმების შემთხვევაში.

თავის მხრივ, გასულ კვირას დასავლეთის სადაზვერვო თანამგზავრებმა დააფიქსირეს, რომ ნატოს წევრი ნორვეგიის საზღვრიდან 180 კმ-ში და ალიანსის უკვე ფაქტობრივი წევრის, ფინეთის საზღვრიდან 154 კმ-ში მდებარე რუსეთის სტრატეგიული მნიშვნელობის ოლენიის სამხედრო-საჰაერო ბაზაში (კოლის ნახევარკუნძული, ქალაქ მურმანსკიდან სამხრეთით 90 კმ-ში) მოულოდნელად ჩაფრინდა 11 სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდი-ბომბდამშენი თვითმფრინავი, მათ შორის შვიდი Ту-160 და ოთხი Ту-95МС, რომლებსაც ამისთვის ენგელსის სამხედრო ბაზიდან (მდებარეობს სარატოვთან) 1 980 კმ მანძილის გადაფრენამ მოუწიათ. ეს რუსული "ბირთვული" ბომბდამშენები მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის სტრატეგიულ სწავლებაში "ქუხილი-2022".

რა გამოდის? ის, რომ ნატოსა და რუსეთის სტრატეგიული რაკეტმზიდი-ბომბდამშენები სავარაუდო საბრძოლო მოქმედებების ერთი თეატრის სივრცეში აღმოჩნდნენ, რომლის რადიუსი 2-3 ათას კმ-ს არ აღემატება, რაც სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდი-ბომბდამშენებისთვის (რომლებიც 9-10 ათასი კმ-ის სიშორეზე სარაკეტო დარტყმების მიყენებაზეა გათვლილი) ნაკლებად კრიტიკული მანძილია.

ამერიკულ სტრატეგიულ რაკეტმზიდ-ბომბდამშენ B-52H-ს 20 ცალი AGM-86B ALCM ტიპის ფრთოსანი რაკეტის გაშვება შეუძლია 2 800 კმ-ზე შორს, მიზანში 80 მ-ის სიზუსტის მოხვედრით, რა დროსაც 200 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტი სიმძლავრის ბირთვული ქობინი ფეთქდება, რუსული სტრატეგიული Ту-95МС კი 250 კილოტონა ტროტილის სიმძლავრის ბირთვულქობინიან 8 ცალ Х-102 ტიპის ფრთოსან რაკეტას "გზავნის" ხუთი ათას კმ სიშორეზე.

უდავოა, რომ ჩვენი პლანეტის ერთ კონკრეტულ რეგიონში, ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში, ერთსა და იმავე დროს უკიდურესად დაპირისპირებული მხარეების, ნატოსა და რუსეთის საჰაერო ბაზირების ბირთვული იარაღის ასეთი კონცენტრირება უდიდეს შეშფოთებას უნდა იწვევდეს, მით უმეტეს, კრემლი არცთუ ორაზროვნად დაიმუქრა ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებით უკრაინის წინააღმდეგ, თუკი კიევი გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიების დაბომბვას, მათ შორის ოკუპირებულ-ანექსირებული უკრაინული მიწების ჩათვლით.

არადა, უკრაინის არმია, მიუხედავად რუსული ფსევდორეფერენდუმების შედეგებისა, შეუწყვეტლივ განაგრძობს რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ობიექტების დაბომბვას ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და თვით ყირიმის ტერიტორიებზე.

უფრო მეტიც, უკრაინული ჭურვებისა და რაკეტების "სტუმრობა" არც რუსეთის ფედერაციის ბელგოროდისა და კურსკის ოლქებს აკლია - ანუ ომი ნელ-ნელა თავად რუსეთის ტერიტორიაზე ინაცვლებს, მაგრამ გაბედავს კი პუტინი პირველმა გამოიყენოს თუგინდ მცირე სიმძლავრის ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღი?ერთია ბირთვული ძალის დამაშინებელი დემონსტრირება ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტების მატარებელი სტრატეგიული რაკეტმზიდი-ბომბდამშენების ნატოს საზღვრებთან ფრენების გახშირებით და მეორე უშუალოდ ბირთვული იარაღის გამოყენების გაბედვა.

ამერიკულ-რუსული სტრატეგიული ბირთვული პარიტეტი

samx3-1666545998.jpg
სტრატეგიული დანიშნულების საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის საბრძოლო ნაკვეთურში ბირთვული ქობინები ისეა წრეზე ჩამწკრივებული, როგორც ვაზნები რევოლვერის დოლურაში

სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეზღუდვისა და შემდგომი შემცირების შესახებ აშშ-რუსეთის ხელშეკრულების Ne.w. START/СНВ-3-ის ფარგლებში ვაშინგტონმა და მოსკოვმა ა.წ.-ის სექტემბერში გაცვალეს მონაცემები სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების რაოდენობის თაობაზე.

ბოლოდროინდელი დაზუსტებული მონაცემებით, ამ მომენტისთვის რუსეთს 540, ხოლო აშშ-ს კი 659 ერთეული სტრატეგიული ბირთვული იარაღის გადამტანი საშუალება (საშახტო, მობილური და წყალქვეშა ნავების სტრატეგიული დანიშნულების ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ასევე მძიმე ბომბდამშენები) ჰყავთ საბრძოლო მზადყოფნაში.

ამ სტრატეგიული დანიშნულების გადამტანებზე რუსეთს დაყენებული აქვს 1 549, ხოლო აშშ-ს 1 420 ბირთვული ქობინი.

სტრატეგიული დანიშნულების საბრძოლო მორიგეობაზე მყოფი და ასევე დასაწყობებული სარაკეტო-გამშვები დანადგარებისა და მძიმე ბომბდამშენების საერთო რიცხვი რუსეთისთვის შეადგენს 759-ს, ხოლო აშშ-ისთვის კი 800 ერთეულს.ეს ამერიკულ-რუსული ორმხრივი ხელშეკრულება მხოლოდ სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული ქობინებისა და მათი გადამტანი საშუალებების გაკონტროლებას ითვალისწინებს და მასში არ შედის ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღი და მისი გადამტანი საშუალებები.