ისე ამიტაცა ტურისტების შეძახილებმა, მყისვე მივიღე ზიპლაინით ჩასრიალება-ამოსრიალების გადაწყვეტილება
იხილეთ დასაწყისი - ნისლში გახვეული ხეობის სიამაყე - ზარციხე
განვაგრძობთ თურქეთის მხარეს მოქცეულ ლაზეთში მოგზაურობას. ჩვენი ლაზი მძღოლის - ჯანოს ტრანსპორტით ზილკალედან ანუ ზარციხიდან კვლავ ფირტინას ხეობის ასფალტირებულ გზას ავუყევით, კიდევ უფრო მაღლა, მთებში. ამჯერად გეზი სამთო საკურორტო ზონისკენ გვქონდა, იქ გვეგულებოდა ზიპლაინი და რაფტინგი. ხმამაღლა არ მითქვამს, მაგრამ გულში ზიპლაინით სრიალს ვნატრობდი, ოღონდ არ ვიცოდი, რამდენ ხანს დავყოფდით მაღლა - ჩვენ ხომ სულ ვჩქარობთ, ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ღირშესანიშნაობის ნახვა მოვასწროთ. გზა კი მართლაც ულამაზესი იყო. გაოგნებული ვუყურებდი სიმწვანეში "აღმოცენებულ" 4-5-6-სართულიან სახლებს, სიმინდის ყანებს, გზიდან ისე შორს და მაღლა ჩანდნენ, გეგონებოდა, ცაში არიან გამოკიდებულებიო.
აღარ მეგონა, დანისნულ მთებში მზე თუ გამოანათებდა, არადა, სწორედ ასე მოხდა, როდესაც ზილკალეში დანამულებმა, დანიშნულების ადგილს - სამთო-ტურისტულ ზონას მივაღწიეთ - იქ დაგვხვდა მზე, სითბო, მოჩუხჩუხე ფირტინა და მასში - მორაფტინგეები, მათ თავზე კი ზიპლაინით მოსრიალე ტურისტები, კაფეები და სხვადასხვა ჯურის ხალხი. მათ ნაკადს უკვე ჩვენც შევუერთდით.
თავდაპირველად გარემოს უკეთ დასაზვერად ჯგუფის წევრები ერთ ღია კაფეში მოვკალათდით - ვის მოშივდა, ვის მხოლოდ ყავა ან უგემრიელესი თურქული ჩაი უნდოდა, ტრადიციულად წელში გამოყვანილ, პატარა, გამჭვირვალე ჭიქებში, ვის - თურქული ნუგბარი და ა.შ.
მე და ჩემი მეგობრები - მზეო მჟავანაძე და მზია ეგიაშვილი სტრატეგიულად კარგ ადგილას აღმოვჩნდით - გადავყურებდით მდინარე ფირტინას და ვტკბებოდით მდინარის თავზე მოსრიალე თუ მდინარის გასაბერ ნავებში მხიარულად მოყიჟინე ტურისტებით.
ისე ამიტაცა ტურისტების შეძახილებმა, მყისვე მივიღე ზიპლაინით ჩასრიალება-ამოსრიალების გადაწყვეტილება და იდეა მეგობრებსაც გავუმჟღავნე. ვიდრე კაფეში ვარკვევდი, 60-ლირიანი ბილეთი სად მეყიდა, უცებ ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელის, თამთა ჭანტურიას შეძახილები მომესმა. ხმას "მივყევი!" და რას ვხედავ - ფირტინას თავზე ზიპლაინით მზეო არ მოსრიალებდა?! ბედნიერებისგან გაცისკროვნებული ჰქონდა სახე და გამალებით გვიქნევდა ხელს.
ამასობაში ბილეთი მეც ავიღე და ინსტრუქტორთან გამოვცხადდი. დარიგება მივიღე, აღმჭურვეს შესაბამისად და მზეოს შემდეგ მეც ჩავსრიალდი. ტროსის ბოლოს მეორე ინსტრუქტორი მელოდა, მიბიძგა, რომ უკან გამოვსრიალებულიყავი და მეც ხელების ქნევით, აღტაცებულმა ჩავუშხუილე ჩვენი ჯგუფის წევრებს.
ჩემ შემდეგ ჯგუფის საოცრად საყვარელმა წევრმა, მუდამ კეთილგანწყობილმა და ღიმილიანმა ხათუნა გოცირიძემაც იმარჯვა და გაიქროლ-გამოიქროლა ზიპლაინით.
მამაცი ხათუნა
ასე ვიმხიარულეთ და ვისიამოვნეთ ლაზეთის ულამაზეს მთებში. სამწუხაროდ, დიდ საქანელებამდე ვერ მივაღწიეთ, რადგან დრო აღარ გვრჩებოდა - სასტუმროში უნდა გავმგზავრებულიყავით, დავბინავებულიყავით და შემდეგ, შემოღამებისას, ათინას ციხესთან და ღამის უზუნგიოლის ტბასთანაც გვესეირნა.
(გაგრძელება იქნება)
VIDEO: მოგზაურობა ლაზეთში. ამჯერად ფირტინას ხეობის სამთო-საკურორტო ზონაში ზიპლაინითაც ვისრიალეთ.