"კვარა" საოცრად შედეგიანად თამაშობს, უკვე ისეთი აჟიოტაჟია ატეხილი, ამ ზამთარსვე დაიწყება მასზე "ნადირობა" - კვირის პალიტრა

"კვარა" საოცრად შედეგიანად თამაშობს, უკვე ისეთი აჟიოტაჟია ატეხილი, ამ ზამთარსვე დაიწყება მასზე "ნადირობა"

60 წლის წინ, 1962 წლის 17 ოქტომბერს, ნონა გაფრინდაშვილი პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. სწორედ ქართული ჭადრაკის ჰეგემონიის საწყის ამ თარიღს მიეძღვნა ღონისძიება, რომელსაც ნონას სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა. იქვე გაიმართა პრეზენტაცია იუბილესადმი მიძღვნილი წიგნისა "დედოფალი", რომლის ავტორ-შემდგენელი ჟურნალისტი ლაშა გოდუაძეა. წიგნსა და უამრავ თბილ სიტყვასთან ერთად, ღონისძიების მთავარმა გმირმა საჩუქრად ხვიჩა კვარაცხელიას სანაკრებო მაისურიც მიიღო. გარდა ამისა, სექტემბრის დამდეგს ცნობილი გახდა, რომ "ნეთფლიქსთან" ნონა გაფრინდაშვილის დავა შეთანხმებით დასრულდა! "ჭადრაკის დედოფალთან" ინტერვიუ საიუბილეო ღონისძიებაზე ლაპარაკით დავიწყეთ:

- ჭადრაკის ფედერაციამ ძალიან თბილი საღამო მოაწყო - იყო წიგნის პრეზენტაცია, საჩუქრები, ბევრი თბილი სიტყვა... რაც შეეხება 60 წლის წინანდელ გამარჯვებას, პირველი ყველაფერი განსაკუთრებულია. საჩემპიონო შეხვედრაში ბიკოვას დამარცხების შემდეგ, მოსკოვი-თბილისის გზაზე საოცრებები ხდებოდა: საქართველოს ყველა სადგურზე უამრავი ადამიანი მეგებებოდა. რა დამავიწყებს იმ სიხარულსა და სითბოს?! ამაყი ვარ იმ წლებით, იმ თაობით. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით, მაგრამ საქართველო ბრწყინავდა ყველა სფეროში - მეცნიერებაში, კულტურაში, სპორტში... იმდროინდელი ჯილდოები უმნიშვნელო იყო, ჩვენი მთავარი მონაგარი ხალხის სიყვარული გახლდათ და ეს დღემდე გრძელდება. ამიტომაც კიდევ ერთხელ ვეუბნები მადლობას საიუბილეო ღონისძიების ორგანიზატორებსა და წიგნის ავტორებს თბილი, გემრიელი საღამოსთვის.

- 80 წლის იუბილეზე საჩუქრად მიიღეთ ლიონელ მესის მაისური მისი ავტოგრაფითა და წარწერით: "ნონა, დაბადების დღეს გილოცავ!" თუმცა არანაკლებ გაგახარებდათ ხვიჩა კვარაცხელიას სანაკრებო მაისურიც, რომელიც ახლახან საიუბილეო საღამოზე გადმოგცეს...

- მესის მაისურისგან განსხვავებით, ხვიჩას ფორმას წარწერა აკლია - როცა თბილისში დაბრუნდება, ავტოგრაფს მაშინ დამიტოვებს. სხვათა შორის, სწორედ დღეს მოვისმინე, რომ კვარაცხელია უკვე დასახელდა 2023 წლის "ოქროს ბურთის" 20 სავარაუდო პრეტენდენტს შორის! მანამდე დიდი დროა, მაგრამ თუნდაც ამაზე ლაპარაკი უკვე ფანტასტიკური აღიარებაა ახალგაზრდა მოთამაშისთვის, რომელიც არც წლევანდელ მუნდიალზე ითამაშებს და საერთოდაც, ევროპულ ფეხბურთში სულ ახლახან გამოჩნდა. არადა, ხვიჩა მართლაც სასწაულებს აკეთებს. "ბოლონიასთან" მატჩში საოცარი გადაცემებით დაგვამახსოვრა თავი. "ნაპოლის" თამაშიც ძალიან მომწონს. ხვიჩას ნამდვილად გაუმართლა, რომ ასეთ კარგ გუნდში მოხვდა და ორგანულად შეუერთდა ახალ კოლექტივს. ნეაპოლელები დაუმარცხებლად აგრძელებენ თამაშს (ინტერვიუ ჩაწერილია 20 ოქტომბერს - რ.შ.) სერია ა-შიც და ჩემპიონთა ლიგაზეც და რაც მთავარია, ლამაზ, ლაღ ფეხბურთს თამაშობენ!

- ყველაფერზე მეტად ჩვენ ის გვიხარია, რომ წარმატებული სერიის ერთ-ერთი შემოქმედი კვარაცხელიაც არის.

- "კვარა" პირველივე დღიდან საოცრად თავდაჯერებულად, შედეგიანად თამაშობს და ჯერ ერთი ტურიც არ ჩაუგდია. ეს იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა სწორად ხედავს პრიორიტეტებს, იცის, რაზე იმუშაოს. მესისა და რონალდუს წლები ემატებათ, ყველა ტიტული მოიგეს და მაინც ბოლომდე იხარჯებიან. სწორედ ეს არის პროფესიონალიზმი. ქართველებმა კი რამდენი ნიჭიერი მოთამაშე დავკარგეთ? ნებისყოფა, შრომისმოყვარეობა არ ეყოთ და ამიტომ... შევჩენკოს და აზარის მაგალითიც კმარა - ახალ კლუბებში შესაძლებლობების ნახევარიც ვეღარ გამოავლინეს. ხვიჩაზე უკვე ისეთი აჟიოტაჟია ატეხილი, ამ ზამთარსვე დაიწყება მასზე "ნადირობა", მაგრამ, ჩემი აზრით, რამდენიმე სეზონი მაინც უნდა დარჩეს ნეაპოლში. გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვხედავთ, რომ "კვარა" სპალეტის დარიგებებს ითვალისწინებს და "ბოლონიასთან" საოცარი, ძალიან ზუსტი პასები გააკეთა.

- საქართველოს ნაკრების თამაშიც მოგწონთ?

- ძალიან იმედიანად ვარ! ძირითადი შემადგენლობის ნახევარზე მეტს ახალგაზრდა ფეხბურთელები შეადგენენ, რაც ნიშანდობლივიც არის და ძალიან სასიამოვნოც. ისიც მომწონს, რომ ეროვნულ ნაკრებში უკვე კონკურენციაა თითქმის ყველა სათამაშო პოზიციაზე. სანიოლის მუშაობითაც კმაყოფილი ვარ: დისციპლინა და სიმკაცრე ყველას სჭირდება. სხვათა შორის, ნიჭიერ ფეხბურთელებს სხვებზე მეტად!

- საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვარგუნა წილისყრამ "ევრო-2024"-ის შესარჩევ ეტაპზე. სწორედ აქ უნდა გამოჩნდეს საქართველოს ნაკრების რეალური ძალა.

- ჩვენმა გუნდმა მოუმატა და კიდევ გაძლიერდება. ხელწამოსაკრავი მეტოქეები არც ერთა ლიგაზე გვყოლია, ასე რომ, ჩვენი მოთამაშეები კარგ ფსიქოლოგიურ კონდიციაში არიან, თავდაჯერებას კი დიდი მნიშვნელობა აქვს. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვრცელი ინტერვიუ სრულად