მამა-შვილი ალიევების წარმატებული გეოპოლიტიკური თამაშები: შვილმა მამას აჯობა! - კვირის პალიტრა

მამა-შვილი ალიევების წარმატებული გეოპოლიტიკური თამაშები: შვილმა მამას აჯობა!

24 ოქტომბერს აზერბაიჯანის ოთხჯერ (!!!) არჩეული პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოულოდნელად თბილისში ჩამოვიდა. ოფიციალური ვიზიტით ილჰამ ალიევი საქართველოში უკანასკნელად 2015 წელს, ნოემბერში იმყოფებოდა. შვიდი წლის შემდეგ, თანაც ერთდღიანი ვიზიტი შემთხვევითი ნამდვილად არ იქნებოდა. საvარაუდოდ, საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი უსაფრთხოდ არ ჩათვალა და ქარიანი ბაქოდან ქარიან თბილისში ჩამოფრინდა. რას ვიზამთ, როცა "კედელსაც კი ყური აქვს": არავინაა დაზღვეული ფარული მიყურადებისგან.

დღეისთვის ჩვენს რეგიონში პუტინი ყველაზე მეტად ალიევს ენდობა. ამის დადასტურებაა რუსეთის მიერ საუკუნოვანი "სტრატეგიული პარტნიორის" სომხეთის ფაქტობრივი გაწირვა მეორე "ყარაბაღის ომში", რომელიც აზერბაიჯანმა, ჩემი აზრით, პუტინის ნებართვით დაიწო და დღესაც მისი "ლოცვა-კურთხევით" იძლიერებს პოზიციებს. 31 ოქტომბერს ალიევი და ფაშინიანი სოჭში არიან "მამა-მარჩენალთან" დაბარებულები ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ. ამიტომ, ძალზე საინტერესოა ვისგან რა გზავნილი ჩამოიტანა და აქედან ვისთვის რა "მესიჯი" წაიღო ილჰამ ალიევმა?

მომავალ წელს ოცი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც 2003 წლის 31 ოქტომბერს ილჰამ ალიევი პრეზიდენტად აირჩიეს. "ბოროტი ენები" ამბობენ, არჩევნები ფორმალობა იყო და პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა თანამდებობა "მემკვიდრეობით" გადასცა თავის ვაჟსო. პირდაპირ უნდა ითქვას: არავინ ელოდა, რომ აზერბაიჯანის კა-გე-ბეს თავმჯდომარისა და შემდეგ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ჰეიდარ ალიევის ოჯახში უზრუნველად და გათამამებულად გაზრდილი ყმაწვილი ამდენ პოლიტიკურ ალღოსა და მოთმინებას გამოავლენდა, ზუსტად შეურჩევდა დროს, როცა ფაშინიანზე გულაყრილი პუტინი პილატესავით "დაიბანდა ხელს" და სომხეთ-აზერბაიჯანის მეორე ომში "ნეიტრალურ" პოზიციას დაიკავებდა. ილჰამ ალიევმა შეძლო ის, რაც მისმა მამამ, პოლიტიკური ეშმაკობით სახელგანთქმულმა ჰეიდარ ალიევმა ვერ შეძლო.

აზერბაიჯანის ექს-პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ხანგრძლივი ცხოვრებიდან ჩვენთვის, გასაგები მიზეზების გამო, ყველაზე საინტერესო სპეცსამსახურებთან მისი ურთიერთობის ეპიზოდებია. ალიევმა, როგორც იტყვიან თავისი კარიერა კა-გე-ბეში თვითონ შექმნა. ნახიჩევანში უშიშროების ადგილობრივ ორგანოებში ყველა საფეხური გაიარა და ძლიერ ოპერატიულ თანამშრომლად ითვლებოდა. 1964 წელს აზერბაიჯანის სუკ-ის თავჯდომარის მოადგილედ, ხოლო 1967 წელს თავმჯდომარედ დანიშნეს. იმ პერიოდიდან მოყოლებული ალიევის მფარველად საკავშირო სუკ-ის თავმჯდომარე იური ანდროპოვი იქცა. ორი წლის შემდეგ ალიევი უკვე აზერბაიჯანის ცკ-ას პირველი მდივანია, რაც ასევე ანდროპოვის დამსახურება იყო. სტალინის ეპოქის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სპეცსამსახურების შეფი პარტიისა და ქვეყნის პირველ პირად "აირჩიეს”.

