ჭიამაიას "ჰოსტელი" ვენახში
ბიომეურნეობა უფრო ხედვაა, პროცესი, რომელიც გულისხმობს ნიადაგის სწორად დაცვას, ხვნას, წამლობას, ხოლო თუ ვენახზეა საუბარი, იქ თუნდაც "სასტუმრო სახლების" ჩადგმა სასარგებლო მწერების მოსაზიდად და საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად საუკეთესო საშუალებაა. მაგალითად, ობობა უამრავი ბუგრის მომნელებელია, ჭიამაიაც ბუგრებით იკვებება, ფუტკარი კი დამტვერვაში დიდ როლს თამაშობს.
ამჯერად ვენახში სწორედ ჭიამაიების როლზე იურისტ გიორგი მშვენიერაძესთან ვსაუბრობთ. ის ოჯახთან ერთად მშობლიურ სოფელში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროში უვლის ვენახს, აყენებს ნატურალურ ღვინოს, რომლის გასინჯვა შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში. როგორც ბატონი გიორგი ამბობს, ვენახის მოვლა და ღვინის დაყენება დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
- ბუნებრივი მეღვინეობა და საზოგადოდ, სოფლის მეურნეობა, არა მარტო დარგი, არამედ ფილოსოფიაცაა. ამ საქმეს მხოლოდ იმიტომ კი არ აკეთებ, რომ ხარისხიანი ყურძენი გქონდეს, არამედ იმიტომ, რომ გარემოს გაუფრთხილდე. ამიტომ ცდილობს ნებისმიერი მევენახე შხამქიმიკატი ნაკლებად გამოიყენოს ვენახში. თუმცა ისეთი პრეპარატების გამოყენებას ვერ ავცდებით, მაგალითად, როგორიც არის ბორდოს ხსნარი, რომელიც ჭრაქისგან სამკურნალოა, ან გოგირდი - ნაცრის სამკურნალოდ.
მეორე მხრივ, არის სოკოვანი დაავადებები, რომლებიც ძლიერდება, იმუნიტეტს გამოიმუშავებს და ყოველწლიურად ამ პრეპარატებს სულ მეტს და მეტს მოითხოვენ. სხვა ტიპის მავნებლებს ან მწერებს შეგვიძლია მათი ბუნებრივი მტრების გამრავლებით ვებრძოლოთ. მათ შორის არიან სწორედ მტაცებელი მწერები. ისინი იკვებებიან არა მცენარით, არამედ მცენარეზე მცხოვრები სხვა მწერების კვერცხებით, ან თავად სხვა მწერებით. შესაბამისად, მევენახე დაინტერესებული უნდა იყოს იმ მწერების გადარჩენით, რომლებიც არა ვაზს, არამედ ვაზზე არსებულ მავნებლებს, მავნე მწერებს ანადგურებენ. ასეთთა შორისაა ჭიამაია, რომელიც ადრე გაზაფხულზე კვირტის ტკიპას კვერცხებით იკვებება. ამიტომ, თუკი ვენახში ბევრი ჭიამაია ჰყავთ, ამ ტკიპების მოსაშორებლად შეიძლება უარი თქვან პირველ წამლობაზე. ეს ეკონომიკურადაც გამართლებულია, წამალს ნაკლებს ყიდულობ. მწერები, რომლებიც იკვებებიან სხვა მწერების კვერცხებით, ანუ სხვა მწერებს ანადგურებენ, შენი მეგობრები არიან.
- მოკლედ, ჭიამაია ვენახში "სანიტრის" ფუნქციას ასრულებს...
- ასე ვთქვათ. თუკი კარგად გესმის ბუნების, შენი მიზანია ამ ბალანსის ხელშეწყობა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თუ 100%-ით იცავ ბალანსს, პრობლემა აღარ გექნება.
- როგორც ჩანს, ამოსუნთქვის საშუალებას მაინც იძლევა და ეს ბუნებრივი მეთოდი ამართლებს...
- ცხადია, ამართლებს. მინერალური სასუქების გამოყენება ანადგურებს ბიომასას, აფუჭებს. კი, მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია მისი გამოყენება, მაგრამ საბოლოოდ სპობს ვენახის ხარისხს, ყურძნის სიცოცხლისუნარიანობას, ბიომასასა და ჯანსაღ გარემოს. ამიტომ ჩვენი მიზანი ჭიამაიების შენარჩუნებაც უნდა იყოს.
- ლამაზი და ხშირად პოეტური პერსონაჟი ჭიამაია თურმე როგორი ძლიერი ყოფილა.
