კადიროველებს ხერსონში "სტუმრად" უკრაინელების "ჰაიმარსი" ეწვია... - კვირის პალიტრა

კადიროველებს ხერსონში "სტუმრად" უკრაინელების "ჰაიმარსი" ეწვია...

რამზან კადიროვის ოდიოზური ფიგურიდან გამომდინარე, რომელიც თავისი საჯარო ანტიუკრაინული გამოსვლებით თვით ყველაზე ცნობილ უკრაინოფობ ტელეწამყვანს - სოლოვიოვსაც კი სჯობნის, დიდ ინტერესს იწვევს უკრაინასთან ომში გაგზავნილი "კადიროვის მებრძოლების" მოქმედებები.

ზოგი მათ "ტიკ-ტოკ"-ის მეომრებად მოიხსენიებს, რადგან მათ სოციალური ქსელებით არა ერთხელ გაავრცელეს დადგმული ბრძოლების კადრები, როდესაც გამანადგურებელ ცეცხლს ხსნიან საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით, სადაც მოწინააღმდეგე საერთოდ არ იმყოფება, სამაგიეროდ კი, ვიდეოში ხომ ეფექტიანად მოჩანს ავტომატებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ჯერებით სროლა...

ზოგიც კადიროვის მებრძოლების მოქმედებას მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა ნკვდ-ს გადამღობი რაზმების ტაქტიკას ადარებს, როდესაც ისინი ზურგში განლაგდებოდნენ და ფრონტის ხაზიდან გამოქცეულ თავისივე ჯარისკაცთა ჯგუფებს ტყვიამფრქვევების ცეცხლით სხეპდნენ...

ასეა თუ ისე, "კადიროველები" რამდენიმე ათასი მებრძოლის სახით იმყოფებიან რუსეთ-უკრაინის ომში და ამ ფაქტორის გათვალწინება უწევს უკრაინის არმიის სარდლობას, უფრო მეტიც - კადიროვის მიერ ჩეჩნეთიდან უკრაინაში გაგზავნილ მებრძოლებზე უკრაინელ სამხედროებს, ასევე, ინტერნაციონალური ლეგიონის წევრებს, მათ შორის - ქართველებსაც, ცალკე, წერტილოვანი "ნადირობა" აქვთ გამოცხადებული...

24 ოქტომბრის საღამოს ხერსონის ოლქის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში სწორედ ასეთი "ნადირობის" წარმატებული შედეგი დაიდო - სკოლის შენობა ნაწილობრივ დაინგრა უკრაინელების "საჩუქრის", სავარაუდოდ, "ჰაიმარსის" მართვადი რაკეტის ზუსტი "სტუმრობის" შედეგად...

2-kad-1666687477.jpg
უკრაინული „ჰაიმარსის“ ზუსტი მოხვედრით დანგრეული შენობა, რომელშიც, სავარაუდოდ, 40-მდე „კადიროველი“ დაიღუპა, ასზე მეტი კი - დაიჭრა...

თვით ფაქტი, რომ რაკეტა სკოლის შენობას მოხვდა, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ამ სკოლის შენობიდან რუს ოკუპანტებს მოსწავლე-მასწავლებლები დიდი ხნის გარეკილი ჰყავდათ და იქ თავისი ბაზა ჰქონდათ მოწყობილი, ყველაფერს კარდინალურად ცვლის.

უკრაინელების სარაკეტო დარტყმის შედეგად ნახევრად დანგრეული ორსართულიანი შენობიდან გამოყვანილი კონტუზირებული სამხედროები ვიდეოკამერის წინ ხარობენ გადარჩენას, ეჭვს არ იწვევს, რომ ისინი ჩეჩნეთიდან ჩასული "კადიროველები" არიან...

მაგრამ ვიდეოკადრებში გამოჩენილი ხუთიოდე კონტუზირებული "კადიროველის" გარდა, იმ შენობაში კიდევ ასზე მეტი ოკუპანტი იმყოფებოდა, რომლებიც ე.წ. ნავთობპოლკს - ნავთობგაზის კოპლექსის ობიექტების არასაუწყებო დაცვის - "როსგვარდიის" ჩეჩნეთის სამმართველოს პოლიციის პოლკს წარმოადგენდნენ.

წინასწარი მონაცემებით, უკრაინელების ზუსტი სარაკეტო დარტყმის შედეგად, ამ შენობაში განადგურებული იქნა 40-მდე "კადიროველი", ასზე მეტი კი - დაიჭრა...

მართალია, კადიროვი ყველანაირად დამალავს მისი მებრძოლების დაღუპვის ამბავს, მაგრამ თუკი ეს ციფრები შემდგომ დღეებში დადასტურდა, გამოვა, რომ პუტინის ერთგულ ჯარისკაცს - კადიროვს ამ ომში უკრაინელების ერთი დარტყმით ყველაზე მეტი მებრძოლი დაუკარგავს...