"ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით დღეს უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე მაშინ, როცა სახალხო დამცველი გავხდი - კვირის პალიტრა

"ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით დღეს უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე მაშინ, როცა სახალხო დამცველი გავხდი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით დღეს უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე 2017 წელს, მისი ომბუდსმენის თანამდებობაზე დანიშვნის დროს იყო. ამის შესახებ სახალხო დამცველმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

ლომჯარიას შეფასებით, დღეს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის მიმართ მიმღებლობა ძალიან დაბალ ნიშნულზეა.

ომბუდსმენმა გადაცემაში სახალხო დამცველის პოსტზე 5- წლიანი მუშაობის შედეგებიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ მომავალ სახალხო დამცველს გაძლიერებულ ინსტიტუტს, მანდატს და გაზრდილ ნდობას უტოვებს.

"ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველის მოლოდინების სტანდარტები მაღლა ავწიეთ. მე მომავალ ომბუდსმენს ვუტოვებ ისეთ მემკვიდრეობას, როცა საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტი აღიარებულია ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის და საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან, როგორც დამოუკიდებელ და პროფესიონალ სახელმწიფო ინსტიტუტად. ეს ეხება, როგორც ევროკავშირს, რომელმაც რეზოლუციებში და შეფასებებში ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის განსაკუთრებულ როლს და მის პროფესიონალიზმს და ასევე აშშ-ს, რომელმაც წელს უნიკალური პარტნიორობა გააფორმა სახალხო დამცველის ოფისთან.

თითქმის ყველა საერთაშორისო ქსელში ჩვენ ვართ ძალიან მაღალი წარმომადგენლობით წარმოდგენილები. საერთაშორისო ასპარეზზე მაღალი ცნობადობა და ნდობა გვაქვს. კვლევებიც ადასტურებს, რომ საქართველოში სახელმწიფო უწყებებს შორის ჩვენ ვართ ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს, მაშინ როდესაც ისეთი ინსტიტუტები, როგორებიცაა პარლამენტი, სასამართლო, პროკურატურა და ა.შ. ამ მონაცემებში ჩამოგვრჩებიან.

ჩვენ მომავალ ომბუდსმენს ვუტოვებთ გაძლიერებულ ინსტიტუტს. მომავალ სახალხო დამცველს საკუთარი შენობა ექნება. ჩვენ მომავალ სახალხო დამცველს ვუტოვებთ გაზრდილ ნდობას. ვუტოვებთ გამართულ საკომუნიკაციო არხებს ადამიანებთან. გაძლიერებულ ოფისს და მანდატს.

ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით კი, ალბათ, უფრო მძიმე მდგომარეობას ვუტოვებ. დღეს უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე მაშინ, როდესაც მე გავხდი საქართველოს სახალხო დამცველი. დღეს, ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის მიმართ მიმღებლობა ძალიან დაბალ ნიშნულზეა. ეს ეხება პარლამენტს, უმრავლესობას, ხელისუფლების წარმომადგენლებს. დემოკრატიული რეფორმების განხორციელების სურვილი არის ნაკლები. 5 წლის წინ უფრო მეტი ინიციატივა მზადდებოდა პარლამენტში, მათ შორის, სახალხო დამცველის მანდატის გაძლიერების თვალსაზრისით. პარლამენტი უფრო მეტად იყო მომზადებული, ეჩვენებინა რეკომენდაციების შესრულების მზაობა. უფრო მეტი დისკუსია იმართებოდა საპარლამენტო ფორმატში. დღეს ხელისუფლებისა და პარლამენტის მხრიდან რეკომენდაციების მიმღებლობა არის გაცილებით დაბალი. ეს თვითონ სახალხო დამცველის ეფექტიანობაზე ძალიან ცუდად აისახება იმიტომ, რომ თავად სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არ არის აღმასრულებელი“,- განაცხადა ლომჯარიამ.

ომბუდსმენის თქმით, მნიშვნელოვანია შეირჩეს ისეთი კანდიდატი, რომლის გარშემო მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება. მისივე თქმით, მომავალ სახალხო დამცველს ძალიან გაუჭირდება საქმიანობა თუ მის მიმართ არ იქნება ფართო ნდობა.

"შიდა ინსტიტუტები, როგორიცაა სასამართლო, საერთო სასამართლოები, საკონსტიტუციო სასამართლო თავიანთ მოვალეობებს ეფექტურად ვერ ასრულებენ. საგამოძიებო სისტემა, პროკურატურა, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეებს, ვერ წარმოჩინდება პოლიტიკურად ნეიტრალურ და ეფექტურ საგამოძიებო ინსტიტუტებად. სახელმწიფო ინსტიტუტები არ არიან მოწოდების სიმაღლეზე, სათანადოდ დამოუკიდებლები. არის თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე, საერთაშორისო პარტნიორებზე, რომლებიც დემოკრატიულ პროცესებს უწყობენ ხელს, ამიტომ დემოკრატიული განვითარების და ადამიანების უფლებების დაცვის სივრცე ძალიან ვიწროვდება. ეს მომავალი სახალხო დამცველისთვის გამოწვევა იქნება. ამიტომ მნიშვნელოვანია შეირჩეს ისეთი კანდიდატი, რომლის გარშემო მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება. მას ძალიან გაუჭირდება საქმიანობა, თუ მის მიმართ არ იქნება ფართო ნდობა“,- განაცხადა ლომჯარიამ.

"ინტერპრესნიუსი"