- როდესაც ეს წავიკითხე, ცოტა უტოპიურად მეჩვენა, მაგრამ ჩვენ "სასტუმრო სახლებს" (ხის სპეციალური სახლები) ჭიამაიებს ვენახში ვუდგამთ - დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზე საშუალოდ ერთ სახლს. ეს მათთვის დამატებითი ხელშეწყობაა. თუკი ვენახში ჭიგოები ან სარები გვაქვს, ეს როგორც მავნებლებისთვის, ასევე სასარგებლო მწერებისთვისაც ერთგვარი თავშესაფარია. მწერები ვენახში არიან, მაგრამ როცა ზამთარი დგება, სიცივე, ყინვა პოპულაციას სპობს, "სასტუმროებში" კი მათ აქვთ სივრცე, სადაც შეუძლიათ გადარჩნენ, სადაც გაზაფხულამდე დარჩებიან.
ბოლო წლებია არც ერთ ჭიაზე არ გამოგვიყენებია ქიმიური ხსნარები. ეს ჭიამაიების დამსახურებაცაა და სხვა კომპლექსური ღონისძიებებისაც. "სასტუმრო სახლების" დამონტაჟება 2019 წელს დავიწყეთ, უკვე სამი წელიწადია. ჩვენ ხომ ყოველდღიურად ვსწავლობთ, ვცდილობთ განვითარებას, ეს მეთოდი კი სოფლის მეურნეობაში, ბიომევენახეობაში ერთ-ერთ ბუნებრივ საშუალებად გამოიყენება. ეს ჩვენი განვითარების ერთ-ერთი ეტაპი იყო.
- წლევანდელი რთვლით კმაყოფილი ხართ?
- დასავლეთ საქართველოში წლეულს ცუდი წელიწადი იყო. გაზაფხულისა და ზაფხულის პირველ ნახევარში ჭარბი ნალექიანობისა და ტენიანობის გამო ვენახები ჭრაქმა დააზიანა. ამიტომ მოსავლის ნახევარი დავკარგეთ. ამასთან, ცოლიკაურის ფასმა მოიმატა - შარშან თუ ბაზარზე 1,3 ლარი ღირდა, წლეულს 3 ლარამდე იყო.
ვარდის როლი მევენახეობაში
გარდა ჭიამაიისა, ვაზის დაავადებების პრევენციის საუკეთესო საშუალებად ვენახში ვარდიც ითვლება. ამას მეღვინეობის კომპანიის ხელმძღვანელი აკაკი ცოფურაშვილიც ადასტურებს: "ვარდს გარკვეული როლი აქვს მევენახეობაში და ჩვენთან მწკრივების თავში ყველგან ვარდია დარგული. მევენახეები ვარდს ევროპაშიც რგავენ და ეს ტრადიცია საქართველოშიც დიდი ხანია დამკვიდრებულია".
ვარდის შესახებ ეს მოსაზრება არაერთი მევენახისგანაც მსმენია და ვენახში ეს ლამაზი ყვავილი თავადაც მინახავს. ასე რომ, მას რიგებში მხოლოდ გარემოს გასალამაზებლად არ რგავენ, ის თურმე ვაზის დაავადებებით შედარებით ადრე ავადდება, ეს კი სიგნალს იძლევა, რომ ვენახი დროულად უნდა შეიწამლოს. როდესაც მევენახე ხედავს, რომ ვარდს ჭრაქის დაავადების ნიშნები აქვს, ვენახს წამლავს და ამ გზით ვაზის დაავადებას თავიდან ირიდებს.
ამ საკითხზე გიორგი მშვენიერაძეს ასეთი აზრი აქვს: - დაახლოებით ეგრეა. ვარდს ნაცარი უფრო ადრე ემართება, ვიდრე ვენახს. თუკი ვარდის ფოთლებზე ნაცარს შევნიშნავთ, ამან შეიძლება მიგვანიშნოს, რომ შეიძლება ვენახიც დაავადდეს. ვენახსა და ვარდზე ნაცარს სხვადასხვა ტიპის სოკო წარმოშობს. მათ გავრცელებას კი ტენიანობა, ტემპერატურის ცვალებადობა უწყობს ხელს. თუ გარემო ფაქტორები გავლენას ახდენს ვაზის სოკოზე, გავლენას ახდენს ვარდის სოკოზეც. ამიტომ ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ ვენახის თავებში დარგულ ვარდს თუ ნაცარი გაუჩნდება, ეს ნიშნავს, რომ ნაცარი ვენახსაც დაემართება. ეს უფრო ამინდის პროგნოზის მსგავსია, ტენდენციის მიმართულებს აჩვენებს. თუმცა ცხადია, ზომების მიღება მაინც საჭიროა.
ლალი ფაცია