60 წლის წინ მსოფლიო ხრუშჩოვმა კუბაში, დღეს კი პუტინმა უკრაინაში ბირთვული საფრთხის წინაშე დააყენა - კვირის პალიტრა

60 წლის წინ მსოფლიო ხრუშჩოვმა კუბაში, დღეს კი პუტინმა უკრაინაში ბირთვული საფრთხის წინაშე დააყენა

დღეს, როცა მთელი მსოფლიო მარჩიელობს, გაბედავს თუ არა პუტინი უკრაინაში თუნდაც მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოყენებას, ძალაუნებურად გვახსენდება კუბის ბირთვული კრიზისი, რომელიც 60 წლის წინ, 1962 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში გათამაშდა და კინაღამ მესამე მსოფლიო, ამჯერად ბირთვულ ომში გადაიზარდა.

ყველაფრის თავიდათავი ის იყო, რომ პირველი "ცივი ომის" პერიოდში, 1960-იანი წლების დამდეგს, აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა ინტენსიურად დაიწყეს ბირთვული ქობინების დაყენება ბალისტიკურ რაკეტებზე, რომლებსაც 30 წუთიც კი არ სჭირდებოდათ მიზნამდე მისაღწევად, მაშინ, როცა თვითმფრინავებისთვის ეს დრო რამდენიმე საათს შეადგენდა, თანაც ბომბდამშენის ჩამოგდება მიზნისკენ ფრენისას ბევრად ადვილი იყო, ბალისტიკური რაკეტისა კი თითქმის შეუძლებელი.

საბჭოთა კავშირის მაშინდელი ლიდერის ხრუშჩოვის ბრძანებით 1958 წელს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფარულად განთავსდა საშუალო სიშორის მოქმედების P-5M ტიპის ბალისტიკური რაკეტების გასაშვები 8 დანადგარი. ამ რაკეტას 1 200 კმ-მდე შეეძლო გადაეტანა 300 კილოტონა ტროტილის სიმძლავრის ერთი ბირთვული ქობინი და კომუნისტური გერმანიის ტერიტორიიდან მისწვდომოდა ლონდონს, პარიზს, ბრიუსელს, რომსა და ნატოს წევრი სხვა ევროპული ქვეყნების დედაქალაქებს.

ამის საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტმა კენედიმ "ტორისა" და "იუპიტერის" ტიპის საშუალო მანძილის მოქმედების ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები განათავსებინა დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და თურქეთში, და მოსკოვი უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ამერიკული "იუპიტერი" საბჭოთა P-5M -ზე ორჯერ შორს, 2 410 კმ-მდე მიფრინავდა და თანაც თითქმის ხუთჯერ ძლიერი, 1,44 მეგატონა ტროტილის სიმძლავრის ბირთვული ქობინი გადაჰქონდა. ეს კრემლის, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ფიზიკურ განადგურებას ნიშნავდა.

ხრუშჩოვს განსაკუთრებით აშფოთებდა ნატოს წევრი თურქეთის ქალაქ იზმირთან ხუთ სასტარტო პოზიციაზე განთავსებული 15 ბირთვულქობინიანი ამერიკული "იუპიტერის" ბალისტიკური რაკეტა, რადგან მისი 2 410 კმ მოქმედების რადიუსში მოსკოვის გარდა ხვდებოდნენ ლენინგრადი, მინსკი, კიევი, ანუ საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის ყველა დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისიც, სადაც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბი, ასევე ვაზიანის მნიშვნელოვანი სამხედრო აეროდრომი იყო.

ხრუშჩოვს სურდა ბირთვული იარაღით დამუქრებოდა ვაშინგტონს და სხვა მნიშვნელოვან ამერიკულ ქალაქებს, მაგრამ იმდროინდელი საბჭოთა ბალისტიკური რაკეტები საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან ვერ სწვდებოდნენ ჩრდილო ამერიკის კონტინენტს (ერთადერთი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც შეეძლო ვაშინგტონამდე და ნიუ-იორკამდე მიეღწია, ის რაკეტა-მატარებელი იყო, რომლითაც კოსმოსში იური გაგარინი გაუშვეს), ამიტომაც საჭირო იყო ამ რაკეტების სასტარტო პოზიციები რამენაირად აშშ-ის ახლოს მიეჩოჩებინათ...

