"სალომე ზურაბიშვილი მიადგეს პრემიერს და ჰკითხოს: "ირაკლი, სახელმწიფოში ვცხოვრობთ თუ ბავშვებს ეთამაშები კუკუდამალობანას?" - კვირის პალიტრა

"სალომე ზურაბიშვილი მიადგეს პრემიერს და ჰკითხოს: "ირაკლი, სახელმწიფოში ვცხოვრობთ თუ ბავშვებს ეთამაშები კუკუდამალობანას?"

თუ ეს ასეა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ იცოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის თაობაზე, ამის მერე როგორ შეიძლება ის პრემიერი ხვალ ისევ პრემიერი იყოს, ვინც ეს გააკეთა და როგორ შეიძლება პრეზიდენტმა გააგრძელოს პრეზიდენტობა, - ამის შესახებ "ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ იყო.

დავით უსუფაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის „მოკვარახჭინებული გზებით“ პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ ყოველ დღე ქართული სახელმწიფოს პრესტიჟის, ავტორიტეტის, თავმოყვარეობის დაკნინება ხდება.

"მგონია ხოლმე, რომ ამაზე უარესი რა შეიძლება ჩაიდინოს ვიღაცამ, მაგრამ არ მთავრდება უარესები. ჩამოვიდა სერიოზული ქვეყნის სერიოზული პრეზიდენტი სერიოზულ საქმეზე სასაუბროდ და ამ განცხადების შემდეგ ის მიდის აქედან, ზის ალბათ თავისთვის თვითმფრინავში, მიფრინავს და ფიქრობს, „სად ჩავედი მე? საბავშვო ბაღში ჩავედი?“.

მე სიტყვები არ მყოფნის იმის სათქმელად, რა ჩაიდინეს დღეს ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებმა ერთმაც და მეორემაც. ამისი ტერმინი ქართულ ენაში არ მოიძებნება, რაც ჩაიდინეს. თუ ეს ასეა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ იცოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის თაობაზე, ამის მერე როგორ შეიძლება ის პრემიერი ხვალ ისევ პრემიერი იყოს, ვინც ეს გააკეთა და როგორ შეიძლება პრეზიდენტმა გააგრძელოს პრეზიდენტობა და კიდე შემომჩივლოს ზეგ, რომ „იცით, რა ახლა ესეც არ მითხრეს, იქ არ გამიშვეს...“ რისი ბრალია ეს ყველაფერი? იმის ბრალია საპრეზიდენტო არჩევნებზე რაც ჩაგვიტარეს, ის რომ აკადრეს ქართველ ხალხს და თვითონ დღევანდელმა პრეზიდენტმაც აკადრა, მისმა ამრჩევებმაც, მისმა შემომყვანებმაც, მოკვარახჭინებული გზით რომ შემოიყვანეს, ვითომ "ოცნების“ კანდიდატი არ იყო, მას შემდეგ ხდება ქართული სახელმწიფოს პრესტიჟის, ავტორიტეტის, თავმოყვარეობის დაკნინება ყოველ დღე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის სურვილსაც, რომ მან უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს.

უსუფაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი სანამ პრეზიდენტ ალიევს შეატყობინებს ვიზიტის მზაობის შესახებ, უმჯობესია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ესტუმროს და გაარკვიოს, რა ხდება.

"სალომე ზურაბიშვილს მივმართავ, ხვალ მიადგეს პრემიერ-მინისტრს და ჰკითხოს: „ირაკლი, სახელმწიფოში ვცხოვრობთ ჩვენ თუ ბავშვებს ეთამაშები რაღაცას კუკუდამალობანას“, - განაცადა უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"