ხერსონიდან გაქცევისას რუსები კახოვკის კაშხალს ააფეთქებენ? - კვირის პალიტრა

ხერსონიდან გაქცევისას რუსები კახოვკის კაშხალს ააფეთქებენ?

რუსეთ-უკრაინის ომის მეცხრე თვის თავზე ყველაზე ცხელი წერტილი ისევ ხერსონის ფრონტის მონაკვეთია, რადგან მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ახალ წლამდე რუსი ოკუპანტების გაყრა უკრაინისთვის სტრატეგიულად მომგებიანი გახდება მომავალი წლის გაზაფხულზე, ქვეყნის სრული დეოკუპაციისთვის ახალი კონტრიერიშების დაწყების წინ.

მაგრამ ბრძოლა ხერსონის ოკუპირებული რაიონისა და თავად ხერსონის გასათავისუფლებლად ძალიან რთულად მიმდინარეობს და მიუხედავად თითქმის ყოველდღიური კონტრიერიშებისა, უკრაინის არმია წინ ძალიან ნელა მიიწევს.

ამას ობიექტური ახსნა აქვს. კერძოდ, სტეპებში, მოშიშვლებულ ადგილებზე, შედეგიანი შეტევა ძალიან ძნელია და დაკავშირებულია დიდ საბრძოლო დანაკარგთან. ამასთან, არანაკლებ 25-ათასიანი რუსი ოკუპანტის საბრძოლო კონტინგენტი, რომელიც დღეისათვის ჩასანგრებულია მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, დიდ წინააღმდეგობას უწევს, რაშიც მათ დნეპრის მარცხენა სანაპიროდან უკრაინელების კონტრიერიშების მოგერიებაში მრავალრიცხოვანი საარტილერიო დანადგარები და საბრძოლო ავიაცია-დამრტყმელი შვეულმფრენები და მოიერიშე თვითმფრინავებიც ეხმარებიან.

მიუხედავად ამისა, გამოიკვეთა ნიშნები იმისა, რომ რუსეთის არმია მაინც ემზადება ხერსონის დასატოვებლად და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე საევაკუაციოდ, რადგან უჭირს უკრაინელების მუდმივი შეტევის მოგერიება, მით უმეტეს, დნეპრზე აფეთქებული ხიდების გამო მათი საჭირო დონეზე მომარაგება მძიმე სამხედრო ტექნიკით, საბრძოლო მასალითა და საწვავით ძალზე გაძნელებულია.

მაგრამ, ეტყობა, რუსი ოკუპანტები ისე არ დატოვებენ დნეპრის მარჯვენა სანაპიროს, უკრაინას უდიდესი, თითქმის გლობალური მასშტაბის პრობლემა არ დაუტოვონ.

ლაპარაკია კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის შესაძლო აფეთქებაზე, რის შემთხვევაშიც 80-მდე უკრაინული დასახლება დაიტბორება და რაც მთავარია, უკრაინის არმიის მძიმე ჯავშანტექნიკას ძალზე გაუჭირდება კონტრიერიშების გაგრძელება.

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის სიგრძე (მიწაყრილი დამბების გარეშე) ნახევარ კმ-ზე მეტია და აკავებს 18 კუბკმ მოცულობის წყალსაცავს. რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ რა კატასტროფული შედეგები შეიძლება მოჰყვეს აფეთქებების შედეგად გარღვეული კაშხლიდან ამ მოცულობის წყლის გადმოხეთქას.

ტერიტორიების ხელოვნური დატბორვა მოწინააღმდეგის შეტევების შესაფერხებლად დღეს არ მოუგონიათ. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინაში უკანდახეულმა საბჭოთა ჯარმა 1941 წლის 18 აგვისტოს ააფეთქა "დნეპროჰესის" უზარმაზარი კაშხალი, რის შედეგადაც დაიტბორა ზაპოროჟიეს ნაწილი, თუმცა გერმანელებზე მეტად თავად საბჭოთა არმიის დანაყოფები დაზარალდნენ, ვეღარ დაიხიეს სწრაფად უკან და იძულებული გახდნენ დანებებოდნენ მოწინააღმდეგეს. ამასთან, დაიღუპა ევაკუირებული მოქალაქეების დიდი ნაწილი, რომლებისთვისაც მოულოდნელობად იქცა კაშხალზე მძლავრი აფეთქებების სერია.

მეორე მსოფლიო ომის დროს მოწინააღმდეგის წყალსაცავებზე კაშხლების დანგრევასა და ტერიტორიების ხელოვნურად დატბორვას ბრიტანელებმაც მიმართეს. 1943 წელს გერმანიაში, მდინარე ედერზე, ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული სპეციალური მხტუნავი ბომბებით გაარღვიეს მიონეს კაშხალი და რურის ველზე წყალდიდობა გამოიწვიეს, რასაც 1 600-მდე კაცი შეეწირა.

საერთოდ, ფრონტის ხაზი ხშირად ეწყობა მდინარეების კალაპოტის გასწვრივ, რადგან თავად მდინარე წარმოადგენს ბუნებრივ დაბრკოლებას შეტევაზე გადმოსული მოწინააღმდეგისთვის - მდინარის გადასალახავად მას სპეციალური საინჟინრო საშუალებები - პონტონები სჭირდება.

სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც რუსი ოკუპანტების კოლონები ცხინვალს მოადგნენ, მათ შემადგენლობაში პონტონიანი სატვირთო "კრაზებიც" იყო - ანუ მოწინააღმდეგე არ გამორიცხავდა, რომ ქართველ სამხედროებს შეიძლება აეფეთქებინათ საავტომობილო ხიდი ცხინვალამდე, დიდ გუფთასთან, და შეტევის გასაგრძელებლად რუსებს პონტონები დასჭირდებოდათ. თუმცა ხიდები არავის აუფეთქებია.