კრემლმა 1962 წლის ზაფხულში დაიწყო ზესაიდუმლო სპეციალური სამხედრო ოპერაცია "ანადირი" (არ გეცნობათ დასახელება "სპეციალური სამხედრო ოპერაცია", რომლის საფარქვეშაც 60 წლის შემდეგ კრემლის კიდევ ერთი ბინადარი მეზობელ უკრაინაში შეიჭრა?!) და კუბაში საბჭოთა სავაჭრო გემებით ფარულად გადაიყვანეს 50 ათასამდე საბჭოთა ოფიცერი და ჯარისკაცი, შეიტანეს 40 გამანადგურებელი, 42 ბომბდამშენი, ასამდე ტანკი და რაც მთავარია, 42 ბალისტიკური რაკეტა და მათთვის 36 ბირთვული ქობინი.

42 საბჭოთა ბალისტიკურ რაკეტას შორის იყო 2 080 კმ-ზე მფრენი P-12-ები და 4 500 კმ რადიუსის P-14-ები, რაც ნიშნავდა, რომ ფიდელ კასტროს კონტროლირებული კუბის კუნძულიდან ამ საბჭოთა რაკეტებს 2,3-მეგატონიანი სიმძლავრის ბირთვული ქობინებით შეეძლოთ აშშ-ის თითქმის მთელი ტერიტორიის "დაფარვა", დედაქალაქ ვაშინგტონის ჩათვლით.

აშშ-ის საჰაერო დაზვერვამ კუბაში ფარულად ჩატანილი ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების შენიღბული სასტარტო პოზიციები მხოლოდ 1962 წლის 14 ოქტომბერს აღმოაჩინა, რაც თეთრი სახლისა და პირადად პრეზიდენტ კენედისთვის უდიდეს მოულოდნელობად იქცა. ამიტომ მან კუბის კუნძულთან საზღვაო ბლოკადის მოწყობა ბრძანა. არადა, მანამდე ერთ-ერთი სადაზვერვო ფრენის შემდგომ გამჟღავნებულ ფოტოფირზე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ანალიტიკოსმა კუბის სანაპიროზე საფეხბურთო მოედანი აღმოაჩინა მოთამაშე ფიგურებით და გამოთქვა ეჭვი, რომ შეიძლება ისინი საბჭოთა სამხედროები ყოფილიყვნენ, რადგან კუბელები უფრო ბეისბოლს თამაშობენო, მაგრამ მაშინ მისი, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, სწორი ვარაუდი აინუნშიც არ ჩააგდეს.

27 ოქტომბერი კი ბირთვული დაძაბულობის ზენიტად იქცა - საბჭოთა საზენიტო რაკეტამ კუბის თავზე ჩამოაგდო ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი U-2, რომლის პილოტიც დაიღუპა. ყველაფერი დიდი ბირთვული ომისკენ მიდიოდა და ორივე მხარეს საბრძოლო მზადყოფნაში ჰქონდა ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები.

მხოლოდ ნახევრად ოფიციალური გზებით, საბჭოთა და ამერიკელი მზვერავების პირადი შეხვედრებისას ოპერატიულად გაცვლილი ინფორმაციის შედეგად მოხერხდა ხრუშჩოვისა და კენედის არააფიშირებული შეთანხმება - საბჭოთა კავშირს კუბიდან გამოაქვს ბირთვულქობინიანი რაკეტები, სამაგიეროდ, ამერიკელებიც დემონტაჟს უკეთებენ თავიანთ ბირთვულქობინიან "იუპიტერებს" თურქეთში და ამასთან იღებენ ვალდებულებას არ დაესხან თავს ფიდელ კასტროს რეჟიმს კუბაში.მაშინ ეს სარაკეტო გარიგება საქართველოსაც შეეხო, რადგან თურქეთიდან გატანილი 15-დან ერთი ბირთვულქობინიანი ბალისტიკური "იუპიტერი" ხომ ჩვენს დედაქალაქზეც იყო დამიზნებული.