"ჰეიდარ ალიევი კი განაგრძობდა წინსვლას საბჭოთა ნომენკლატურულ კიბეზე, ის ყოველთვის ერთი საფეხურით უსწრებდა ქართველ კოლეგას" - კვირის პალიტრა

"ჰეიდარ ალიევი კი განაგრძობდა წინსვლას საბჭოთა ნომენკლატურულ კიბეზე, ის ყოველთვის ერთი საფეხურით უსწრებდა ქართველ კოლეგას"

აზერბაიჯანის ექს-პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ხანგრძლივი ცხოვრებიდან ჩვენთვის, გასაგები მიზეზების გამო, ყველაზე საინტერესო სპეცსამსახურებთან მისი ურთიერთობის ეპიზოდებია. ალიევმა, როგორც იტყვიან თავისი კარიერა კა-გე-ბეში თვითონ შექმნა. ნახიჩევანში უშიშროების ადგილობრივ ორგანოებში ყველა საფეხური გაიარა და ძლიერ ოპერატიულ თანამშრომლად ითვლებოდა. 1964 წელს აზერბაიჯანის სუკ-ის თავჯდომარის მოადგილედ, ხოლო 1967 წელს თავმჯდომარედ დანიშნეს. იმ პერიოდიდან მოყოლებული ალიევის მფარველად საკავშირო სუკ-ის თავმჯდომარე იური ანდროპოვი იქცა. ორი წლის შემდეგ ალიევი უკვე აზერბაიჯანის ცკ-ას პირველი მდივანია, რაც ასევე ანდროპოვის დამსახურება იყო. სტალინის ეპოქის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სპეცსამსახურების შეფი პარტიისა და ქვეყნის პირველ პირად "აირჩიეს”.

1972 წელს თითქმის ანალოგიური დანიშვნა განხორციელდა საქართველოშიც-შსს-ს მინისტრი ედუარდ შევარდნაძე საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი გახდა, რაშიც მას მილიციის საკავშირო მინისტრი, ბრეჟნევის პროტეჟე ნიკოლაი შჩოლოკოვი დაეხმარა. არავისთვის არ იყო საიდუმლო ანდროპოვსა და შჩოლოკოვს შორის არსებული დიდი დაპირისპირება. საბჭოთა მილიცია ანდროპოვს კორუფციის სათავედ მიაჩნდა (უნდა აღინიშნოს, რომ სამართლიანადაც. საბჭოთა კავშირის დაშლამდე სუკ-ი იყო კორუფციისაგან შედარებით ნაკლებად დაავადებული სტრუქტურა), მისი ბრძანებით მიმდინარეობდა კომპრომატების შეგროვება მილიციის მაღალჩინოსნებზე და მათი ოჯახის წევრებზე.

ჰეიდარ ალიევი კი განაგრძობდა წინსვლას საბჭოთა ნომენკლატურულ კიბეზე. ის ყოველთვის ერთი საფეხურით უსწრებდა ქართველ კოლეგას (უფრო ადრე გახდა პოლიტბიუროს წევრი, სოციალისტური შრომის გმირობის ერთით მეტი ვარსკვლავი ჰქონდა და ა.შ.).

ალიევის ბედის ვარსკვლავი კი მაშინ უფრო აკაშკაშდა, როცა 1982 წლის ბოლოს ანდროპოვი საბჭოთა კავშირის ლიდერი გახდა. სულ მალე ალიევი პოლიტბიუროს წევრად "აირჩიეს” და საკავშირო მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პირველ მოადგილედ გადაიყვანეს მოსკოვში. ნათელი იყო - ანდროპოვი ალიევს საბჭოთა იმპერიის მეორე კაცად - სსრკ მინისტრ-თა საბჭოს თავჯდომარედ ამზადებდა.

ამის პარალელურად დაიწყო რეპრესიები შჩოლოკოვისა და მისი პროტეჟეების მიმართ. მძიმე ავადმყოფობის გამო ანდროპოვი გენსეკად არჩევიდან ექვსი თვის შემდეგ კრემლის საავადმყოფოში მოათავსეს. საიდანაც არც გამოსულა და 1984 წლის 9 თებერვალს გარდაიცვალა. საბჭოთა კავშირის ლიდერად გორბაჩოვის არჩევის შემდეგ დაიწყო ფარული ზეწოლა ჰეიდარ ალიევიზე, მოთხოვნა ერთი იყო: ის უნდა გადამდგარიყო პოსტიდან და გასულიყო პენსიაზე. ალიევი კი ჯიუტობდა. წაიკითხე სტატია სრულად