b2-1666947118.jpg
ჰეიდარ ალიევი და ლეონიდ ბრეჟნევი

1972 წელს თითქმის ანალოგიური დანიშვნა განხორციელდა საქართველოშიც-შსს-ს მინისტრი ედუარდ შევარდნაძე საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი გახდა, რაშიც მას მილიციის საკავშირო მინისტრი, ბრეჟნევის პროტეჟე ნიკოლაი შჩოლოკოვი დაეხმარა. არავისთვის არ იყო საიდუმლო ანდროპოვსა და შჩოლოკოვს შორის არსებული დიდი დაპირისპირება. საბჭოთა მილიცია ანდროპოვს კორუფციის სათავედ მიაჩნდა (უნდა აღინიშნოს, რომ სამართლიანადაც. საბჭოთა კავშირის დაშლამდე სუკ-ი იყო კორუფციისაგან შედარებით ნაკლებად დაავადებული სტრუქტურა), მისი ბრძანებით მიმდინარეობდა კომპრომატების შეგროვება მილიციის მაღალჩინოსნებზე და მათი ოჯახის წევრებზე.

ჰეიდარ ალიევი კი განაგრძობდა წინსვლას საბჭოთა ნომენკლატურულ კიბეზე. ის ყოველთვის ერთი საფეხურით უსწრებდა ქართველ კოლეგას (უფრო ადრე გახდა პოლიტბიუროს წევრი, სოციალისტური შრომის გმირობის ერთით მეტი ვარსკვლავი ჰქონდა და ა.შ.).

b3-1666947165.jpg
„თეთრი მელა“ და „ტრამალის მგელი“

ალიევის ბედის ვარსკვლავი კი მაშინ უფრო აკაშკაშდა, როცა 1982 წლის ბოლოს ანდროპოვი საბჭოთა კავშირის ლიდერი გახდა. სულ მალე ალიევი პოლიტბიუროს წევრად "აირჩიეს” და საკავშირო მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პირველ მოადგილედ გადაიყვანეს მოსკოვში. ნათელი იყო - ანდროპოვი ალიევს საბჭოთა იმპერიის მეორე კაცად - სსრკ მინისტრ-თა საბჭოს თავჯდომარედ ამზადებდა.

ამის პარალელურად დაიწყო რეპრესიები შჩოლოკოვისა და მისი პროტეჟეების მიმართ. მძიმე ავადმყოფობის გამო ანდროპოვი გენსეკად არჩევიდან ექვსი თვის შემდეგ კრემლის საავადმყოფოში მოათავსეს. საიდანაც არც გამოსულა და 1984 წლის 9 თებერვალს გარდაიცვალა. საბჭოთა კავშირის ლიდერად გორბაჩოვის არჩევის შემდეგ დაიწყო ფარული ზეწოლა ჰეიდარ ალიევიზე, მოთხოვნა ერთი იყო: ის უნდა გადამდგარიყო პოსტიდან და გასულიყო პენსიაზე. ალიევი კი ჯიუტობდა.

1987 წელს სრულიად ჯანმრთელ ალიევს, რომელიც სიგარეტს თითქმის არ ეწეოდა და შოტლანდიური ვისკის მხოლოდ რამდენიმე ყლუპს თუ მიირთმევდა, მოულოდნელად უმძიმესი ინფარქტი დაემართა. კა-გე-ბეს მე-9 სამმართველოს ექიმები დაჟინებით ურჩევდნენ ალიევს განცხადება გადადგომის შესახებ სასწრაფოდ, პალატაშივე დაეწერა. გორბაჩოვმა ამდენი აღარ იცადა და მესამე დღესვე, მძიმე ავადმყოფობის მიზეზით გაათავისუფლა 64 წლის ალიევი თანამდებობიდან და გამოიყვანა პოლიტბიუროს შემადგენლობიდან. ამის შემდეგ ორი წლის მანძილზე ალიევი მოსკოვში კა-გე-ბეს მეთვალყურეობის ქვეშ, ფაქტობრივად შინა პატიმრობაში იმყოფებოდა და სამშობლოში დაბრუნება აკრძალული ჰქონდა.

1990-იანი წლების შუა ხანებში უკვე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი, როცა ამ პერიოდს იხსენებდა, ცნობილი რუსი ჟურნალისტის ანდრეი კარაულოვის სიტყვებით, ინფარქტის მაპროვოცირებელ მიზეზად საკავშირო სუკ-ის მიერ მის წინააღმდეგ სპეციარაღის (აეროზოლების) და მედიკამენტების გამოყენებას ასახელებდა. ალიევს ასევე მიაჩნდა, რომ კა-გე-ბეს მე-9 სამმართველოს ექიმებთან "მკურნალობის” შემდეგ მისი ჯანმრთელობა უფრო გაუარესდა. ვის-ვის და სპეცსამსახურების "სამზარეულოში” ღრმად ჩახედულ უშიშროების გენერალ ჰეიდარ ალიევს არ შეეშლებოდა "მშობლიური” კა-გე-ბეს ხელწერა. უნდა ითქვას, რომ ალიევი სიცოცხლის ბოლომდე საბოლოოდ მაინც ვერ განიკურნა პირველი ინფარქტის შედეგად დატოვებული გართულებებისაგან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ალიევმა ძალზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო: რუსეთის გვერდის ავლით ნავთობ და გაზსადენების მშენებლობა აზერბაიჯანის ეკონომიკური აღორძინების დასაწყისად იქცა. თუმცა, პარალელურად, ალიევი კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებდა ბორის ელცინთანაც.

