"ჩვენ მოვალთ და გავათავისუფლებთ საქართველოსო. რას ჰგავს ეს, რატომ უნდა აძლევდნენ ამდენის უფლებას თავს?!" - კვირის პალიტრა

"ჩვენ მოვალთ და გავათავისუფლებთ საქართველოსო. რას ჰგავს ეს, რატომ უნდა აძლევდნენ ამდენის უფლებას თავს?!"

„არ ვამბობ, რომ ჩვენი ხელისუფლება ცამდე მართალია, არა, ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით ამ ბავშვური იწილო-ბიწილოთი, გაუგებარი განცხადებებით, მაგრამ არც უკრაინის ხელისუფლება იქცევა სწორად“

20 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აამოქმედა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოებისთვის სანქციების დაწესების შესახებ. დასანქცირებულ პირთა სიაში ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს, და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილსა და მის შვილს, ტიტე მამაცაშვილს. საქართველოს ხელისუფლებაში ამ გადაწყვეტილებას უსაფუძვლოსა და პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ. ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან.

- ცოტა შორიდან დავიწყებ და ვიტყვი, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. როდესაც პოლიტიკური ინტერესები დგება დღის წესრიგში, ხშირად ავიწყდებათ კანონის უზენაესობა, სამართლიანობა და ასე შემდეგ... ეს ხშირად იწვევს ორმაგი სტანდარტებით მოქმედებასაც. ამჯერადაც მგონია, რომ სწორედ პოლიტიკური ინტერესი უდევს საფუძვლად ამ გადაწყვეტილებას. ახლა უკრაინა ომშია და არა მგონია, ამაზე ყურადღების გამახვილება ღირდეს, მაგრამ მშვიდობიანობის დროს, ამგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქვეყნებს შორის ურთიერთობების გართულებას იწვევს. ზოგჯერ საქმე დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდეც მიდის ხოლმე. არ ვამბობ, რომ ჩვენი ხელისუფლება ცამდე მართალია, არა, ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით ამ ბავშვური იწილო-ბიწილოთი, გაუგებარი განცხადებებით, მაგრამ არც უკრაინის ხელისუფლება იქცევა სწორად. მაგალითად ავიღოთ თუნდაც ზურაბ ადეიშვილის შემთხვევა - კაცი, რომელთანაც საქართველოში ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, დღეს უკრაინის ხელისუფლებაში კონსულტანტად ჰყავთ და აგერ ახლახან ევროსაბჭოში ამ ქვეყნის დელეგაციაში შედიოდა.

ბუნებრივია, ეს აღიზიანებს საქართველოს ხელისუფლებას. ერთმანეთის ჯიბრი ისევ ჩვენ გვაზარალებს, ქართველებსა და უკრაინელებს, რომლებსაც წლების განმავლობაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მეგობრობა გვაკავშირებდა და გვაკავშირებს დღესაც.

ავხსნი, თუ რატომ მგონია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. საქმე ისაა, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, თუ როგორ უკავშირდება ეს ხალხი რუსულ ოლიგარქიულ წრეებს და ეს როგორ აზარალებს უკრაინას. ვიმეორებ, არც ჩვენი ხელისუფლებაა უკრაინასთან ასპროცენტიანად მართალი, მაგრამ ეს არ შეიძლება დაუსაბუთებელი ბრალდებების მიზეზი გახდეს კონკრეტულ ადამიანებზე. ამ რამდენიმე დღის წინანდელი ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაც გავიხსენოთ - ჩვენ მოვალთ და გავათავისუფლებთ საქართველოსო. რას ჰგავს ეს, რატომ უნდა აძლევდნენ ამდენის უფლებას თავს?! ის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირია. ამგვარი რიტორიკით რის მიღწევას ცდილობენ? რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის თაობაზე განცხადებებს, ეს ჯერ ზოგადი ლაპარაკია, დაახლოებით იმ დონის, რომ ვამტკიცოთ ივანიშვილი პუტინის ძმაკაციაო. ამ ყველაფერს დასაბუთება სჭირდება. ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილს ამჟამად პოსტსაბჭოთა სივრცეში ბიზნესი არ გააჩნია. მას სულ სხვა ინტერესები აქვს მსოფლიო ბაზრებზე და სამრეწველო საქმიანობას არ ეწევა.

- როგორ ფიქრობთ, სანქცირებულთა სიაში რატომ არ მოხვდა ბიძინა ივანიშვილი?

