ლუსტრაცია საქართველოში: როცა კითხვა პასუხზე მეტია - კვირის პალიტრა

ლუსტრაცია საქართველოში: როცა კითხვა პასუხზე მეტია

ლუსტრაციის პრობლემა ძალზე რთული და სათუთია. სამწუხაროდ საქართველოში ამ საკითხმა სამართლებრივი სიბრტყიდან საგაზეთო სენსაციების, პოლიტიკური დაპირისპირებისა და პოლიტიკური ვაჭრობის სფეროში გადაინაცვლა. მრავალი წელი გავიდა, მაგრამ კა-გე-ბეს არქივების შესწავლისა და აგენტურის ლუსტრაციის პრობლემა კვლავ არაა გადაწყვეტილი. ეს კი მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზებითაა გამოწვეული. როდესაც ვამბობთ, რომ ლუსტრაციის პროცესი სამწუხაროდ დაგვიანებულია, მხოლოდ სამართლებრივი საკითხები არ გვაქვს მხედველობაში. სპეცსამსახურების საქმიანობაში ოდნავ მაინც ჩახედულისთვისაც კი კარგადაა ცნობილი, თუ როგორ მუშაობენ ეს სამსახურები. საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის და საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ სამმართველოს ფარული თანამშრომლობის მრავალი ფორმა ჰქონდათ. თავიდან, რომ ავიცილოთ რაიმე გაუგებრობა, პირობითად ყველას "აგენტად" მოვიხსენიებ, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მათი მუშაობის სპეციფიკა, პასუხისმგებლობის ხარისხი და ცოდვების სიმძიმე საკმაოდ განსხვავებული იყო.

აგენტის მომზადება ხანგრძლივი პროცესია: წლობით ხდება "კანდიდატის" "გაზრდა", დახმარება (ფინანსებით და პროტექციით) სწავლის პროცესში, შემდეგ კი უკვე ყველაზე მთავარი აგენტის „ჩანერგვაა" და ამ დროს სპეცსამსახური არის სამიზნე . ასე რომ ერთ-ერთი მთავარი კითხვაა: ვინ ჩაატარებს ლუსტრაციას? ისე არ გამოვიდეს, რომ ცხვრების დაცვა მგლებს ვანდოთ!

რა დასამალია და ჩვენს ქვეყანაში ლუსტრაციის ურთულესი საკითხებისადმი, ცოტა არ იყოს, დილეტანტური მიდგომა დამკვიდრდა. სამწუხაროდ ლუსტრაციის პროცესი ზოგს არასწორად ესმის და პირდაპირ უკავშირებს დღეს მოქმედი უცხო ქვეყნების აგენტურის გამოვლენას, რაც არასწორია. ეს პროცესი ორი ეტაპისგან შედგება: ერთია უკვე ისტორიული მნიშვნელობის არქივების განსაიდუმლოება, რაც მეცნიერებისა და უშუალოდ რეპრესირებულთა (აგრეთვე მათი ოჯახის წევრების) ინტერესთა სფეროშია. ისტორიული არქივების განსაჯაროების და საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოების დადებითი მომენტი ისაა, რომ გაირკვეს ისტორიული სიმართლე, არ დამახინჯდეს ფაქტები და მოვახდინოთ საბჭოთა პერიოდში საქართველოს სსრ სუკ-ისა და საბჭოთა სპეცსამსახურების (საკავშირო სუკი და გე-ერ-უ) მუშაობის მეთოდების ამსახველი დოკუმენტების შესწავლა.

მეორე ეტაპზე კი ის უნდა დადგინდეს ძველი აგენტურა უკვე საქართველოს დამუკიდებლობის პერიოდში ჩვენმა მტერმა ხომ არ გადაიბირა. ლუსტრაციის პროცესის ხელოვნური გაჭიანურება ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგეების წისქვილზე ასხამს წყალს. გაუშიფრავი ყოფილი აგენტურა და მათი შთამომავლები ფარული შანტაჟის წნეხის ქვეშ არიან, რის გამოც უნდათ, თუ არ უნდათ კვლავ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებების შესრულება უწევთ. ძველი აგენტურის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების სასარგებლოდ ამჟამად მუშაობის გამოვლენა კი, უკვე ჩვენი კონტრდაზვერვის სამსახურის "გასამარგლი ბოსტანია".

თუ არქივებში არსებული მასალებით იკვეთება ჩვენი მოქალაქეების თანამშრომლობა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის პერიოდში, მაშინ რას აკეთებენ ჩვენი უშიშროების ორგანოები და რატომ არ იღებენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს? უცხო ქვეყნის ჯაშუშების საქმიანობის აღკვეთა ახალი, ლუსტრაციის კანონის მიღებას არ საჭიროებს, რადგანც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314 მუხლი გასაზღვრავს, თუ რა სასჯელი უნდა დაეკისროს სხვა ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს. კანონონის აღსრულება და ჯაშუშების გამოვლენა კი საქართველოს სპეცსამსახურების უპირველესი მოვალეობაა.

