როგორ გავარჩიოთ ნაღდი ჩურჩხელა პეტიო ანუ ტყუილი ჩურჩხელისგან - კვირის პალიტრა

როგორ გავარჩიოთ ნაღდი ჩურჩხელა პეტიო ანუ ტყუილი ჩურჩხელისგან

როგორ უნდა ამოვიცნოთ ნამდვილი ჩურჩხელა? დღეს ეს კითხვა ბუნებრივია, თუმცა ისეთი დროც იყო, როდესაც ჩურჩხელის ფალსიფიკაცია აზრად არავის მოუვიდოდა. მიზეზებზე ამჯერად არ ვისაუბრებთ, შევეცდებით განვმარტოთ, როგორ მზადდება ხარისხიანი ჩურჩხელა. გვესაუბრება ნანა მამალაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყიდან. ახალგაზრდა ქალმა სამი შვილის გაზრდასთან ერთად ხარისხიანი ჩურჩხელით ოჯახის ფეხზე დაყენებაც მოახერხა. ყველაფერი იმ რთულ წლებში დაიწყო, როდესაც არც მის ოჯახს ულხინდა.

ნანა მამალაშვილი: - შვილები მძიმე წლებში გამოვზარდე. ხელმოკლედ ვცხოვრობდით, როცა ახალ სახლში გადავედით, ყველაფერი შესაძენი გვქონდა, თუმცა ბავშვებისთვის ჩურჩხელა არ მომიკლია. მუდამ მქონდა ბადაგი და ახალ-ახალ ჩურჩხელას ვავლებდი. მათ კი ერთხელაც მოჰბეზრდათ ამდენი ჩურჩხელა და იქით აღარ გაიხედეს. შევწუხდი, რაც უნდა ხარისხიანი იყოს ჩურჩხელა, თვეობით ხომ არ შეინახავ, ამიტომ ერთხელაც ლილოში წავიღე და სხვადასხვა პატარ-პატარა ნივთზე გადავცვალე. ამან სტიმული მომცა. თავადაც ხომ ვიცოდი, რომ ჩემი ჩურჩხელა კარგი იყო, მაგრამ ვისაც გადავუცვალე, ლილოში კვლავ რომ მივედი, ყველამ სათითაოდ მკითხა, ჩურჩხელა ისევ ხომ არა გაქვსო. აი, მაშინ გადავწყვიტე ჩურჩხელების გაყიდვა. მართალია, შედარებით მცირე ფასი ჰქონდა, მაგრამ ეს შემოსავალი მალე დაგვეტყო. უმაღლესი განათლებით ვართ, მაგრამ მე და ჩემს მეუღლეს არც მაშინ გვქონდა სამსახური, არც ახლა გვაქვს, ამიტომ ჩვენი შრომით უნდა გვერჩინა თავი. მადლობა ღმერთს, ფეხზე ნელ-ნელა წამოვდექით. შვილებიც დავზარდეთ და ყველაფერი აუცილებელიც შევიძინეთ, მათ შორის ჰექტარ-ნახევარი ვენახი, საიდანაც ყოველწლიურად რქაწითლის 300-350 ლიტრ ბადაგს ვინახავ ჩურჩხელებისთვის. ჩურჩხელა ისევ ჩვენი შემოსავლის წყაროა.

- იმდენად ძნელია ნამდვილი ჩურჩხელის გარჩევა ცრუსგან, უამრავ ადამიანს უცრუვდება იმედი, ფასს კი ხშირად იმავეს იხდის.

- თავადაც ვხედავ, როგორ ამზადებს ხალხი ცრუ, ე.წ. პეტიო ჩურჩხელას. მონაწილეობა მეც შემომთავაზეს, თუმცა ამას თუნდაც იმიტომ ვერ ვიზამ, რომ ათეული წლებია ხარისხიან ჩურჩხელას ვამზადებ. ჩვევა არ მომცემს სიყალბის საშუალებას, ხელი არ დამემორჩილება.

გეტყვით, რა სჭირდება ნამდვილი ჩურჩხელის დამზადებას და რატომ ღირს შედარებით ძვირი. ბადაგით დავიწყოთ. ჩემი 1,5-ჰექტარიანი ვენახიდან დაახლოებით 450 ლიტრ ბადაგს ვადუღებ, რომელიც 300 ლიტრზე დამყავს - ანუ ბადაგის 48-ლიტრიან ქვაბში საბოლოოდ 28 ლიტრი საჩურჩხელე ბადაგი მრჩება.

churchxela2-1666772485.jpg

- ესე იგი, დაუდუღარი ყურძნის წვენით ნამდვილი ჩურჩხელა არ კეთდება?

- არა, არ კეთდება. დუღილისას ბადაგის მესამედი მაინც უნდა აორთქლდეს. მხოლოდ ასეთი ბადაგისგან გამოდის ნამდვილი ჩურჩხელა. დუღილისას ბადაგი იჟანგება, სიმჟავე ნეიტრალდება და ის ნივთიერებები რჩება, რომლებიც ჩურჩხელის ყუათიანობასა და გემოს განაპირობებს. ბადაგი იმდენად დაშაქრებული უნდა იყოს, რომ შაქრის დამატება არ დასჭირდეს. ფქვილი აუცილებლად რუხი და თეთრი ფქვილის ნარევი უნდა იყოს, რუხი ფქვილი ჩურჩხელას სილბოსა და სინაზეს ანიჭებს. თათარა პირველი წამოდუღებიდან ორ საათს აუცილებლად უნდა ადუღო. ამ დროს ჩოგნის ფსკერამდე მორევა აღარ არის საჭირო. თათარას მსუბუქად უნდა ვურიოთ, რათა ერთგვაროვან, ფაფუკ და ნაზ მასად იქცეს.

