"ომი, ზამთარი და გათბობა: ხუთი მნიშვნელოვანი საკითხი შეშის ირგვლივ - ნადგურდება თუ არა ზამთრისათვის უკრაინის ტყეები?" - რას წერს უცხოური გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ომი, ზამთარი და გათბობა: ხუთი მნიშვნელოვანი საკითხი შეშის ირგვლივ - ნადგურდება თუ არა ზამთრისათვის უკრაინის ტყეები?" - რას წერს უცხოური გამოცემა?

უკრაინული გამოცემა „ლივი ბერეგ“ (Лівий берег) აქვეყნებს სტატიას სათურით - „ომი, ზამთარი და გათბობა: ხუთი მნიშვნელოვანი საკითხი შეშის ირგვლივ // ნადგურდება თუ არა ზამთრისათვის უკრაინის ტყეები?“ (ავტორი - იური ბოლოხოვეცი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„ზამთარი ახლოვდება და სულ უფრო მეტი უკრაინელი ფიქრობს გათბობის პრობლემის გადაჭრას - ძველი, ტრადიციული საწვავის, შეშის ყიდვას. შეშა და, ზოგადად, მყარი საწვავი დღეს ათეული მილიონობით უკრაინელისათვის თითქმის ერთადერთი საშუალებაა ცივ ზამთარში გასათბობად, როცა შეფერხებებია ელექტროენერგიით უზრუნველყოფაში, როცა ძვირია ან საერთოდ არ არის ბუნებრივი გაზი...

ეყოფა თუ არა უკრაინის შეშა?

შეშის საკითხის განხილვისას ორიენტაცია რამდენიმე ფაქტორზე უნდა გავაკეთოთ: სახელმწიფო საოლქო ადმინისტრაციების განაცხადები, შეშის საჭიროება არმიისათვის, მოსახლეობის მოთხოვნა და ზამთრის პერიოდში შეშის აუცილებელი სტრატეგიული მარაგის შექმნა.

შეშაზე მოსახლეობის მოთხოვნა ყველგან ერთნაირი არ არის. დღეისათვის ყველაზე მეტი აჟიოტაჟი შეიმჩნევა კარპატისპირეთში და კიევთან ახლოს, სადაც სატყეო მეურნეობებში შეშისათვის დიდი რიგები დგას. სხვა რეგიონებში, მაგალითად, ჩერნიგოვის ოლქში, ასეთი პრობლემები არ არის. გასათვალისწინებელია, რომ ბევრი მომხმარებელი ფართოფოთლოვანი ხეების კუნძებს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ მიწოდებაში წიწვოვანი ხეები ჭარბობს.

რაც შეეხება ფრონტისპირა ქალაქებს, იქ საქმე რთულადაა - რადგანაც ზამთრამდე გათბობის დანგრეული ცენტრალიზებული სისტემა ვერ აღდგება და რადგანაც მაღლივი მრავალსართულიანი კორპუსების ბინებში შეშის ღუმელის დადგმაც პრობლემებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ამ ქალაქების მოსახლეობის ევაკუაცია უკრაინის სიღრმეში მოხდება.

შესაბამისად, შეშის საკითხი ამჟამად, ოქტომბრის მიწურულს, მეტ-ნაკლებად სტაბილურია, მაგრამ რა იქნება თოვლიან-ყინვიან დეკემბერ - თებერვალში? ამიტომაც უარესი სცენარებისთვის უნდა ვემზადოთ, უნდა შეიქმნას რეზერვები. ამჟამად დამზადებულია 200 ათასი კუბმეტრი შეშა, რაც სრულიად არასაკმარისია. რეზერვი, სულ მცირე, 400 ათასი კუბმეტრი უნდა იყოს.

როგორ შევამციროთ შეშის ფასი მოსახლეობისათვის

სატყეო მეურნეობებისათვის შეშის დამზადება ამჟამად ძალზე არარენტაბელურია - არასაკმარისია საწვავი, სპეციალური ტექნიკა დიდი ხნის ამორტიზებულია, დაბალია ტყისმჭრელების ხელფასი, მაღალია გადასახადები. ასე რომ, დღეს სატყეო მეურნეობა გაკოტრების პირზეა, ამიტომ მათ სხვა გზა არ რჩებათ, თუ არა ხის პროდუქციის - შეშის გაძვირება მოსახლეობისათვის. მით უმეტეს, რომ ისინი ვალდებულნი არიან არმიას შეშა... უფასოდ მიაწოდონ.

ესე იგი, ისმება მწვავე კითხვა - როგორ შევამციროთ შეშის ფასი? სავარაუდოდ, არსებობს ორი საშუალება: პირველი - დოტაცია და სუბსიდია. მინისტრთა კაბინეტმა ამ მხრივ უკვე გადადგა ნაბიჯი და რეგიონებს შეშისათვის ნახევარ მილიარდ გრივნაზე მეტი გამოუყო. იმავენაირადაა სუბსიდიების შემთხვევაშიც, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, რომლებიც, გასაგები მიზეზების გამო, ძალიან ბევრია. მეორე - შეშით სარგებლობის კულტურა. შეშა გაზი არ არის. შეშის წვის სითბური ეფექტი მის ტენიანობაზეა დამოკიდებული - ნედლი შეშა ნაკლებ სითბოს გამოჰყოფს, სამაგიეროდ, დიდხანს იწვის, ხმელ შეშას კი სითბოს მეტი ეფექტი აქვს, მაგრამ კვარივით სწრაფად იწვის. ესე იგი, აუცილებელია, ნედლი შეშა ისეთ ადგილზე შევინახოთ, რომ გახმეს, მაგრამ ისე, რომ მასში ტენიანობა აღარ დარჩეს.

ნადგურდება თუ არა უკრაინის ტყეები?

ამას წინათ ევროპულ მასმედიაში გავრცელდა მასალები, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ტყეები მასობრივად იჩეხება. შეიძლება მსგავსი რამ ზოგჯერ ხდება, მაგრამ, ალბათ, სიტუაცია მაინც გაზვიადებულია და დეზინფორმაციის სუნი ასდის. ევროპაში ტყეების მასობრივი - ხაზს ვუსვამ, მასობრივი გაჩეხა წარმოუდგენელია, რადგან იქ ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება, უნებართვოდ გაჩეხა კი მკაცრად ისჯება. უკრაინაში ამ მხრივ ლიმიტებია დაწესებული. ცხადია, იმის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ლიმიტები ნებაყოფლობით და მკაცრად იქნება დაცული, მაგრამ კონტროლი უნდა გაძლიერდეს. სავარაუდოდ, ბუნებას დიდი ზარალი არ მიადგება. სხვათა შორის, ომის დროსაც კი გრძელდება წინა წლებში დაწყებული პროგრამის - „მწვანე ქვეყნის“ რეალიზება, ხეების დარგვა-გაშენების ჩარჩოებში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო