როგორ მოვაწყოთ ჩვენი ეზო - კვირის პალიტრა

როგორ მოვაწყოთ ჩვენი ეზო

ეზოს ლამაზად მოწყობა დღეს უკვე ბევრს აინტერესებს. ზოგი ამ საქმეში სპეციალისტს იხმარს, ზოგი თავისი გემოვნებით ართმევს თავს. თუკი კონსულტაციას სპეციალისტს ვთხოვთ, თავდაპირველად ყველაფერი ლანდშაფტის დიზაინერმა უნდა შეაფასოს. მნიშვნელოვანია, როგორია მიწა, სამეზობლო, ქარი რა მიმართულებით უბერავს... ამ საკითხებზე მებაღე მაია ბიძინაშვილი გვესაუბრება.

მაია ბიძინაშვილი: - ბაღში შესვლისას მნიშვნელოვანია, როგორი მხვდება­­ და როგორს ვტოვებ გამოსვლისას: მოვლილს,­ გასუფთავებულს, გაკრეჭილს. ხეხილი რომ გამოისხამს, სიხარულს გვანიჭებს. მუშა­ობას ენერგია მიაქვს, მაგრამ დადებითი­ ემოციებით გვავსებს. ეზოს ქალაქებისთვის, ბუნებისთვის, გარემოსთვის, ოჯახებისთვის სანიტარიულ-ჰიგიენური დანიშნულება აქვს. კერძო სახლის შეძენის სურვილი უმეტესად იმიტომ უჩნდებათ, რომ ეზო ჰქონდეთ, სადაც ბაღს გააშენებენ, გარემოს გაამწვანებენ. მიწის დამუშავება თერაპიაა.

ბაღები სხვადასხვა ზონად იყოფა. არის მოსასვენებელი სივრცე, ადგილები ბავშვების გასართობად, ბოსტნისა თუ ხეხილის ბაღისთვის. თუ დიდი ეზოა, შესაძლოა საცურაო აუზიც გაკეთდეს. ეზო უმეტესად იმას ემსახურება, რომ სამსახურიდან მოსულმა ადამიანმა საკუთარ ეზოში დაისვენოს. შესაბამისად, ეზოს მოწყობასაც ამ ამოცანის შესაბამისად ცდილობენ.

ezo2-1666773024.jpg

- დედაქალაქში ბევრს აქვს კერძო სახლი და ეზოს ყველა სხვადასხვანაირად აწყობს. ზოგი არავის არაფერს ეკითხება და ვთქვათ, ვარდებს დარგავს ან სხვა ყვავილებს, გაახარებს ბროწეულის ხეებს, კარალიოკს, კაკლებს... როგორც მებაღე, რას ურჩევთ, საიდან დაიწყონ?

- დიდი ხეების ძირების დარგვისას საჭიროა წესების ცოდნა - ისინი ღობიდან ან სახლიდან რამდენი მეტრით უნდა დავაშოროთ. ამის შესახებ ინფორმაცია მოვიძიოთ ან პროფესიონალს დავეკითხოთ. ყველაზე მეტად კაკალი იზრდება და ამიტომაც 4-5 მეტრით აშორებენ, პატარა ხეხილს კი 2-3 მეტრიც ჰყოფნის. გააჩნია ეზოს, რამხელაა და ბაღისთვის რა ადგილი გვემეტება. სამეზობლოც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დისკომფორტი არ შევუქმნათ. სახლთან ახლოს დიდი ხეები ჯობს არ დავდგათ. ბოლო დროს საშუალო ან პატარა ხეებს რგავენ, ან ბუჩქნარსა და ყვავილებს - ადგილი რომ არ დაკარგონ. მასობრივად გავრცელდა ჯუჯა ხეებიც. სწორად უნდა გამოვიანგარიშონ ხეებსა და რიგებს შორის დაშორებები, ნერგებიც ხარისხიანი, ნამყენი უნდა შევარჩიოთ და ჩარგვისას ნოყიერი მიწა ჩავუყაროთ.