რუსეთის პრეზიდენტად ყოფილი კა-გე-ბეს თანამშრომლის პუტინის დანიშვნის შემდეგ რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები განსაკუთრებით დათბა. პუტინი რამდენჯერმე ეწვია ბაქოს, ალიევიც ხშირად ჩადიოდა მოსკოვში.

b4-1666947247.jpg
ჰეიდარ ალიევი და ვლადიმერ პუტინი

უეცრად ამ იდილიურად "მოწმენდილ ცაზე” სეტყვის ღრუბლები გაჩნდა - 2002 წლის ივლისში აზერბაიჯანის უშიშროების ორგანოებმა დააკავეს ამ ქვეყნის სამი მოქალაქე: სეიარ ახუნდოვი (პროფესიით მძღოლი), სერგეი ნამაზოვი (მატარებლის მემანქანე, ყარაბახის პირველი ომის მონაწილე) და მუბარაზ ახუნდოვი (უმუშევარი). მათ ბრალად ედებოდათ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობა და საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება-გადაცემა. მაშინ სარწმუნო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ მათ გარდა დააკავეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის რამდენიმე თანამშრომელიც, მაგრამ თვით ფაქტი და მათი ვინაობა, ალიევის გადაწყვეტილებით, არ გახმაურებულა. ის სპეცსამსახურების დაუწერელი კანონებით მოქმედებდა და ამ "კოზირს” რუსეთთან მომავალი "პოლიტიკური ვაჭრობისთვის” ინახავდა. ეს ფარული დაპირისპირება რამდენიმე თვე გრძელდებოდა.

გარეგნულად ორივე მხარე არ იტყობდა სერიოზული პრობლემის არსებობას. ამ პერიოდში რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები რამდენჯერმე ეწვივნენ ბაქოს. რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ქართველი ძალოვნების "ყონაღმა”, ერთ დროს ყოვლისშემძლე ვლადიმერ რუშაილომ სულ ხელები და წარბები ასავსავა - რა სამხედრო დაზვერვა და რისი რუსეთი, ეგენი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და საცოდავებს გე-რე-უ გაგონილიც არ ექნებათო. მოკლედ, სულ ცხარე ცრემლები ყარა. რეალურად კი გამალებული ფარული მოლაპარაკებები მიდიოდა ალიევთან. თუმცა აღმოსავლეთის "ბებერმა მგელმა” არაფერი დათმო. გე-ერ-უ-ს ოფიცრები უხმაუროდ კი გააძევა ქვეყნიდან, მაგრამ აზერბაიჯანის მოქალაქეთა სასამართლო პროცესის გამართვა და რუსეთის შპიონაჟში მხილება მაინც არ გადაიფიქრა.

2003 წლის 24 თებერვალს ბაქოში სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმის განხილვის დახურული რეჟიმის მიუხედავად მასმედიისთვის ბევრი რამ გახდა ცნობილი. სამივე ბრალდებულმა აღიარა დანაშაული. დადგინდა, რომ ისინი გე-ერ-უს ერთ-ერთი დანაყოფის, რუსეთის კასპიის ფლოტილიის სამხედრო-სადაზვერვო ორგანოს თანამშრომლებმა "დაავერბოვკეს” საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე. ორი-სამი წელი კონტაქტები შეწყდა, თუმცა 1993 წლიდან მათ განაახლეს საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება და გე-ერ-უსთვის მიწოდება. გამოძიების ცნობით სამივე ჯაშუშმა 1994 წელს ნოვოროსიისკში გაიარა ორკვირიანი სპეცმომზადება. მათ გადაეცათ რადიოსადგურები და ფული. საინტერესოა, რომ განაჩენის გამოტანის დღეს ბაქოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია მაშინდელი რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი, მაგრამ ვერაფრის შეცვლა ვერ მოახერხა: სამივე ჯაშუშს 10-11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თანაც რუსეთის სამხედრო დაზვერვა საქვეყნოდ გამოაჭენეს. ამის მიუხედავად ვლადიმერ პუტინი ჰეიდარ ალიევთან "მხურვალე მეგობრობის" დემონსტრირებას მაინც ახდენდა.

(პირველი ნაწილის დასასრული)