"შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, სამივე მონათესავე სულები არიან" - ლევან იოსელიანი ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიაზე - კვირის პალიტრა

"შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, სამივე მონათესავე სულები არიან" - ლევან იოსელიანი ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიაზე

უკვე გვაქვს გამოცდილება, რომ ასეთი გაერთიანებები არანაირ შედეგს არ იძლევა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარტიების “გირჩი-მეტი თავისუფლების“, “სტრატეგია აღმაშენებლისა“ და “დროას“ გაერთიანების თაობაზე საუბრისას განაცხადა.

ლევან იოსელიანის თქმით, სამივე - გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია ერთი წიაღიდან არიან გამოსული და „მონათესავე სულები“ არიან.

„ჯერ კიდევ სკოლაში გვასწავლეს, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაშიც ამასთან გვაქვს საქმე, რადგან საბოლოო ჯამში ეს სამივე ადამიანი მონათესავე სულები არიან, ერთი წიაღიდან მოდიან. ადამიანებს, ვისაც ცვლილებები სურს, არ სჯერა, რომ ესა ხალხი, ვინც ერთი წიაღიდან მოდის, რომლებიც ხან ერთიანდებიან, მერე იშლებიან, მათ შეუძლიათ რაღაც სერიოზული ცვლილებები გამოიწვიონ ამ ქვეყანაში. ჩვენ ხომ ვნახეთ თვითმმართველობის არჩევნებზე რამდენი პარტია გაერთიანდა, სხვებიც კი დაიმატეს, მაგრამ ამან იქონია ის ეფექტი, რაც უნდა ჰქონოდა? მით უმეტეს დაანონსებული იყო რეფერენდუმი და რაღაც ათასი სიგიჟე კიდევ. ხომ არ გამოვიდა? ამიტომ უკვე გვაქვს გამოცდილება, რომ ასეთი გაერთიანებები არანაირ შედეგს არ იძლევა. ეს ადამიანები ყველანი რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდნენ ისევ ან „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ამათ დაემატოთ, საბოლოო ჯაში მათი ამომრჩეველი არ გაიზრდება. ეს არის შეზღუდული ამომრჩეველი, რომელსაც ერთმანეთში თუ გადაინაწილებენ თორემ დამატების რესურს მე ვერ ვხედავ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის თქმით, საუბრები ცვლილებებზე, ცხელ შემოდგომასა თუ რევოლუციაზე მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებია.

"გიორგი ვაშაძე უკვე წლებია აანონსებს ხან რაღაც ცვლილებებს, ხან ცხელ შემოდგომებს, რევოლუციებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის მხოლოდ ხმამაღალი განცხადებები. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკის დამახასიათებელი თვისება არის ის, რომ ხმამაღალი განცხადებების იქით არასოდეს საქმე არ მიდის. საგამოძიებო კომისიები დაანონსდა, ორი კვირა მედია მარტო ამაზე ლაპარაკობდა, სხვა საერთოდ თემა არ იყო, რომ მოვლენ საგამოძიებო კომისიის ავტორები დაუსვით კითხვა, რას შვება ეს საგამოძიებო კომისია?“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

"ინტერპრესნიუსი"