მოსასვენებელი ზონის მოწყობისას კარგია­ პერგოლები (ფარდული ბაღში, ჩარდახი), ფანჩატურები. მათ ხის მასალით ან ქვისგან აშენებენ, იყენებენ ლითონის მსუბუქ კონსტრუქციებსაც. მასთან მისასვლელი­ ბილიკიც უნდა გაკეთდეს. ზოგჯერ ამ სივრცეებს კაპიტალურადაც აწყობენ - შეჰყავთ წყალი, აშენებენ ბუხარს, დგამენ­ სავარძლებს. თუ მხოლოდ საზაფხულო­ ავეჯით გააწყობთ, ზამთარში ეს ადგილი დაისვენებს. ეზოში, ბილიკების გარდა, შთამბეჭდავ ეფექტს ქმნის გაზონები, უნდა ჭარბობდეს მწვანე ფერი. ბეტონი და ქვა 25%-მდე უნდა იყოს, დანარჩენი მწვანე სივრცეს დაეთმოს.

- თბილისში კერძო ეზოების პატრონებისგან არაერთხელ მომისმენია, რომ მიწა არ ვარგა, მცენარეების გახარება უჭირთ. როგორ გააჯანსაღონ ნიადაგი?

- მიწის ზედაპირს რამდენიმე სანტიმეტრი მოვხსნათ და ახალი ნოყიერი მიწით შევავსოთ. დარგვის დროსაც, ორმოებს რომ ამოვიღებთ, კარგი იქნება, თუ ნოყიერ მიწას ჩავუფენთ. თბილისში ცოტა ღარიბი ნიადაგია, კარბონატული, ამიტომ ნოყიერი მიწით, ტყის ან ნაკელნარევი ნიადაგით უნდა შეივსოს. მერე კი, სეზონების გათვალისწინებით ვმოქმედებთ (სასუქი, კვება) და ვეხმარებით ბაღებს, გაზონებსა და დეკორატიულ მცენარეებს. მაგალითად, ვარდებს ძალიან უყვარს კვება და წამლობა. ამ გზით ჯანსაღი და ლამაზი ბაღი გვექნება.

- ვარდი წელიწადში რამდენჯერ უნდა შეიწამლოს?

- გაზაფხულზე რომ გაიკვირტება, მარტიდან დაწყებული, პერიოდულად უნდა შეიწამლოს იმ დაავადებებზე, რომლებიც იმ დროს უჩნდება ხოლმე. გაზაფხულზე­ ჭარბი წვიმისას ნაცარი იცის, მცენარე თეთრად იფიფქება. ამ პერიოდის დაწყებას წამლობით უნდა დავასწროთ. კარგად რომ გამოიფოთლება, მავნებლები უჩნდება - ბუგრი, პატარა მატლები. ზაფხულში მხერხავი მატლი ღეროს ხვრეტს და შეიძლება ვარდი ძირიანად გააფუჭოს. მავნებლების საწინააღმდეგოდ ფრთხილად ვიყენებთ შესაბამის შხამებს, უნდა დავიცვათ ზუსტი დოზებიც. მთავარია, მავნებლები დროულად აღმოვაჩინოთ.

ezo3-1666773024.jpg

- მორწყვის შესახებ რას გვეტყვით?

- კარგი იქნება, თუ მოსარწყავად წვეთოვან სისტემას დავამონტაჟებთ. ეს დაზოგავს შრომას და ნიადაგსაც კარგად დაატენიანებს. მცენარეებს უფრო მოსწონთ ტენის თანაბრად მიღება, ვიდრე გამოშრობა, და იმის ლოდინი, პატრონი მათ მოსარწყავად როდის მოიცლის.

- მცირებიუჯეტიანებს რას ურჩევთ, როგორ მოაწყონ სასურველი ბაღი?

- ნერგები არ ღირს ძვირი. ვარდებიც ყოველ წელს ისხვლება - სხლავს მეზობელი, მეგობარი. თუნდაც ნასხლავი სთხოვონ, ანუ კალამი სამ ფოთოლზე. ის კალამი მომავალში, ფაქტობრივად, ვარდია. თუ სწორად დააკალმებენ, უამრავ ვარდს მიიღებენ. თესლების შეგროვებით, ბოლქვებითაც შეუძლიათ მცენარეების მიღება მეგობრების, ახლობლების, ნათესავების დახმარებით. სასურველია, თუ ერთნაირ მცენარეებს ერთად დააჯგუფებენ, ბილიკებთან ერთნაირი­ ტიპის მცენარეებს განალაგებენ. ბაღის­­ გალამაზება ინტერნეტის დახმარებითაც შეიძლება.

