"პუტინი, როგორც ზვიგენი" - რას ჰყვება CIA-ს თანამშრომელი რუსეთის პრეზიდენტზე? - კვირის პალიტრა

"პუტინი, როგორც ზვიგენი" - რას ჰყვება CIA-ს თანამშრომელი რუსეთის პრეზიდენტზე?

გერმანულ ჟურნალ "ფოკუსში" (Focus) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "პუტინი, როგორც ზვიგენი", რომელშიც გადმოცემულია აშშ-ის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლის - დუგლას ლონდონის თვალსაზრისი რუსეთის პრეზიდენტის შესახებ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით.

დუგლას ლონდონი რუსეთში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) რეზიდენტი იყო. იგი კარგად ფლობს რუსულ ენას, ახლოს იცნობს რუს ხალხს, რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს და მშვენივრად იცის, თუ როგორ მუშაობენ კრემლის საიდუმლო სამსახურების თანამშრომლები. მისთვის "კაგებეს" ყოფილი პოდპოლკოვნიკი, ამჟამად კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმ ზვიგენს ჰგავს, რომელიც მუდმივად მოძრაობს და მტაცებლობას ეწევა თავის გადასარჩენად.

როცა კომპოზიტორი ჯონ უილიამსი ცნობილი ფილმის - "ყბების" მუსიკას ქმნიდა, მას, როგორც თვითონ ჰყვება ერთ-ერთ ინტერვიუში, წარმოდგენილი ჰყავდა დაუნდობელი და სასტიკი მონადირე, რომელიც მხოლოდ ინსტინქტებით მოქმედებს. ამბობენ, რომ ფილმის რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა, როდესაც "მელოდიის პირველი ჰანგები" – რაღაც გაურკვეველი და, იმავდროულად, მკაცრი "დუ-დუმ" - მოისმინა, ხუმრობა ეგონა და გაეცინა.

ანალოგიური სიტუაციაა ვლადიმერ პუტინთან მიმართებით. რუსეთის დიქტატორს არა ერთხელ მრისხანედ გამოუთქვამს მუქარა, დაწყებული ჯერ კიდევ მიუნჰენის 2007 წლის უსაფრთხოების კონფერენციიდან: ხომ გახსოვთ მისი ემოციური გამოსვლა სასტუმრო Bayerischer Hof-ის საკონფერენციო დარბაზში? "მსოფლიოში არავინ გრძნობს თავს უსაფრთხოდ!" - ეს ფრაზა მან ორჯერ გაიმეორა, სასტიკი ინტონაციით და ხაზგასმით. შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როგორსაც "ყბების" მუსიკის მოსმენისას აღიქვამ.

მიუნჰენის ხსენებული კონფერენციის შემდეგ, განვითარებული მოვლენების მიუხედავად (რუსეთის არმიის თავდასხმა საქართველოზე 2008 წელს, ყირიმის ანექსია 2014 წელს და ა.შ.), კრემლის მმართველში ბევრი ვერ ამჩნევდა დაუნდობელი მტაცებლის, სასტიკი მონადირის ბუნებას. მხოლოდ 2022 წლის თებერვლის ბოლოს, როცა უკრაინას თავს რაკეტების ნიაღვარი დაატყდა, ხოლო რუსეთის ჯარები ქვეყნის დედაქალაქის - კიევის მისადგომებამდე მივიდნენ, დასავლეთი, თითქოსდა, ლეთარგიული ძილისგან გამოფხიზლდა და გააცნობიერა: ვლადიმერ პუტინი ბოროტებაა.

"პუტინი - მუდმივად მოძრავი ობიექტი"

თუ მხედველობაში არ მივიღებთ ჯორჯ ბუში-უმცროსის გამონათქვამს "ბოროტების ღერძთან" დაკავშირებით (2002 წლის კონგრესისადმი მიმართვაში - ირანის, ერაყისა და ჩრდ. კორეის შესახებ), თვითონ ბოროტება პოლიტიკურ კატეგორიად არ ითვლება. ბოროტება ადამიანის უარყოფითი ბუნების გამოვლენას ნიშნავს. მაგრამ როგორი და რამდენად ბოროტი ადამიანია ვლადიმერ პუტინი? "ეს რომ გავიგოთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორია დაზვერვის აგენტი-მტაცებლის ბუნება", - წერს დუგლას ლონდონი თავის სტატიაში, რომელიც აშშ-ის უსაფრთხოების საექსპერტო პორტალის, Just Security-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ავტორის აზრით, რომელმაც თავისი კარიერის განმავლობაში პუტინის ეპოქის რუსული დაზვერვის უამრავი ოფიცერი შეისწავლა, "რუსეთის პრეზიდენტი ჰგავს იმ ზვიგენს, რომელიც მუდმივად მტაცებლობას ეწევა თავის გადასარჩენად, თანაც, ამით თავის მოწინააღმდეგეებს აშინებს".

როგორც დუგლას ლონდონი წერს, ვლადიმერ პუტინის ხასიათი მის გაჩერებას გამორიცხავს. იგი მუდამ სხვებს უთვალთვალებს და აკვირდება... მის ბუნებაში არ დევს პაუზა, დაფიქრება და რთული სიტუაციის გონივრულად მოგვარება. იგი არ ენდობა ექსპერტთა დასკვნებს, არ სცემს მათ პატივს. "პუტინი ამაყობს იმით, რომ მას მარტოდ მოქმედება შეუძლია და არასოდეს აჩვენებს სისუსტეს ან შიშს... მისთვის სასიამოვნოა ის, რაც სხვებისთვის უსიამოვნოა და ნეგატიურ რეაქციას იწვევს. მისთვის სასიამოვნოა, დაინახოს სუსტების რეაქცია მუქარებზე".

