"როცა მე მივიღე გადაწყვეტილება რუსეთთან მოლაპარაკება დამეწყო, კრემლის ტანკები თბილისიდან 25 კილომეტრზე იმყოფებოდნენ" - ნიკოლა სარკოზის ინტერვიუ ფრანგულ გამოცემასთან - კვირის პალიტრა

"როცა მე მივიღე გადაწყვეტილება რუსეთთან მოლაპარაკება დამეწყო, კრემლის ტანკები თბილისიდან 25 კილომეტრზე იმყოფებოდნენ" - ნიკოლა სარკოზის ინტერვიუ ფრანგულ გამოცემასთან

ფრანგული გაზეთი "ლე ჟურნალ დუ დიმანში" (Le Journal du Dimanche) აქვეყნებს ექსკლუზიურ ინტერვიუს საფრანგეთის ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან სათაურით - "ემანუელ მაკრონმა რუბიკონი უნდა გადალახოს" (ესაუბრებიან ჟურნალისტები ჟერომ ბეგლე, კრისტინა ოლივიე და დავიდ რენო-დალონი).

როგორც პუბლიკაციის დასაწყისშია აღნიშნული, ნიკოლა სარკოზი 2016 წლიდან ინტერვიუს მასმედიის არც ერთ საშუალებას არ აძლევს და ამჟამად გამონაკლისს მხოლოდ Le Journal du Dimanch-ისთვის აკეთებს. იგი საუბრობს ემანუელ მაკრონის პრეზიდენტობაზე (რომელსაც ძველებურად მხარს უჭერს), საპენსიო რეფორმაზე, რუსეთ-უკრაინის ომზე, ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე, ბიზნესზე... მოკლედ, ექსპრეზიდენტი არც ერთ კითხვას თავს არ არიდებს, მათ შორის იხსენებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში შუამავლობასაც.

გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:

- ევროპაში ისევ ომი მიდის. საომარი დაპირისპირება, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს გაჭიანურდება და თუნდაც ირიბად, არაპირდაპირ, მაგრამ მაინც ახალ-ახალ მოთამაშეებს ითრევს. რამდენად უღირს საფრანგეთს დისკუსია ვლადიმერ პუტინთან?

- პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აბსოლუტურად სწორად იქცევა, რომ ცდილობს, ვლადიმერ პუტინთან კონტაქტები შეინარჩუნოს. სხვაგვარად როგორ უნდა შეჩერდეს ომი, თუ მოწინააღმდეგე მხარეებთან არავინ ილაპარაკებს? ჩვენთან და უკრაინაშიც ზოგიერთებს ომის შეწყვეტა ისე უნდათ, რომ მათთვის არასასიამოვნო პირებს არ დაელაპარაკონ. ასე საქმე არ გაკეთდება. თუმცა ადამიანურად, რასაკვირველია, კარგად მესმის, რომ ძალიან რთულია მოლაპარაკების გამართვა.

- და მაინც, როგორ შეიძლება ომის შეჩერება?

- როცა მე მივიღე გადაწყვეტილება [რუსეთის ხელმძღვანელობასთან], მოლაპარაკება დამეწყო საქართველოს შესახებ, რუსული ტანკები თბილისიდან 25 კილომეტრში იმყოფებოდნენ. ბრძოლების დაწყებიდან ორი დღის განმავლობაში მე მოვასწარი მოსკოვში ჩასვლაც და თბილისში ყოფნაც. დიახ, თუ მშვიდობისმყოფელი ხარ და ომის შეწყვეტა გსურს, ყველას უნდა დაელაპარაკო. მაგრამ უკრაინის საკითხში მე მინდა ასე ვთქვა: ძალიან ბევრი დრო არის უქმად დაკარგული. ასეთი მასშტაბის საერთაშორისო კრიზისის მიმდინარეობისას თქვენ მანევრების შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ გექნებათ, თუ სწრაფად იმოქმედებთ. ყოველი წუთის დაკარგვა ათასობით მსხვერპლს იწვევს. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის უკვე გადაულახავი ბარიერია აღმართული, რომ მხარეებს, თითქოსდა, უკვე ერთმანეთთან დიალოგი აღარ შეუძლიათ... ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია რეგიონის სიტუაციის სირთულე, რუსებისა და უკრაინელების ურთიერთობის ისტორია, პოლიტიკური პრობლემები და ერთმანეთისადმი სიძულვილის დონე, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თანდათან წარმოიქმნა. მე და ანგელა მერკელმა 2008 წელს უკრაინას ნატოში გაწევრებაზე უარი ვუთხარით. კიევის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა ხომ მოსკოვის მიერ პროვოკაციად იქნებოდა აღქმული?!

კიდევ მინდა, ხაზი გავუსვა: იმ დრამატულ სიტუაციაში, რომელშიც უკრაინა და, ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი აღმოჩნდა, მთავარი პასუხისმგებლობა ევროპელებს ეკისრებათ - იმიტომ, რომ რეგიონი ევროკავშირის პასუხისმგებლობის ზონას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება ევროპელებმა უნდა მიიღონ. სამწუხაროდ, ახლა იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მთავარ როლს აშშ ასრულებს, ევროკავშირი კი მას მისაბმელივით უკან მისდევს. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ამით ქვეყნები თავიანთ გეოგრაფიულ მდებარეობას არ შეიცვლიან: ევროპა და რუსეთი განწირულნი არიან ერთმანეთთან თანამშრომლობისათვის, მშვიდობისა და კეთილმეზობლობისათვის. მეოცე საუკუნეში ჩვენ საფრანგეთისა და გერმანიის შერიგება მოვახერხეთ, მჯერა, რომ ევროპისა და რუსეთის შერიგებასაც მოვახერხებთ. ამ პროცესში საფრანგეთმა ლიდერობა უნდა გამოამჟღავნოს.

სამწუხაროდ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, მშვიდობის ნაცვლად, უკრაინისთვის იარაღის შესყიდვით არის დაკავებული. ომი ევროკავშირის კართან მიმდინარეობს და ამ დროს რით პასუხობს ევროკავშირი? - მილიარდობით ევროს იარაღის შეძენაზე იხარჯება. მეტი იარაღი მეტ სიკვდილს, მეტ უბედურებას ნიშნავს. ჩვენ ჩვენივე შეცდომებისა და გაუთვლელობის, ემოციების, ნერვების ტყვეები აღმოვჩნდით. იმას ვერ ვაცნობიერებთ, რომ ვულკანის პირას ვდგავართ! დიახ, აუცილებელი იყო ვლადიმერ პუტინის მოქმედების დაგმობა! დიახ, ასევე, აუცილებელი იყო უკრაინისადმი მხარდაჭერა, მაგრამ ჩვენგან აუცილებელი იყო ცივი სიმშვიდის შენარჩუნებაც, მტკიცე ნებისყოფის გამოვლენა, რომ მთელი პასუხისმგებლობა გაგვესიგრძეგანებინა და ისე გვემოქმედა. ახლა კი რას ვხედავთ? დიდი ხანია, დადგა დრო, რომ სერიოზული ინიციატივა გამოვიჩინოთ, რათა, ბოლოს და ბოლოს, მშვიდობიან მომავალზეც ვილაპარაკოთ. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