- ვარდის კალამს სანამ ვარდად აქცევენ, როგორ უნდა მოიქცნენ?

- ვარდების ტოტს, რომელიც არც ძალიან ნორჩია და არც გახევებული, ფანქარზე ოდნავ მსხვილს, სამ მუხლზე (ფოთოლი) ვაჭრით ქვედა ორ ფოთოლს და ზედა ერთს ვტოვებთ. რასაც მოვაჭრით, იმხელაზე მიწაში ვრგავთ. შეგვიძლია ქოთანშიც ჩავრგოთ, ან პირდაპირ ნაკვეთში, ოღონდ მანამდე მიწა უნდა დამუშავდეს და გამდიდრდეს ქვიშით, ტორფით, პერლიტით (სამშენებლო ქვიშაც შეგვიძლია, მასში მშვენივრად ხარობს). მაგალითად, შეგვიძლია ქვიშის ხის ყუთებში ჩაყრა და მასში დაკალმება. თუ შემოდგომაზე დავაკალმებთ და ძალიან ყინვიან რეგიონში არა ვართ, ასევე დავტოვოთ. თუ არადა, ზემოდან ქილა ან პლასტმასის ბოთლი დავახუროთ, ეს სითბოსა და ტენს შეუნარჩუნებს - კონდენსატი ბოთლის კიდეზე ამოდის და ისევ უკან ბრუნდება. გაზაფხულზე უკვე გამოჩნდება შედეგი, რომელმა კალამმა გაიხარა და რომელმა - არა. თუ გაშავდა, ესე იგი, ვერ განვითარდა. ყოველი ღერი დამოუკიდებელი ძირია და ყველას ფესვი ექნება. ყინვასაც გაუძლებს და ისეთივე თავებს გაიკეთებს, რაც დედაძირს ჰქონდა.

- წიწვოვანი მცენარეების შერევა შეიძლება ვარდებთან?

- კი, ვარდებს ძალიან უხდება და ლამაზია. ასევე კარგია ლავანდები - იასამნისფერი სურნელოვანი ბუჩქები. ვარდები და ლავანდები ბაღში კარგ კომპოზიციებს ქმნიან, მშვენივრად ყვავიან. ასევე კარგია გუბურები, ოღონდ პერიოდულად გაწმენდა სჭირდება. მასში უშვებენ წყალმცენარეებს, ამრავლებენ ლოტოსებს... ზოგან წყალი ტრიალებს და ეს ძალიან ლამაზია.

ბევრია ეზოს მოწყობით დაინტერესებული, შეკვეთებმაც მოიმატა. გვირეკავენ, გვწერენ, გვეკითხებიან. ყველას უნდა ბოლო დროს რომელიმე ტიპის (ძვირფასი, საშუალო, პატარა) ბაღი.

- ბოსტნების მოწყობასაც ითხოვენ?

- კი, არის ასეთი მოთხოვნებიც. რომ დათბება, კარგად დამუშავებულ, განოყიერებულ ნიადაგზე პირველად მწვანილი დაითესება. მაგალითად, მყავს მომ­ხმარებლები (ექიმები არიან) ეზოში ყოველ წელს აკეთებენ ბოსტანს. პატარაა, მაგრამ ძალიან კოხტა. აქვთ მწვანილი, პამიდვრის, კიტრის რამდენიმე კვალი... ეზოში ისეთი სურნელი ტრიალებს... სხვათა შორის, ბოსტნის პატრონებს მინდა ვუთხრა - ჩითილების გამოყვანაზე რომ არ იწვალონ, გამოყვანილებიც (ბადრიჯანი, წიწაკა, პომიდორი) იყიდება. საბოსტნე ნიადაგი სარეველებისგან უნდა გაიწმინდოს, თუ ძალიან ღარიბია, ახალი ფენით გამდიდრდეს. გაზონის დაგებისთვის საკმარისია 5-7 სანტიმეტრი. მოკლედ, მთავარი მონდომებაა და ყველაფერი შესაძლებელია.