პუტინი და უკრაინის ომი: "გამარჯვება ან სიკვდილი?"

რამდენად შეუძლია ვლადიმერ პუტინს უკრაინის ომში სავარაუდო მარცხის გადატანა? მართალია, ვლადიმერ პუტინი ხშირად იმუქრება და აცხადებს, რომ მისი მოქმედება ეჭვქვეშ არავინ არ უნდა დააყენოს - მაგალითად, მობილიზაციის გამოცხადების დროს რომ თქვა, "ჩემი ნათქვამი ბლეფი არ გეგონოთო", მაგრამ სინამდვილეში რას იზამს და რა ხდება მის თავში, ეს არავინ იცის. "რუსეთის დიქტატორი უკრაინაში თავის თავს საბოლოოდ წაგების უფლებას არ მისცემს. მას შეუძლია გადაიტანოს ტაქტიკური მარცხი, დამამცირებელი უკანდახევაც კი, შეუძლია ომის პირველ ეტაპზე ოკუპირებული ტერიტორიებიც კი დათმოს (რაც უკვე გააკეთა), მაგრამ მისთვის უკრაინიდან ტოტალური გასვლა მიუღებელია", - წერს დუგლას ლონდონი, რომელიც ამჟამად ვაშინგტონის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში დაზვერვის შესახებ ლექციებს კითხულობს.

სხვათა შორის, ვლადიმერ პუტინმა, ერთი შეხედვით, მართლაც ნორმალურად გადაიტანა ჯერ კიევის, შემდეგ კი - ხარკოვისა და დონბასის მისადგომებთან განცდილი მარცხი.

"მაგრამ იგი ნამდვილად ვერ გადაიტანს და ვერ შეეგუება ყირიმისა და დონბასის მთლიანად დაკარგვას, თუ უკრაინის არმია ნახევარკუნძულს უშუალოდ დაემუქრება და მის დაბრუნებას შეეცდება. ყირიმის ფლობა ვლადიმერ პუტინისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში მას შეუძლია, კატასტროფული ავანტიურა განახორციელოს. პუტინისათვის ყირიმი რუსეთის სამუდამო ნაწილს წარმოადგენს. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ფანტასტიკურად ძვირად ღირებული ხიდი გასდო ქერჩის სრუტეზე და ნახევარკუნძული უშუალოდ დაუკავშირა რუსეთის სახელმწიფო ტერიტორიას. დააკვირდით - დიქტატორი დღემდე აუღელვებლად ხვდებოდა დონბასის ქალაქებიდან უკანდახევას, მაგრამ ხიდზე მომხდარმა აფეთქებამ იგი გააცოფა.

"გაითვალისწინეთ სამი მომენტი"

დუგლას ლონდონის თქმით, ყოველმა ადამიანმა, რომელსაც პუტინის ბუნების გაგება და შეფასება სურს, თუ რამდენად შორს წასვლა შეუძლია მას თავისი მუქარებით, სამი საკვანძო მომენტი უნდა გაითვალისწინოს:

ა) ვლადიმერ პუტინი 1970-80-იანი წლების "კაგებეს" პროდუქტს წარმოადგენს. იგი მოწმე იყო იმ ეპოქისა და სისტემის დაღუპვისა, რომელსაც იგი ერთგულად ემსახურებოდა და ამას დღემდე განიცდის. მისთვის უდიდესი ტკივილი იყო 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლა და გაქრობა.

ბ) მისი შინაგანი "ეგო" სიხარბეს, მტაცებლურ ბუნებას და პატივმოყვარეობას ემყარება, რაც, თავის მხრივ, მის მორალურ კომპასს წარმოადგენს;

გ) მას თავისივე შეთხზული პროპაგანდის სჯერა.

პუტინის ლოგიკა მარტივია: ყველა მას უნდა ემორჩილებოდეს, თუნდაც - ბრმად. ყველას იგი უნდა აკონტროლებდეს. მის მოქმედებას არავითარი წესები არ ზღუდავს, მთავარი მხოლოდ შედეგია. "პუტინის თვალში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი მსოფლიო წესრიგი ელიტური დასავლეთის მიერ არის შექმნილი, მისი ქვეყნის დამცირებისა და ჩაგვრის ხარჯზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ წესრიგის დამყარებაში, დიდწილად, საბჭოთა კავშირიც მონაწილეობდა, ამ გარემოებას პუტინი არ ითვალისწინებს", - წერს დუგლას ლონდონი.

ავტორი გარკვეულ რეკომენდაციებს იძლევა თანამედროვე რუსეთის მმართველი რეჟიმის დასასუსტებლად, რომელიც გულისხმობს ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებთან კავშირს, "მაშველი რგოლების გადაგდებას" ოპორტუნისტებისათვის და პუტინის გარემოცვის იმ წარმომადგენლებისათვის, რომლებსაც მასთან ერთად ფსკერზე ჩაძირვა არ სურთ.

დუგლას ლონდონი, ასევე, წერს ნატოს გაძლიერების აუცილებლობაზე რუსეთის საზღვრების გაწვრივ, განსაკუთრებით - ბალტიისპირეთში. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