ვაშინგტონის ცის დამცველი მალე უკრაინის ცის სადარაჯოზე დადგება - NASAMS-ები გზაშია... - კვირის პალიტრა

ვაშინგტონის ცის დამცველი მალე უკრაინის ცის სადარაჯოზე დადგება - NASAMS-ები გზაშია...

შეერთებული შტატები NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემას, ასევე ამ კომპლექსების გამოყენებაზე უკრაინელი სამხედროების მომზადებას უახლოეს კვირებში გეგმავს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

„რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ არის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა. ჩვენ ძალიან ვცდილობდით მათთვის NASAMS-ის გადაცემას და ველით, რომ მომავალი თვის დასაწყისში, ჩვენ შევძლებთ მათ ეს საშუალებები გადავცეთ და გავწვრთნათ ჯარისკაცები უკრაინაში“, - აღნიშნა ოსტინმა.

რა არის NASAMS-ი

NASAMS-ი ”საშუალო სიშორის საზენიტო-სარაკეტო სისტემად ითვლება და 20-40 კმ-ის რადიუსში (რაკეტის მოდიფიკაციიდან გამომდინარე) და 16 კმ სიმაღლემდე მოქმედებს, ანუ უკრაინული "ბუკების" წარმატებით ჩანაცვლება შეუძლიათ. ეს ნორვეგიული საზენიტო-სარაკეტო სისტემა იმავე კონცეფციით შეიქმნა, როგორითაც საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ისრაელის წარმოების "სპაიდერები", რომლებმაც აგვისტოს ომის დროს ქართულ ცაში მეტ-ნაკლებად წა-რმატებული”საბრძოლო ნათლობა”მიიღეს. ეს კონცეფცია ითვალისწინებს "მიწა-ჰაერის" კლასის საზენიტო რაკეტის სახით უკვე არსებული "ჰაერი-ჰაერის" კლასის საავიაციო რაკეტების გამოყენებას.თუკი ისრაელის საზენიტო-სარაკეტო "სპაიდერი" შეიარაღებულია "პითონისა" და "დერბის" ტიპის საზენიტო რაკეტებით, რომელთა წინამორბედი "ჰაერი-ჰაერის" კლასის მართვადი საავიაციო რაკეტა იყო, ნორვეგიულ-ამერიკული საზენიტო "ნასამსი" კარგად ცნობილ, საშუალო სიშორის ამერიკულ საავიაციო რაკეტა AIM-120 AMRAAM-ს იყენებს, რომელიც ყველა ამერიკული გამანადგურებელი თვითმფრინავის ძირითადი სარაკეტო შეიარაღებაა. საგულისხმოა, რომ სწორედ "ნასამსები" გამოიყენება აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის ცის ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემაში შორი მოქმედების "პეტრიოტებთან" ერთად.