შვედური "მშვილდოსნებით" უკრაინელ არტილერისტებს რუსებთან ომში საოცრებების მოხდენა შეეძლებათ, რადგან... - კვირის პალიტრა

შვედური "მშვილდოსნებით" უკრაინელ არტილერისტებს რუსებთან ომში საოცრებების მოხდენა შეეძლებათ, რადგან...

შვედეთი, რომელიც დღედღეზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს, ფინეთთან ერთად, უკრაინისთვის ერთი მილიარდი შვედური კრონის (90 მლნ აშშ დოლარის) ღირებულების მორიგი დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელშიც შეიძლება მოხვდეს მსოფლიოს თანამედროვე საარტილერიო სისტემებს შორის ყველაზე უნიკალური და ძალიან მაღალი საბრძოლო შესაძლებლობების მქონე თვითმავალი საარტილერიო დანადგარები - Archer-FH77BW L52 -ებიც.

Archer-ი ქართულად ითარგმნება, როგორც მშვილდოსანი და ამ სიტყვას სრულად ამართლებს ის, რისი საბრძოლო შესაძლებლობებიც გააჩნიათ მსოფლიოს საარტილერიო სამყაროში ყველაზე გამორჩეულ ამ, შვედურ თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს.

2-arh-1666951937.jpg
„არჩერი“ მოქმედებაში...

  • პირველი - "არჩერი" არის მთლიანად ავტომატიზირებული თვითმავალი ჰაუბიცა, რომლის სროლის პროცესში ეკიპაჟი ფიზიკურ მონაწილეობას (ჭურვებისა და ჰილზების ხელით დატენვა) საერთოდ არ იღებს და ამიტომაც ეკიპაჟი მხოლოდ სამი კაცისგან - მეთაურისგან, ოპერატორისგან და მძღოლისგან შედგება, რომლებიც კარგად შეჯავშნულ კაბინაში დაცულად გრძნობენ თავს და თანაც საკმაოდ მოშორებით იმყოფებიან ჭურვებისა და ჰილზების მარაგისგან ანუ დაზღვეული არიან მათი დეტონაციის შემთხვევაშიც.
  • მეორე - "არჩერი" გამოირჩევა საოცარი მობილურობით. თავად განსაჯეთ: მის ეკიპაჟს მხოლოდ 30 წმ-ი სჭირდება, რომ სროლის დაწყების ბრძანების მიღებიდან გააჩეროს 30-ტონიანი ეს "მაქინა", დაიკავოს საცეცხლე პოზიცია და პირველი ჭურვი გაისროლოს! ასევე, მხოლოდ ნახევარი წუთი კმარა, სროლების დამთავრებისთანავე უსწრაფესად "აიბარგოს", რომ მოწინააღმდეგის კონტრსაბატარეო ცეცხლის "ლუკმა" არ გახდეს...
  • მესამე - ამ თვითმავალ ჰაუბიცას ავტომატური დატენვის მექანიზმში გასასროლად გამზადებული 155 მმ კალიბრის 21 ჭურვი და ჰილზაა განთავსებული, რომელთა მიზანში სასროლად "არჩერს" მხოლოდ... 2,5 წუთიც კი ყოფნის, მაშინ როდესაც ის თვითმავალი ჰაუბიცები, რომელთა დატენვა ხელით ხდება, ამდენივე ჭურვის გასასროლად ორ-სამჯერ მეტ დროს ხარჯავენ და შეიძლება, მოწინააღმდეგის საპასუხო საარტილერიო ცეცხლის სამიზნე გახდნენ...
  • მეოთხე - "არჩერს" 52 კალიბრის ანუ 8,06 მ სიგრძის ლულა უყენია, რაც ჩვეულებრივი 155 მმ კალიბრის მსხვრევად-ფუგასური ჭურვების მაქსიმალურ, 30 კმ-ზე გასროლის საშუალებას იძლევა, ხოლო აქტიურ-რეაქტიული ჭურვებისა (ასეთ ჭურვს ლულიდან გასროლის შემდეგ სარაკეტო ძრავაც ერთვება, რაც ზრდის სროლის მანძილს) კი - 40 კმ-ზე. რაც შეეხება M982 Excalibur-ის ტიპის მართვად ჭურვებს, მას "არჩერი" 60 კმ-ის სიშორეზე 3-5 მ-ის სიზუსტით "სვამს" მიზანში!
  • მეხუთე - "არჩერის" დანადგარი შექმნილია ცნობილი "ვოლვოს" ბაზაზე, გამოირჩევა განსაკუთრებული გამავლობით და ასფალტირებულ გზაზე მაქსიმალურ - 70 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, რაც გადამწყვეტია მისი მობილურობისთვის.

2014 წლიდან მოყოლებული, "არჩერები" შეიარაღებაში მხოლოდ თავად შვედეთის არმიას აქვს, 48 ერთეულის სახით და თუკი გამართლდა ხმები და შვედებმა მართლაც გადასცეს თავის არსენალიდან 12 ერთეული "არჩერი" უკრაინელ არტილერისტებს, მაშინ უკრაინაში შეჭრილ რუს ოკუპანტებს ნამდვილად კარგი დღე არ დაადგებათ, მათ შორის - ფრონტის ხაზის ზურგში, 30-50 კმ-ის სიღრმეშიც კი...