- გამოდის, თათარას დუღილისას ჩოგანიც ორ საათს განუწყვეტლივ გიჭირავთ ხელში.

- უფრო მეტხანსაც, რაშიც ოჯახის წევრები მეხმარებიან მეუღლის ჩათვლით. ნიგოზიც ხარისხიანი უნდა იყოს. არასოდეს დამავიწყდება, როცა შევცდი და ჩურჩხელისთვის უკრაინული ნიგოზი შევიძინე. თავიდან მომძაღო გემო თითქოს ვერ შევატყვე, მაგრამ როდესაც ჩურჩხელა ამოვავლე, თავზარი დამეცა, იმდენად უგემური იყო. ტრანსპორტირება და დიდხანს შენახვა ნიგოზზე კარგად ნამდვილად არ მოქმედებს. ამ ყველაფერს თუ შეკრებ და სწორად გააკეთებ, ნამდვილი ჩურჩხელაც გამოგივა.

- ყალბი ჩურჩხელის ამბავიც მაინტერესებს. თქვით, რომ მას პეტიოს უწოდებენ.

- კი, პეტიოს ანუ ტყუილ ჩურჩხელას. სხვათა შორის, ბევრი აკეთებს და არც მალავს. ჩვენს გზებზე გამოტანილ ჩურჩხელათაგან უმრავლესობა პეტიოა. აბა, ფერადი, მწვანე, ლურჯი და წითელი ჩურჩხელები საიდან მოდის? საკვები საღებავებით კეთდება, მხოლოდ ფქვილსა და წყალზე. 40 ლიტრ წყალზე 12 კილოგრამი შაქარი და 10 კილოგრამი ფქვილი იხარჯება, რომელსაც ნაირ-ნაირი ფერი საკვები საღებავი ემატება. საბოლოოდ ამ მასიდან დაახლოებით 300-მდე ჩურჩხელა გამოდის, რომელსაც შიგთავსად რამდენიმე ლებანი ნიგოზი ან თხილი აქვს. ნიგოზსა და თხილს წინასწარ სახამებელში ავლებენ, რათა ძაფზე ასხმისას ადგილზე დაფიქსირდეს და ერთმანეთთან მჭიდროდ არ იყოს მიჯრილი. ასეთი ჩურჩხელა ორ ლარადაც იყიდება, რაც ცხადია, მოგებაა, მასზე ხომ არც დიდი რაოდენობით ნიგოზი იხარჯება და არც ბადაგი. ხან უფრო ძვირადაც ყიდიან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფერი ნამდვილი ჩურჩხელისას ჰგავს.

- ალბათ, წელიწადში 2000 ჩურჩხელას მაინც აკეთებთ და თითებიც გეჩხვლიტებათ.

- კი, ასეა, მაგრამ ვის ავუტირდე. ჩვენს ოჯახში ყველა შრომობს, ბავშვებიც კი, მაგრამ საბოლოოდ მაინც გამოდის, რომ ჩურჩხელა ძალიან გვეხმარება. განსაკუთრებით ახალ წელს, როდესაც ბავშვებისთვის ყველაფერს ვყიდულობ. ამიტომაც გამუდმებით ვშრომობ. თვეების წინ ურთულესი კოვიდი გადავიტანე, აბასთუმანში დამჭირდა წასვლა სამკურნალოდ. ცოტა რომ მოვკეთდი, ნიგოზი იქაც ვიყიდე და 400-მდე ჩურჩხელა ავასხი. მერე, რა თქმა უნდა, კახეთში ამოვავლე. შინ მეუბნებიან, გაჩერდი, ნუღარ შრომობო, მაგრამ არ გამოვა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უამრავი კლიენტი ელის ჩემგან ჩურჩხელას, რომელთა შეხმიანება მახსენებს, რომ ჩემს შრომას შედეგი აქვს, და ეს მახარებს.

- ფირმების ჩურჩხელებზე რას იტყვით?

- პატიოსანი მეჩურჩხელე ფირმაც შეიძლება იყოს და კერძო პირიც. ფირმების კლიენტები უმეტესად ტურისტები არიან და გულით ვუსურვებ, რომ ქართული ჩურჩხელის ხარისხი არ გაეფუჭებინოთ.

- ბოლო კითხვა: როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი ჩურჩხელა.

- ეს ძალიან ძნელია და ხშირად არც ჩურჩხელის სირბილე დაგეხმარებათ, არც შაქრიანობა, ახალამოვლებული პეტიო ჩურჩხელაც რბილია. არსებობს უტყუარი ხერხი, რომლითაც ნამდვილ ჩურჩხელას გამოიცნობთ - ყნოსვა, რომლითაც ნამდვილი ბადაგის სურნელს აუცილებლად იგრძნობთ. ეს სურნელი კი ყველას თუნდაც ერთხელ მაინც გვიგრძნია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქართველები უძველესი მეღვინეები ვართ და ნამდვილი ყურძნის წვენის სურნელის გენეტიკური ხსოვნა გვაქვს. ამიტომაც არ შევცდებით.