რა ვიცით რიში სუნაკზე, რომელიც ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი იქნება
გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იქნება.
მას შემდეგ, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი გამოეთიშა პრაიმერს, 100 კონსერვატორი დეპუტატის მხარდაჭერა დარჩენილი ორი კანდიდატიდან მხოლოდ რიში სუნაკმა შეძლო.
შესაბამისად, პრაიმერს გამოეთიშა პენი მორდონტი, რაც ავტომატურად ნიშნავს სუნაკის პარტიის ლიდერად და შესაბამისად პრემიერ-მინისტრად არჩევას.
42 წლის რიში სუნაკი ინდური წარმომავლობის პოლიტიკოსია. ის ექიმების ოჯახში დაიბადა, რომლებიც დიდ ბრიტანეთში აფრიკის გავლით 1970-იან წლებში ჩავიდნენ. როგორც ცნობილია, სუნაკის ოჯახი აღმოსავლეთ აფრიკაში კოლონიალიზმის ეპოქის დროს ინდოეთიდან გადავიდნენ.
მომავალი პოლიტიკოსი დიდ ბრიტანეთში, საუთჰემპტონში დაიბადა, განათლება კი ბრიტანეთის ერთ-ერთ წამყვან სკოლაში - ვინჩესტერში მიიღო. სწავლობდა ოქსფორდისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში.
ბრიტანელი პოლიტიკოსის მეუღლე, ინდოელი მილიარდერის ნარაიანა მურთის შვილი აკშატა მურთია, მათ ორი გოგონა ჰყავთ.
რიში სუნაკი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი 2015 წელს გახდა, 2019 წელს კი ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. ის ამ პოსტს 2022 წლის 5 ივლისამდე იკავებდა. როგორც ცნობილია, სუნაკი ბორის ჯონსონის მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი, თუმცა მედიაში უეცრად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუნაკი გარკვეულ საკითხებში ბორის ჯონსონს არ ეთანხმებოდა და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად პოსტი დატოვა.
„რიში ერთ-ერთი ყველაზე წესიერი და პირდაპირი ადამიანია, ვინც ბრიტანულ პოლიტიკაში ყოფილა. ის ღირსების უმაღლესი სტანდარტებით ხელმძღვანელობს“, - განაცხადა სუნაკზე ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა.
როგორც ცნობილია, სუნაკი ინდუისტია და იქამდე, ვიდრე ის დიდი ბრიტანეთის პარლამენტარი გახდებოდა, სპეციალური ფიცი დადო ბჰაგავადგიტაზე (ინდუისტებისთვის განსაკუთრებული მნიშნელობის მქონე ტექსტი). როგორც ის ამბობს, ფეხბურთიც უყვარს და საფეხბურთო კლუბ „საუთჰემპტონის“ გულშემატკივარია.
„თუ კულტურულ აღზრდაზე ვსაუბრობთ, შაბათ-კვირას ტაძარში ვიქნებოდი, რადგან ინდუისტი ვარ, თუმცა შაბათს აუცილებლად დავესწრებოდი „საუთჰემპტონის“ თამაშს. ყველაფერი უნდა გააკეთო, ორივე საქმე უნდა მოასწრო“, - განაცხადა ერთხელ ინტერვიუში ინდური წარმომავლობის ბრიტანელმა პოლიტიკოსმა.
2022 წლის მაისში სუნაკი The Sunday Times-ის მდიდარ ბრიტანელ პოლიტოკოსთა სიაში მოხვდა. 2022 წლის მონაცემებით, მეუღლესთან ერთად მისი ქონება 730 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. წყარო