ამავე დროს გასათვალისწინებელია ლუსტრაციის პროცესში დაშვებული შეცდომის შედეგად მოსალოდნელი უმძიმესი მორალური, იურიდიული და პოლიტიკური ნეგატიური შედეგები. კომუნისტურ ეპოქაში არსებული მრავალი თავისებურებაა ამ დროს მხედველობაში მისაღები. თავიდანვე უნდა გავარკვიოთ რა არის ჩვენი მიზანი: იმის დადგენა, ამ 30-40 წლის წინ ვინ დაჰყვებოდა ტურისტულ ჯგუფებს უცხოეთში სუკ-იდან ფარულ მეთვალყურედ და ვინ წერდა შემდეგ ცნობებს სტრიპტიზბარებში შეპარულთა შესახებ, თუ ის უნდა გავარკვიოთ, მაშინდელი ფარული თანამშრომელი საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ დაშანტაჟებით ხომ არ გადაიბირა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა და დღესაც, ის ან მისი ოჯახის წევრი, ხომ არ მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ. ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ მეორე კითხვაზე პასუხის გაცემაა დღეს აქტუალური.

სავსებით რეალურია, რომ ლუსტრაციის პროცესის გაუაზრებლად და ნაჩქარევად დაწყების შედეგად წარმოქმნილი პოლიტიკური და სოციალური არასტაბილურობა და დაძაბულობის საერთო ფონი გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესებში და დეზინფორმაციული განცხადებებით "ამღვრეულ წყალში" თევზი დაიჭირონ. მერე კი ბევრს მოუწევს იმის მტკიცება, რომ "აქლემი არ არის" ანუ კა-გე-ბესთან არ თანამშრომლობდა. ვინც ბევრს ლაპარაკობს ლუსტრაციაზე, აგენტების გამოვლენაზე და სხვის შესაძლო აგენტობაზე, რატომღაც ჰგონია, რომ ეს მის ინდულგენცია იქნება.

ლუსტრაციის პროცესში ძალზე დიდია პოლიტიკური ანგარიშსწორების ცდუნება. მაგალითად ჩვენი უკრაინელ მეგობრები ლუსტრაციას „პოლიტიკური რევანშისა" და პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორების იარაღად იყენებდნენ.

უკრაინაში კი 2014 წლიდან მოქმედებს „ლუსტრაციის სამოქალაქო კომიტეტი". მისი ყოფილი თავმჯდომარე ოლექსანდრა დრიკი, ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა:

11-1666693201.jpg
ოლექსანდრა დრიკი

„ . . . უკრაინაში ლუსტრაცია . . . . . გულისხმობს ხელისუფლებიდან გარკვეული ხალხის ჩამოშორებას, თუ ისინი იყვნენ იანუკოვიჩის პერიოდის არადემოკრატიული რეჟიმის წევრები, თუ მხარს უჭერდნენ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიის" ძალადობრივ ქმედებებს ევრომაიდნის დროს, თუ არიან უკრაინის კომუნისტური საბჭოთა წარსულის ნაწილი და თუ კავშირი ჰქონდათ უშიშროების სამსახურებთან - როგორც კაგებესთან, ისე ეფესბესთან, რუსეთის უშიშროების ამჟამინდელ სამსახურთან". აქ ერთადაა არეული პოლიტიკური ანგარიშსწორება და მოწინააღმდეგის აგენტურის გამოვლენა, ამგვარი მიდგომა კი საზოგადოების ერთიანობას ნამდვილად არ წაადგება, არც უკრაინაში და არც საქართველოში. ყინული რომ დაიძრას პირველ ეტაპზე საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ მიიღოს 1921-1991 წლებში საბჭოთა სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდების ამსახველი დოკუმენტებისა და კა-გე-ბეს აგენტურის (ოპერატიული ფსევდონიმებით მაინც) გამოქვეყნების გადაწყვეტილება.

ჩვენ წინაპრებს უთქვამთ: "თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევაო".

მოდით თანდათანობით განათავსეთ ინტერნეტში სკანირებული სახით ეს საარქივო დოკუმენტები, დაე საზოგადეობამ თავად შეისწავლოს და დასკვნებიც თავად გამოიტანოს. აღარაა საკმარისი თუნდაც 1937 წლის რეპრესიების ამსახველი დოკუმენტების "საარქივო მოამბეში" დაბეჭდილი დოზირებული "ანალიზი" ან "ბაგაზე მიბმული" ექსპერტებისა თუ რეჟისორების ‘სენსაციური" ექსკლუზივები. საზოგადოებას უფლება აქვს თავად გაეცნოს ამ დოკუმენტებს და დასკვნებიც თავად გააკეთოს!

ლიეტუველთა მაგალითით გვეჩვენებინა, რომ არქივებში არსებული საქართველოს სუკ-ის ისტორიული დოკუმენტების სკანირება და ინტერნეტში გამოქვეყნება სავსებით შესაძლებელია და ამას რაიმე განსაკუთრებული მატერიალური და შრომითი დანახარჯები არ ჭირდება. საჭიროა მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური ნება!

პ.ს. თვითლუსტრაციის „კარგი" მაგალითები ჩვენს ირგვლივ ძალზე ბევრია. შორს წასვლა არ დაგვჭირდება: აბა გადახედეთ სოციალურ ქსელებს და დაინახავთ, თუ ერთ დღეს, ერთ თემაზე სხვადასხვა მიმართულების რამდენიმე „ექსპერტი" როგორ დებს ერთი და იგივე შინაარსის ტექსტს. „მესიჯ-ბოქსებით" მართული „ექსპერტების" ანაზღაურებაც არაა საიდუმლო.

(დასასრული)