"ინდოეთის შვილი - "ბრიტანეთის იმპერიის" სათავეში" - კვირის პალიტრა

"ინდოეთის შვილი - "ბრიტანეთის იმპერიის" სათავეში"

"ინდოეთის შვილი - "ბრიტანეთის იმპერიის" სათავეში" - ასეთი სათაური აქვს გერმანულ გაზეთ "ზიუდდოიჩე ცაიტუნგში" (Süddeutsche Zeitung) გამოქვეყნებულ სტატიას. მასში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად წარმოშობით ინდოელი რიში სუნაკის დანიშვნის ის რეზონანსია გადმოცემული, რომელიც ამ ფაქტმა ინდოეთში გამოიწვია (ავტორი - არნე პერასი).

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

"ლონდონიდან გავრცელებულმა ინფორმაციამ, დიდი ბრიტანეთის, ყოფილი კოლონიური იმპერიის პრემიერ-მინისტრად ინდური ფესვების მქონე რიში სუნაკი დაინიშნაო, ინდოეთში მასობრივი აჟიოტაჟი გამოიწვია: ადგილობრივი მოსახლეობა გრძნობების აღმაფრენას განიცდის, რომელიც შეზავებულია "პათოსით, სიამაყითა და ნაციონალიზმით" - ხუმრობა საქმე ხომ არ არის, "ინდოეთის შვილი ბრიტანეთის იმპერიის სათავეში დგას" (ასეთი სათაურები აქვს ადგილობრივი პრესის მასალებს). მართალია, ეს ფაქტი შეიძლება ისტორიის ირონიად ჩაითვალოს, მაგრამ აშკარაა, რომ ის მაინც ყოველი ინდოელის სულსა და გულს ათბობს.

რიში სუნაკს მართლაც ინდური ფესვები აქვს, თუმცა არაპირდაპირი - მისი მშობლები დიდ ბრიტანეთში აღმოსავლეთ აფრიკიდან ჩავიდნენ. ისინი უგანდიდან გაიქცნენ, რომლის მმართველი, ადგილობრივი დიქტატორი იდი ამინი ინდოელებს ავიწროებდა და ქვეყნიდან წასვლას აიძულებდა. თუმცა, ასეთი ბიოგრაფიის მიუხედავად, ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ინდოეთში ორი, ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ბანაკისათვის ერთგვარ გამაერთიანებელ სიმბოლოდ იქცა.

პირველ რიგში, ეს გამოიხატა ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ალიანსის ლიდერის - რელიგიურ-ნაციონალისტური მოძრაობის ["ბჰარატა ჯანატა პარტის" – "სახალხო პარტიის"] მოწონებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ხელმძღვანელობს. ისინი რიში სუნაკის პრემიერად არჩევა-დანიშვნას ინდუსების ტრიუმფად მიიჩნევენ. კაცმა რომ თქვას, თვითონ რიში სუნაკიც იზიარებს ასეთ თვალსაზრისს - იგი ღიად აჩვენებს თავის რელიგიურობას: "კონსერვატიული პარტიის" ლიდერობისათვის, წინასაარჩევნო ბრძოლის ჩარჩოებში, რიში სუნაკი ხშირად აქვეყნებდა ფოტოსურათებს, რითაც იგი ხაზს უსვამდა თავისი რელიგიური რწმენის - კრიშნაიზმისადმი ერთგულებას.

მეორე მომენტი ისაა, რომ რიში სუნაკის ბრიტანეთის პრემიერად დანიშვნას ინდოეთის ლიბერალური და მემარცხენე ძალებიც იწონებენ. ისინი ბრიტანელებს აქებენ ესოდენ გაბედული ნაბიჯის გადადგმისათვის - მათ ხომ ქვეყნის მართვის საჭე უმცირესობის წარმომადგენელს ჩააბარეს! ამ ფონზე ინდოელები საკუთარ თავს კითხვას უსვამენ - "შეიძლება თუ არა მსგავსი რამ ინდოეთში მოხდეს?". ეს კითხვა შემთხვევით არ გაჩენილა - ბოლო დროს ინდოეთმა "მკვეთრად გადაუხვია მარჯვნივ" და ქვეყანაში ინდუისტური უმრავლესობის დომინანტობა განამტკიცა.

ამასთან დაკავშირებით, ინდოეთში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები სულ უფრო მეტად გრძნობენ თავს "მეორე კატეგორიის" მოქალაქეებად და დისკრიმინაცია-დევნას განიცდიან. ის პლურალიზმი, რომლითაც ინდოეთი ადრე ამაყობდა, ნარენდრა მოდის მმართველობის დროს გაქრობის პირას დგას. თვითონ ინდოელმა პრემიერმა თავის ახალ ბრიტანელ კოლეგას "ცოცხალი ხიდი" უწოდა, რომელსაც ორი ქვეყნის "ისტორიული ურთიერთობის" "თანამედროვე პარტნიორობად" გარდაქმნა შეუძლია.

რიში სუნაკისადმი მისალმების დროს ნარენდრა მოდიმ, ასევე, ილაპარაკა პროექტ "საგზაო რუკა - 2030"-ის შესახებ, რომლის ჩარჩოებში ნიუ-დელი და ლონდონი თანამშრომლობის გაფართოებას აპირებენ ბევრ სფეროში - კლიმატის ცვლილების საკითხებში, ვაჭრობაში, ჯანდაცვაში, თავდაცვასა და განათლებაში.

დიდ ბრიტანეთში ბრექსიტის მომხრეები ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ მათ ყოფილ კოლონიებთან ურთიერთობის აღდგენა სურთ, მაგრამ ექსპერტები ამ განზრახვას ეჭვის თვალით უყურებენ - რამე პოსტკოლონიური სტრუქტურების შექმნით დიდი ბრიტანეთი იმ ეკონომიკურ ზარალს ვერანაირად ვერ აინაზღურებს, რაც მან ბრექსიტით განიცადა. ასე რომ, სპეციალისტებს ძალიან გაუკვირდებათ, თუ რიში სუნაკი ე.წ. გლობალური ბრიტანეთის აღდგენას შეძლებს", - აღნიშნავს ავტორი სტატიის დასასრულს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