"თუ მხოლოდ ამ „ქეისზეა“ საუბარი, სააკაშვილი პოლიტპატიმარი გამოდის" - კვირის პალიტრა

"თუ მხოლოდ ამ „ქეისზეა“ საუბარი, სააკაშვილი პოლიტპატიმარი გამოდის"

შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებისას ჩარევა პრობლემატურია, ეს არის პრეზიდენტის აბსოლუტური პრეროგატივა და აქ დანაშაულის შემადგენლობას ვერ ვხედავ - თუ მხოლოდ ამ „ქეისზეა“ საუბარი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი გამოდის, სხვა შემთხვევებზე შეგვიძლია ღიად ვიმსჯელოთ, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად, ხისტად ვერ ვიტყვით, რომ ასე ან ისეა,- ასე უპასუხა სახალხო დამცველობის კანდიდატმა თინათინ ერქვანიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია.

მისი თქმით, დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც სააკაშვილს მსჯავრი უკვე აქვს დადებული ან რომელ საქმეშიც ის ჯერ კიდევ ბრალდებულია, კითხვის ნიშნები ჩნდება.

„გავრცელებული დეფინიციით პოლიტმატიმრობა არის შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირი უპირატესად პოლიტიკური ნიშნულით არის მსჯავრდადებული ან ბრალდებული. თუ გადავხედავთ დანაშაულებს, რომლის ფარგლებშიც მას დაედო მსჯავრი ან რომელ საქმეებშიც ის ჯერ ბრალდებულია, კითხვის ნიშნები მიჩნდება.

გირგვლიანის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ხელისუფლების სამივე შტოს, მათ შორის პრეზიდენტს დაედო ბრალი სელექციური იუსტიციის განხორციელების პროცესში. ეს ჩანაწერი საქართველოში სისხლის სამართლის ფარგლებში დანაშაულის შემადგენლობას არ ქმნის“, - განაცხადა ერქვანიამ.

მას ღუდუშაური ჩაეკითხა და სთხოვა პოზიციის დაზუსტება იმაზე, გულისხმობს თუ არა, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური შინაარსის მატარებელი, რაზეც ერქვანიამ განაცხადა, რომ „ევროპული სასამართლო არ არის ბრალმდებელი და ის არის ადამიანის უფლების ფარგლებში შემფასებელი იმ სამართლებრივი პროცესის, რომელსაც ადგილი ჰქონდა კონკრეტული შემთხვევის სამივე ინსტანციაში განხილვისას“.

„ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მე რომ სააკაშვილის ადგილზე ვიყო, მინიმუმ უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი, ან ჩამოვშორდებოდი პოლიტიკურ პროცესებს. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანია შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების სტანდარტი. აქ პრეზიდენტი ფლობს აბსოლუტურ პრეროგატივას, ვის შეიწყალებს და ვის არა, შესაბამისად, სამართლებრივად ამ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ჩართვა, პრობლემატური მგონია და თუ მხოლოდ ამ "ქეისს" ავიღებ, ჩემთვის პოლიტპატიმარია.

ევროპული სასამართლო არ არის ბრალმდებელი და არ არის სახელმწიფოს როლში, ადამიანის უფლების ფარგლებში შემფასებელია სამართლებრივი პროცესის, რომელსაც ადგილი ჰქონდა კონკრეტული შემთხვევის სამივე ინსტანციაში განხილვისას. აქ სასამართლომ თქვა, რომ იყო პრობლემები ხელისუფლების სამივე შტოში, მათ შორის პრეზიდენტის საქმიანობაში. ევროპულმა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, სადაც პოლიტპატიმარზე საუბრობს. მაგრამ ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, პოლიტპატიმარი როგორც ტერმინი უფრო პოლიტიკური შინაარსის მატარებელია და სამართლებრივად მისი კრიტერიუმები რთულად აღწერადია. ჩემეული ახსნით, ეს იქნებოდა შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პერსონის, პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ ხორციელდება დევნა“,- განაცხადა თინათინ ერქვანიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე სახალხო დამცველობის კანდიდატებს უსმენენ. კომიტეტზე უკვე მოუსმინეს ლელა გაფრინდაშვილსა და სოფიო დემეტრაშვილს. დღესვე თინათინ ერქვანიას გარდა, დაგეგმილია ევგენია თავაძის კანდიდატურების განხილვა.

ომბუდსმენის თანამდებობის დაკავების მსურველთა მოსმენა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელება.

IPN