შემოღამება ათინას ციხესთან და ღამის გასეირნება უზუნგიოლის ტბაზე - კვირის პალიტრა

შემოღამება ათინას ციხესთან და ღამის გასეირნება უზუნგიოლის ტბაზე

იხილეთ დასაწყისი - ისე ამიტაცა ტურისტების შეძახილებმა, მყისვე მივიღე ზიპლაინით ჩასრიალება-ამოსრიალების გადაწყვეტილება

ფირტინას ხეობას ერთობ კმაყოფილები დავუყევით. გვინდოდა, საღამოს გასეირნებაც მოგვესწრო და უზუნგიოლის მახლობლად მდებარე სასტუმროშიც დროულად დავბინავებულიყავით.

ჯგუფის ხელმძღვანელმა თამთა ჭანტურიამ თავდაპირველად ათინას კოშკის ნახვა შემოგვთავაზა. ცხადია, დავთანხმდით და მის სანახავად გავეშურეთ.

ზღვაში აღმართული ციხე - კიზ-კალესი ადრეც მინახავს, როდესაც სიმუსების ჯგუფი თამთამ კაპადოკიიდან სამხრეთ თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე წაგვიყვანა. ის საკმაოდ დიდი ციხე იყო, შავ ზღვაში აღმართული ათინას ციხე - გაცილებით პატარა. თუმცა მოცულობის გამო ვერაფერს დავუწუნებთ - ძალიან ლამაზი აღმოჩნდა.

2-1666868622.(8).jpg

ათინას ციხე-კოშკი რიზეს პროვინციაშია და ქალაქ პაზარის გასასვლელში, აღმოსავლეთით, 1,5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ნაგებობა ზღვის სანაპირო ზოლში, ხმელეთიდან 40-50 მეტრით დაცილებულ კლდოვან კონცხზეა დაშენებული.

ქალაქ პაზარში უხსოვარი დროიდან დღემდე, ძირითადად, ლაზები ცხოვრობენ, ქალაქის ისტორიული სახელწოდება კი არის ათინა, სახელი მას გასულ საუკუნეში, 1928 წელს გადაარქვეს და უწოდეს პაზარი, რაც ქართულად "ბაზარს" ნიშნავს. კიდევ კარგი, რომ ციხე-კოშკს მაინც შეუნარჩუნდა ქალაქის ისტორიული სახელი - ათინა. მეცნიერთა ერთი ნაწილი "ათინას" ჭანურ სიტყვად - "საჩრდილობლად" მიიჩნევს. ისტორიკოსები წერენ, რომ ქალაქი ძვ. წ. VIII საუკუნეში დაარსდა, ბერძნული კოლონიის სახით და კოლხეთის სამეფოში შედიოდა. მოგვიანებით ქალაქი რომის იმპერიამ დაიპყრო, შემდეგ - ბიზანტიისა და ტრაბიზონის იმპერიების ნაწილს წარმოადგენდა, სხვადასხვა პერიოდში კი ქალაქი ათინა საქართველოს სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო. არ გამორიცხავენ, რომ ათინა ჯერ კიდევ ძვ.წ. V ს-ის ათენელი კოლონისტების მიერ დაარსებული სავაჭრო პუნქტი ყოფილიყო. როგორც ამბობენ, ათინადან ერზრუმისკენ მიმავალ გზას სტრატეგიული ადგილი ეკავა.

3-1666868652.(7).jpg

ვარაუდობენ, რომ ათინას ციხე პონტო-კავკასიის საზღვრის ფორმირების პირველი ეტაპის დროინდელია და მოგვიანებით, რაღაც მიზეზის გამო, მნიშვნელობა დაკარგა.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ჭანებისა და კოლხური ტომის - ძიდრიტების საცხოვრებელ არეალთან ძალიან ახლოს განლაგებული ათინა თავდაპირველად კონკრეტულ სტრატეგიულ ამოცანებს ემსახურებოდა. მას შემდეგ, რაც დამპყრობელმა აქ მისთვის სასურველი მმართველობა დაამყარა, მაქერონებისა და ჰენიოხების „სამეფოს“ სახით, ზედმეტად ჩათვალა „საიმედო ხელებში“ მოქცეული ტერიტორიის უშუალო კონტროლიო.

ციხის ტერიტორიაზე, თურმე, ვულკანური წარმოშობის ოთხი კლდოვანი ბორცვია, სხვადასხვა ზომის. მათგან ცენტრალური შედარებით მაღალიცაა, მოცულობით დიდიც და - მიუვალიც. თამთასგან შევიტყვეთ, რომ ციხე-კოშკის მშენებლებს მის მთელ ფართობზე მოუწყვიათ მართკუთხა ფორმის საფორტიფიკაციო ნაგებობა. ციხე-კოშკის კედლები კლდოვანი ბორცვის გარე კონტურებს მიუყვება და კლდესთან ერთიანობაში ზღვიდან ამოზიდულის შთაბეჭდილებას ტოვებს.

4-1666868713.(8).jpg

ბინდდებოდა და ათინას ციხე-კოშკამდე ვერ გავცურავდით (არც ვიცი, ზოგადად, შეიძლებოდა თუ არა იქამდე მისვლა, გამორიცხული არაა, სახიფათოც კი ყოფილიყო), სამაგიეროდ, მე და მზეომ მშვენიერი ფოტოსესია მოვიწყვეთ და კარგადაც ვიხალისეთ სანაპიროს უზარმაზარ ლოდებზე ხტუნვით. სხვათა შორის, მეგობარიც შევიძინეთ - საყვარელი ძაღლი, რომელიც წამოსვლამდე არ მოგვცილებია.

5-1666868745.(8).jpg

6-1666868768.(8).jpg

7-1666868799.(7).jpg

ათინასთან დამშვიდობების შემდეგ ღამის უზუნგიოლს შევუარეთ. ეს ტბა ტრაპიზონის პროვინციაშია და ქალაქიდან სამხრეთით, 99 კილომეტრში მდებარეობს. ტბა მაღლაა, მთებში, ზღვის დონიდან 1090 მეტრის სიმაღლეზე. ასე რომ, ზღვიდან კვლავ მაღალ მთებს დავუბრუნდით. ჟანომ მანქანა უზუნგიოლის ტბის მახლობლად გააჩერა. ჯგუფი დავიყავით - ვინ კაფეში დარჩა, ვინ მაღაზიები დალაშქრა, მე და მზეომ კი ღამის ანარეკლებით გალამაზებული უზუნგიოლის ტბის შემოვლა გადავწყვიტეთ. იქაურობა ხალხით იყო სავსე, განსაკუთრებით არაბები ჭარბოდნენ - ჯგუფებად გვხვდებოდნენ გზადაგზა. მე და მზეო არც დავღლილვართ და არც გვინანია - ლამპიონების ნათების ანარეკლებით მოქარგული ტბა მართლაც ლამაზი იყო. ბოლოს კვლავ კაფესთან შევიკრიბეთ და ჩვენი მთის სასტუმროსკენ გავემგზავრეთ. დასვენება ნამდვილად დავიმსახურეთ, თანაც ვიცოდით, რომ ლაზეთში მოგზაურობის მეორე დღე ძალიან გადატვირთული იქნებოდა.

8-1666868537.(7).jpg

(გაგრძელება იქნება)