"ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია უპირობო ლიდერები გავხდეთ, იმიტომ, რომ ეს საკითხი არც აზერბაიჯანს აქვს მოგვარებული და არც - სომხეთს" - კვირის პალიტრა

"ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია უპირობო ლიდერები გავხდეთ, იმიტომ, რომ ეს საკითხი არც აზერბაიჯანს აქვს მოგვარებული და არც - სომხეთს"

„ჩვენ შეხვედრისას ბევრ საკითხს შევეხეთ და საუბარს სხვა საკითხებზეც გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, მიმდინარე მოვლენები რეგიონში, უსაფრთხოების საკითხები ჩვენი დისკუსიების ცენტრშია მოქცეული. ყარაბაღის ომის შემდეგ ახალი მდგომარეობა ჩამოყალიბდა“ - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოში ყოფნის დროს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ვაცნობე და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერას საჭიროებს. ჩვენ 5 ძირითადი პრინციპი უკვე გავუზიარეთ სომხეთს და იმედი გვაქვს, რომ სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებს და სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერს.

ასე თუ მოხდება, მაშინ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა დაისადგურებს და თანამშრომლობისთვის ახალი შესაძლებლობები იარსებებს“, - აღნიშნა ალიევმა.

ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის მთავარ მიზეზზე და ამ ვიზიტის პოლიტიკურ შემადგენელზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე გვესაუბრება:

- ძალიან კარგია, ალიევი საქართველოში რომ ჩამოვიდა, დიდი ხნის წინ იყო საჭირო ეს ვიზიტი. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და მსგავსი შეხვედრების გამართვა ხშირად არის საჭირო. ეს არ არის ცარიელი სიტყვები - დღეს ჩვენი ინტერესები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს დიდი ინტერესი შუა დერეფნის მიმართ (სატრანზიტო დერეფანს ვგულისხმობ). ეს გამოწვეულია იმით, რომ ტვირთების რუსეთის მიმართულებით გადატანას ბევრი ქვეყანა ერიდება, სანქციების გამო. ასე რომ, ტვირთბრუნვა იზრდება. მეორე თემაა ენერგეტიკა, რომელიც ევროპას საქართველოს გავლით უნდა მიეწოდოს; მესამე კი არის კავშირი - ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების გარემო რეგიონში, რაც, ასევე, მოითხოვს მაღალი რანგის შეხვედრებს.

- უსაფრთხოების თვალსაზრისით, რა არის უმთავრესი სამხრეთ კავკასიაში და როგორ ხედავთ ამ საქმეში საქართველოს როლს?

- ამ შემთხვევაში ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ საქართველო შეიძლება იყოს მედიატორი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის - ყარაბაღის კონფლიქტში. ორივე მხარე აღიარებს, რომ საქართველოს ამ კუთხით პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია. უფრო ფართო ასპექტზე ვერ გადავალთ და მთლიანი რეგიონის მასშტაბით ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ, რომ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში ჩვენ არანაირი როლი და ფუნქცია არ გაგვაჩნია.

- არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ ალიევი ჩამოყალიბდეს ლიდერად?

- მე თუ მკითხავთ, ალიევი უკვე არის ლიდერი, ამიტომ აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა. საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ლიდერის ფუნქციის შენარჩუნებას, თუ მოახერხებს დემოკრატიის განვითარებას, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის. ასევე, ეს არის ევროპაში ინტეგრაცია. ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია უპირობო ლიდერები გავხდეთ, იმიტომ, რომ ეს საკითხი არც აზერბაიჯანს აქვს მოგვარებული და არც - სომხეთს. შესაბამისად, შეგვიძლია ორივე ქვეყანას ჩვენ დავეხმაროთ ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. ეს იქნება კავშირები, თავისუფალი ვაჭრობა და ა.შ.

ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა შესაძლებლობას გვაძლევს, ვიყოთ რეგიონის ცენტრი, მაგრამ ამას სჭირდება ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც, გზებთან ერთად, გულისხმობს რკინიგზას, პორტებს და ა.შ. როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობ, არ შემიძლია არ ვახსენო ანაკლიის პორტის ჩაშლილი პროექტი. ახლა რომ ჩვენ ანაკლიაში პორტი გვქონდეს, ეს წარმოუდგენლად დიდ დივიდენდებს მოგვცემდა. უმნიშვნელოვანესია ნატოსთან თანამშრომლობაც, იმიტომ, რომ შავი ზღვის კონტექსტში საქართველოს ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)