- ვფიქრობ, მაინც მოერიდნენ მისი გავლენისა და მსოფლიოში არსებული კავშირების გამო. სიმართლე უნდა ვთქვათ - ამ სიაში შესაყვანად ნამდვილად ოდიოზური ფიგურები აირჩიეს. უჩა მამაცაშვილი და მისთანები ნამდვილად არ არიან წმინდა წყლის ხალხი, მაგრამ სამართლიანები უნდა ვიყოთ. თუ კაცი საკუთარი ჯიბისთვის იპარავს რამეს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია და რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. მე თუ მკითხავთ, ეს ბიზნესმენები სუფთად მუშაობენ თუ არაო, გიპასუხებთ - ძალიან ეჭვი მეპარება, მაგრამ, იმავდროულად, არა მგონია, რუსულ ინტერესებს ატარებდნენ.

ქართველი კაცი ათასწლეულების განმავლობაში პრაგმატიკოსი იყო, იცოდა თანაცხოვრება სპარსელებთან, ოსმალებთან, მონღოლებთან... აქ თვითგადარჩენის ინსტინქტი თამაშობდა მთავარ როლს და არა რომელიღაც პოლიტიკური თუ ეროვნული ზრახვების ხელშეწყობა. ახლაც ასეა, სურს თვითონ გადარჩეს და ამისთვის აკეთებს ყველაფერს, ზოგს მორალურს და ზოგსაც ამორალურს. ამიტომაც მგონია, რომ რუსეთის ინტერესების ლობირება არაფერ შუაშია, ბიძინა ივანიშვილი და ეს ხელისუფლება გადარჩენას და ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ. მიიჩნევენ, რომ ამისთვის ყველა მეთოდი დასაშვებია. თუ იკითხავთ ეს სწორია თუ არაო, მე ამის სისწორეში ეჭვი მეპარება. თქვენ რა გგონიათ, ამჟამინდელი ოპოზიციური ძალები ხელისუფლებაში რომ იყვნენ, იმავენაირად არ მოიქცეოდნენ? დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებდნენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ამ ტიპის პოლიტიკოსებში ძალაუფლებისკენ ლტოლვა დაუოკებელია. იკითხავთ, ალბათ, რატომო, იმიტომ, რომ სხვა არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ.

ჩვენი ხელისუფლება შედგება არა პიროვნებებისგან, არამედ ლიდერისა და მის გარშემო გაერთიანებული აბსოლუტურად ტლუ და დამჯერი მასისგან, რომელსაც ევალება მხოლოდ ხელის აწევა თუ ღილაკზე თითის დაჭერა. ეს არის ჩვენი პოლიტიკური რეალობა.

- რამდენად რეალურია, რომ უკრაინის სანქციები გაიზიარონ სხვა დასავლურმა ქვეყნებმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა?

- ძნელი სათქმელია. ასე მგონია, სამთავრობო დონეზე, ზოგიერთი ევროპარლამენტარისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ ლაპარაკობენ და რეალური ძალაუფლება და პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ, უფრო გამჭრიახად მოიქცევიან. თუ სურთ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის მოთოკვა, ამას სხვისი ხელით ისე გააკეთებენ, რომ თვითონ ხელს არ გაისვრიან. ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები. სავსებით სამართლიანად მიმაჩნია შეფასება, რომ ივანიშვილის "ქართული ოცნების" მიერ სამჯერ არჩევნების მოგება სავსებით საკმარისია. ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციას ძალიან უჭირს. ვფიქრობ, როგორც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს მიეხმარა დასავლეთი სააკაშვილის მთავრობის შესაცვლელად, ასევე უნდა გამოიძებნოს ძალა, რომელსაც მიეხმარებიან "ქართული ოცნების" დამარცხებაში. მე თუ მკითხავთ, პოლიტიკური პარტიისთვის ხელისუფლებაში 2 მანდატით ყოფნა საკმარისია. მერე იწყება შეუქცევადი ცვლილებები ადამიანების ფსიქიკაში, რაც თავის დროზე პუტინს დაემართა, და რაც "ქართული ოცნების" ზოგიერთ ლიდერშიც აშკარად ჩანს. ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება, მიმდინარეობს ხელისუფლებაში მყოფი პირების ფსიქიკურ-ეთიკური გამოფიტვის პროცესი. ეს ჩანს თვალსაჩინოდ. გვარებს არ დავასახელებ, გამგები ისედაც გაიგებს. ეს ხალხია პარლამენტშიც, მთავრობაშიც... ვხედავთ, მათი დემოკრატიული სულისკვეთება ნელ-ნელა ავტოკრატიულით როგორ იცვლება. გააგრძელეთ კითხვა